დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

თბილისის „დინამო“ ბერლინის ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა 13.01.2020 00:17

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დასრულებული ლეგენდების თასის ფინალში თბილისის "დინამოს" ვეტერანთა გუნდი "ჰერტას" შეხვდა, 2:5 დამარცხდა და ტურნირი ვიცე-ჩემპიონის რანგში დაასრულა...


თბილისის "დინამო" ტრადიციულ საფეხბურთო ტურნირში სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა. ჩვენმა გუნდმა პირველ სათამაშო დღეს A ჯგუფში 2 შეხვედრა გამართა - "ლევერკუზენთან" 4:2 გაიმარჯვა (ალექსანდრე იაშვილ-2კახა კალაძეოთარ მარცვალაძე), ხოლო "დორტმუნდთან" 2:3 (ალექსანდრე იაშვილი, ლაშა სალუქვაძე) დამარცხდა.

 

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში "დინამო" გელზენკირხენის "შალკეს" შეხვდა. ჯგუფიდან გასასვლელად ქართველებს მოგება სჭირდებოდათ. ანგარიში კახა კალაძემ გახსნა, მალე ალექსანდრე იაშვილმა მეორედ აიღო მეტოქის კარი. ამას კალაძის მეორე გოლი მოჰყვა და "დინამო" პირველივე წუთებიდან სოლიდური უპირატესობით დაწინაურდნა. ტურნირის სტუმრები ამას არ დასჯერდნენ და მეტოქის კარში კიდევ 3 გოლი შეაგდეს - ოთარ მარცვალაძისა და დავით კვირკველიას გოლების შემდეგ დუბლი იაშვილმაც შეასრულა.

 

საბოლოოდ, თბილისის "დინამომ" 6:3 გაიმარჯვა და ნახევარფინალში პირველი ადგილით გავიდა, რადგან A ჯგუფის ლიდერი "დორტმუნდი" მოულოდნელად დამარცხდა "ლევერკუზენთან" მეორე ადგილზე გავიდა. ნახევარფინალში "დინამო" "ვერდერს" დაუპირისპირდა. თავიდან გერმანელები დაწინაურდნენ. "დინამო" სულაც ორჯერ იყო მდევრის როლში, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა - ანგარიში პირველად იაშვილმა გაათანაბრა, მერე - კალაძემ, რომელმაც მალე დუბლი შეასრულა, "დინამო" პირველად დააწინაურა და პირველი ტაიმი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა - 3:2.

 

კალაძემ მეორე ტაიმში მესამეც გაიტანა და ჰეთ თრიკი მიითვალა, ხოლო იაშვილმა - დუბლი. საბოლოოდ, "დინამომ" 5:2 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა. საინტერესოა, რომ თბილისელთა მეხუთე გოლზე ბერლინის "მაქს შმელინგ ჰალში" ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მელოდიის ("დინამო!","დინამო!") ინტერპრეტირებული ვარიანტი ააჟღერეს...

 

თბილისელები გადამწყვეტ შეხვედრაში ბერლინის "ჰერტას" შეხვდნენ, რომელიც ტურნირის ფავორიტი იყო და საკუთარ "კედლებში" თამაშობდა. B ჯგუფში ბერლინელებმა სამივე მატჩი მოიგეს და პირველ ადგილზე გავიდნენ, ნახევარფინალში კი "დორტმუნდს" სძლიეს. სამწუხაროდ, პირველ დღეს მიღებული ტრავმის გამო ლევან კობიაშვილმა ტურნირის მეორე დღე მთლიანად გამოტოვა.

 

ფინალში ბერლინელებმა პირველი ორი გოლი სწრაფი კონტრშეტევებით გაიტანეს. ალექსანდრე იაშვილმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ "ჰერტამ" უპირატესობა მაინც გაზარდა, ლევან ცქიტიშვილმა კი მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა. საბოლოოდ, "ჰერტამ" 5:2 მოიგო და ლეგენდების თასის მფლობელი გახდა. შესაბამისად, მეორე ადგილი ერგოთ თბილისის "დინამოს" ლეგენდებს, მაგრამ მარტო ეს არა...

 

მეორეადგილოსანი გუნდის კაპიტან კახა კალაძეს ორგანიზატორებმა სპეციალური თასი გადასცეს. ამას გარდა, დინამოელები ტურნირის ორგანიზატორებმა კიდევ სამი პრიზით დააჯილდოვეს - ალექსანდრე იაშვილი საუკეთესო ბომბარდირი (8 გოლი) გახდა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს, ხოლო გიორგი ლომაია საუკეთესო მეკარე გახდა დორტმუნდელ რომან ვაიდენფელერთან ერთად.

 

 

 

 

 

lelo.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ