დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ვერასდროს იპოვი ცისარტყელას, თუ მუდამ ქვევით იყურები – ჩარლი ჩაპლინი 16.04.2021 11:00

დაიბადების თარიღი – 1889 წელი, 16 აპრილი;

 

დაბადების ადგილი – ლონდონი, ინგლისი;

 

მშობლები – ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი უფროსი, ჰანა ჩაპლინი;

 

სრული სახელი და გვარი – სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი უმცროსი;

 

ჩარლის ბავშვობა სიღარიბით, გაჭირვებით და ხელმოკლეობით აღსავსე იყო. მისი ოჯახური მდგომარეობა პატარა ჩარლის კარგ მომავალს არ ჰპირდებოდა. უმცროსი ჩაპლინის დაბადებიდან სამი წლის შემდეგ ჩარლის მშობლები ერთმანეთს გაცილდნენ, იმავე წელს ჰანა ჩაპლინმა ჯორჯ ვილერ დრიდენისგან ბავშვი გააჩინა, რომელიც 6 თვის ასაკში მამამ წაიყვანა გასაზრდელად, ჩაპლინი მას პირველად მხოლოდ 30 წლის შემდეგ შეხვდა.

 

პატარა ჩარლი და მისი უფროსი ძმა დედასთან იზრდებოდნენ, თუმცა ამან დიდხანს ვერ გასტანა. ჰანა ჩაპლინი, ისევე როგორც ჩარლის მამა, მიუზიკ-ჰოლის მსახიობი იყო. ერთ-ერთი გამოსვლის დროს ჰანას ხმა წაერთვა, მართალია ის გამოსვლა პატარა ჩაპლინმა გადაარჩინა, მაგრამ ჰანამ საქმიანობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. პირადი ტრაგედიისგან ჰანას ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, სარეაბილიტაციოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამ პერიოდში ბავშვები მამასთან იზრდებოდნენ. მაგრამ დიდხანს ვერც მამასთან ხოვრება გაგრძელდა, უფროსი ჩაპლინი 1901 წელს ლოთობისგან გარდაიცვალა. ბავშვები გამოჯანმრთელებულ დედასთან დაბრუნდნენ, მაგრამ ხანგრძლივი არც ეს დაბრუნება აღმოჩნდა. უმუშევარმა, ხმაწართმეულმა, უუნარო ჰანამ ვერც გამოჯანმრთელების შემდეგ შეძლო ბავშვების რჩენა. თვითონ ლამბეთის თავშესაფარში გაემგზავრა, უპატრონოდ დარჩენილი ბავშვები კი ობოლთა თავშესაფარში მოხვდნენ.

 

საშინელმა სიღარიბემ და გაჭირვებამ ჩარლი 5 წლის ასაკში აიყვანა სცენაზე. სწორედ მაშინ, როცა ჰანას გამოსვლის დროს ხმა წაერთვა. ამის შემდეგ, შეიძლება თქვას, ჩარლის მოსვენება ერთი წამით არ ჰქონია. 1898 ჩარლი ბავშვთა საცეკვაო ჯგუფში მოხვდა, 1903 წელს პირველი მუდმივი შემოსავლის წყარო ოპოვა – თეატრში დაიწყო მუშაობა. მანამდე არაერთ ადგილას მუშაობდა, არ თაკილობდა არაფერს, დამლაგებელიც კი იყო გარკვეული პერიოდი, თუმცა პატარა ასაკის გამო დიდხანს არსად აჩერებდნენ.

 

ჩარლის პირველი სპექტაკლი „შერლოკ ჰოლმსი“ იყო, რომელშიც პაჟის, ბილის, როლს ასრულებდა. იმის გამო, რომ ჩარლის საშუალო განათლებაც კი არ ჰქონდა, პრობლემები ექმნებოდა, როლის სწავლასთან დაკავშირებით. გამართულად კითხვაც არ შეეძლო, უფროსი ძმა ეხმარებოდა, სცენარს უკითხავდა, ჩარლის კი მისი დაზეპირება უწევდა.

 

სამსახიობო კარიერა 1908 წლიდან ფრედ კარნოს სამსახიობო დასით იწყება. 1910-12 წლებში ჩარლი დასთან ერთად ამერიკის ტურნეში გაემგზავრა. 1913 წელს მაკ სენეტიმ ჩარლისთან კონტრაქტი გააფორმა და კინოსტუდია „კისტოუნში“ გადასაღებად მიიწვია. მისი პირველი ფილმია 1914 წელს გამოშვებული “ცხოვრების სახსარი“. „კისტოუნიდან“ ჩარლი მალევე წამოვიდა და „ესენეის სტუდიაში“ გადავიდა.

 

ჩარლის კარიერაში არაერთი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული. თავისი ფილმებისთვის თავად იყო რეჟისორი, სცენარისტი, მუსიკის ავტორი, მთავარი როლის შემსრულებელი და პროდუსერი. მისი ფილმები ხელოვნების ნიმუშებად არის აღიარებული და უამრავ მაყურებელს დღესაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

 

პირველი ამერიკული ტურის შემდეგ ჩარლი შტატებში დასახლდა, კარიერის განმავლობაში მხოლოდ სამი ტური მოაწყო ევროპაში, 1921, 1931 და 1936 წლებში. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან შვეიცარიაში გაატარა, სადაც 1977 წელს შობას, 25 დეკემბერს, გარდაიცვალა.

 

ჩაპლინი თავისი ბიოგრაფიით კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ადამიანის შესაძლობლებს საზღვარი არ აქვს, მთავარი მონდომება, დაუღალავი შრომა და რწმენაა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ