დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

როდის დაიწყება საქართველოში კოვიდ პასპორტების გაცემა 10.06.2021 13:17

“კორონავირუსულ პანდემიას მსოფლიო უკვე წელიწადნახევარია ებრძვის და დღეის მდგომარეობით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები აშშ-ში, ინდოეთსა და ბრაზილიაშია. რაც შეეხება საქართველოს, მესამე ტალღა დაძლეულია, თუმცა, ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი 800-ის ფარგლებშია. კრიტიკულ ნიშნულზეა ლეტალობაც - ანალიტიკოსების აზრით მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადრებოა და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ჯერჯერობით, ეპიდსიტუაცია არ იძლევა საშუალებას, რომ ღია სივრცეებში პირბადის ტარება მოვხსნათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. რაც შეეხება ღამით გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას, მან განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა იყო, თუმცა, ეპიდვითარებაზე დაკვირვება დაახლოებით 2 კვირის მანძილზე კიდევ უნდა მოხდეს და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როდის დაიწყება საქართველოში კოვიდ პასპორტების გაცემა / “კოვიდ პასპორტს QR კოდი აქვს, სადაც წერია როდის ხართ აცრილი და რა ვაქცინით, შეგეძლებათ “ბუკინგი” გააკეთოთ იმ აპლიკაციიდან, რომელიც მალე გაეშვება”.

 

“რაც შეეხება საყოველთაო ვაქცინაციას, გამყრელიძის განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში ივლისიდან “ამცრელი სივრცეები” ჩამოყალიბდეს. მოსახლეობის აცრა მოხდება დიდ სივრცეებში, მათ შორის პავილიონებში, მოლებში და სპორტულ დაწესებულებებში. “ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში მინიმუმ 3 ან 4, დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო. კარვებზე საუბარი არ არის, საუბარია უფრო დიდ სივრცეებზეა, მაგალითად თბილისში აქტიურად ვმუშაობთ “ექსპო ჯორჯიასთან” მათი პავილიონების გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე ვმუშაობთ “ჰუალინგის ცენტრთან”, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია და მოლებთან, რომ იყოს ამ ტიპის ცენტრები გაშლილი. ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ეს იქნება როგორც ონლაინ დაჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგებით”, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ეპიდემიოლოგი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ არსებული ეპიდმდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მონაცემები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვდუნდეთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ყველაფერი პირველ რიგში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ანალიზი კეთდება, მეორე ის, რომ ხალხი აშკარად მოეშვა, ქუჩებში თავისუფლად მოსიარულე ხალხს ვნახულობ, რომლებსაც პირბადე არ უკეთიათ და მაღაზიებშიც ასე შედიან - ეს გარკვეულწილად მოქმედებს. თუმცაღა, 800-ის ფარგლებში შემთხვევები ამ პერიოდისთვის ბევრი არაა და მდგომარეობა სტაბილურია და საგანგაშო არაა. უბრალოდ მოსახლეობამ უნდა შეიგნოს, რომ ჯერ არაფერი არ დამთავრებულა, ყველას ასე ჰქგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა - მაპატიონ, მაგრამ თავს აცრილებმაც უნდა მიხედონ, რადგან არის შემთხვევები, როცა მათაც კოვიდი ისევ ემართებათ. ნებისმიერი პანდემიის პირველი მტერი და გარდამტეხი, ესაა ეპიდემიოლოგიური თავდაცვა, მოსახლეობის თვითშეგნების ამაღლება და რასაკვირველია - პირველ რიგში აცრა, მაგრამ აცრასაც თავისი ვადები აქვს და სადღაც მისი დაცვაც უნდა მოხდეს. ვაქცინირებულმა ადამიანმა პირბადე არ უნდა მოიძროს და თავისუფლად არ უნდა იაროს, რადგან აცრა 100%-იან თავდაცვას არ ნიშნავს, ის ნიშნავს საავადმყოფოში არ მოხვედრას და სიკვდილს გადარჩენას, თორემ ის, რომ მას დაავადება არ დაემართება, აცრა ამას არ ნიშნავს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

 

“ჯენერმა თავის დროზე ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოიგონა და ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მსოფლიოში ყვავილი განადგურებულიყო, მაგრამ, საქმე ისაა, რომ მისი მუდმივი და თუნდაც შეძენილი აქტიური იმუნიტეტი სიცოცხლის ბოლომდე რჩება. კორონავირუსს კი ასე არ აქვს, რომ აცრა გაიკეთო, იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს და მთელი ცხოვრება გაგყვეს, ესაა ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც მთელს მსოფლიოს ამ ვირუსთან ბრძოლა უჭირთ. დღეს მაგალითად ინდოეთში აცრის რიგში კი არადა ჟანგბადის რიგში დგანან, რომ ისუნთქონ. წესით, საქართველომ შვება მალე უნდა იგრძნოს, რადგან ჩვენ ბევრნი არ ვართ, მთავარია, რომ გარედან ინფიცირებულები არ შემოვიდნენ და მეორე - ხალხის თვითშეგნება ავამაღლოთ, ზოგიერთს რატომ არ ეშინიათ არ მესმის, მარტო ოთხშაბათს კოვიდით 31 კაცია გარდაცვლილი, ეს სახუმარო არაა”, - განაგრძობს ეპიდემიოლოგი.

 

“ეს დაავადება მეც შემხვდა და ჩემი თვალით ვნახე რა უბედურებაა. ამიტომაც ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, განსაკუთრებით მედიის მხრიდან, რომ კი არ შევაშინოთ და დაპანიკოთ, არამედ მაქსიმალურად მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ადამიანები მოხვდნენ, რომ თუ სწორად მოიქცევიან, ყველაფერი კარგად იქნება. არა მხოლოდ ჟურნალ-გაზეთებში, არამედ ტელევიზიებში კორონავირუსზე გადაცემებია საჭირო, აქტიური ჩართვებით, თუნდაც ისეთი ზოგადი კადრიც რომ იყოს - მაგალითად, როგორიცაა “მოწევა კლავს”, სადაც აღბეჭდილია ხელოვნურ სუნთქვაზე შეერთებული ადამიანის ზოგადი კადრი. ასეთი სურათებიც კი ინფორმაციის მიწოდების კარგი საშუალება იქნება. რაღაცნაირად უნდა გავაგონოთ ხალხს სწორი ინფორმაცია, რადგან თავის თავს თუ არ უფრთხილდება, სხვას მაინც გაუფრთხილდეს”, - დაასკვნის ხმალაძე.

 

“რაც შეეხება კოვიდპასპორტების გაცემას საქართველოში, “რეზონანსს” ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ ჯერჯერობით მისი გაცემა არ დაწყებულა, საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ე.წ. კოვიდ პასპორტში მითითებული იქნება თუ როდის და რომელი ვაქცინით აიცრა ადამიანი, ასევე აღნიშნული იქნება ინფორმაცია იმ შემთხვევაში თუ ადამიანმა კორონავირუსი უკვე გადაიტანა. “ე.წ. კოვიდ პასპორტს QR კოდი აქვს, სადაც წერია როდის ხართ აცრილი და რა ვაქცინით, არის ქართულად და ინგლისურად. ამავე დროს დაემატება ორი კომპონენტი, შეგეძლებათ „ბუკინგი" გააკეთოთ იმ აპლიკაციიდან, რომელიც მალე გაეშვება ალბათ და ასევე თუ გქონდათ კოვიდი, როდის გქონდათ დადასტურებული, ბოლოს PCR ტესტი როდის გაიკეთეთ. მიჩნეულია, რომ მინიმუმ 6 თვე მაინც აქვს ადამიანს ანტისხეულები ვირუსის გადატანის შემდეგ და ის იცავს მას, ამიტომ, თუ ბოლო 6 თვეში ვირუსი გადატანილი გაქვთ, დაახლოებით იგივე შეღავათებით სარგებლობთ”, - განაცხადა გამყრელიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ