დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

განსაზღვრავს თუ არა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას გენეტიკა 10.06.2021 13:29

ბევრ განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 80 წელია. ზოგიერთი ინდივიდი გაცილებით დიდხანსაც ცოცხლობს — ყველაზე ხანდაზმულმა ადამიანმა 122 წელიწადს იცოცხლა.

 

მართალია, სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობა ინდივიდებს შორის დრამატულად ცვალებადია. რაში იმალება დღეგრძელობის საიდუმლო? სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვენს დნმ-შია ჩაშიფრული თუ ჩვენივე ცხოვრების წესი განსაზღვრავს?

 

პლატფორმა Metafact.io-მ დაბერების, უჯრედული ბიოლოგიისა და გენეტიკის 11 ექსპერტს მიმართა კითხვით: „არის თუ არა სიცოცხლის ხანგრძლივობის ძირითადი განმსაზღვრელი გენეტიკა?“ გთავაზობთ მათ დასკვნებს.

 

სიცოცხლის ხანგრძლივობის რასთან შედარებით?

 

ამ კითხვაზე ექსპერტებს ორი სხვადასხვა ინტერპრეტაცია აქვთ:

 

1) განსაზღვრავს თუ არა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას სხვა სახეობების ამავე მაჩვენებელთან შედარებით ძირითადად გენეტიკა?

 

2) არის თუ არა ზოგიერთი ინდივიდის სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვა ინდივიდებთან შედარებით, ძირითადად გენეტიკით განსაზღვრული?

 

გენეტიკა განსაზღვრავს სახეობათშორის სიცოცხლის ხანგრძლივობას

 

სხვადასხვა ცხოველს ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებული სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს. გრენლანდიური ზვიგენი 400 წლამდე ცოცხლობს, მწერების ზოგიერთი სახეობა კი მხოლოდ 5 წუთს. ასეთი სხვაობის მიზეზი გენეტიკაა.

 

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის დაბერების ექსპერტი, პროფესორი დევიდ ჯემსი აღნიშნავს, რომ პასუხი კითხვაზე, განსაზღვრავს თუ არა ადამიანის, როგორც სახეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზედა ზღვარს ძირითადად გენეტიკა — არის „თითქმის გადაჭრით კი“. მაგალითად, ადამიანთა სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა დაახლოებით ორჯერ მეტია ჩვენი უახლოესი ნათესავი უმაღლესი პრიმატების, შიმპანზეებისა და გორილების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

 

ადამიანებში ცხოვრების სტილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გენეტიკა

 

პროფესორ ჯემის განცხადებით, თუ ვინმე იკითხავს: განსაზღვრავს თუ არა ინდივიდუალურ ადამიანებს შორის სიცოცხლის ხანგრძლივობას ძირითადად გენეტიკა, პასუხი იქნება — „უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა“. ექსპერტთა უმეტესობა დოქტორ ჯემს ეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკა სიცოცხლის ხანგრძლივობაში დიდ როლს ასრულებს, ნამდვილად არ არის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი.

 

დაბერების საწინააღმდეგო მეცნიერებისა და უჯრედული ბიოლოგიის ექსპერტი, პროფესორი დეიმ ჯენეტ თორნტონი აღნიშნავს, რომ გენეტიკაზე ამ ეფექტის 30 პროცენტზე ნაკლები მოდის, მაგრამ ისიც მართალია, რომ ზოგიერთ ოჯახში სიცოცხლის ხანგრძლივობა საკმაოდ მაღალია.

 

ძნელია იმის განსაზღვრა, ზოგიერთ ოჯახში ბევრი ხანდაზმულის არსებობა გენეტიკით არის განსაზღვრული თუ გარემოთი, რადგან ხშირად, ოჯახის წევრების კვების რაციონი და ცხოვრების სტილი ერთნაირია. ამ საკითხზე ბევრი რამის თქმა შეუძლია ამ ადამიანთა დნმ-ის შესწავლას.

 

ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის ონკოლოგიის პროფესორის, კინ პარკინსონის განცხადებით, ბევრი მეცნიერი ამაში გარკვევას 100 და 110 წელს გადაცილებულ ადამიანთა დნმ-ის სეკვენირებითა და გენომის ანალიზებით ცდილობს.

 

ცხოვრების სტილის ეფექტი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე აშკარაა მაშინ, როდესაც ვაკვირდებით, რამდენად გაიზარდა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ბოლო ასწლეულების განმავლობაში; ამის მიზეზი კი არის მეტი წვდომა სუფთა წყალზე, საკვებსა და სამედიცინო სერვისებზე.

 

ამავე დროს, ცნობილია ისიც, რომ კალორიების მიღების შემცირება, ადამიანებში შეიძლება კავშირში იყოს სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. ცხოვრების სტილის კიდევ ერთი ფაქტორია ვარჯიში. დადგინდა, რომ მსუბუქი, დღეში 15-წუთიანი ვარჯიშიც კი, სიცოცხლის ხანგრძლივობას დაახლოებით სამი წლით ზრდის.

 

ინდივიდუალურ ადამიანებში სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს გენეტიკა, მაგრამ არა გადამწყვეტად. ექსეტერის უნივერსიტეტის გენეტიკისა და უჯრედული ბიოლოგიის პროფესორის, ლორნა ჰარისის განცხადებით, გენეტიკას შეუძლია დიდხანს გაცოცხლოთ, მაგრამ ამის განსახორციელებლად შესაფერისი ქმედებებიც გჭირდებათ.

 

შეჯამება

 

ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის არსებული სხვაობები უმთავრესად გენეტიკით არ არის განპირობებული. დღეგრძელობის მთავარი საიდუმლო შეიძლება იყოს რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი კვება.

 

მომზადებულია Metafact.io-ს მიხედვით.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ