დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

1948 წლის 15 მარტს  დაიბადა ლევან თედიაშვილი -  ქართველი მოჭიდავე (თავისუფალი სტილი). სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად. ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი „ხარება და გოგია“, რომელშიც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებდნენ. 

 

ალბათ, ყველას გვინახავს მხატვრული ფილმი ტყის ძმებზე - გიორგი შენგელაიას "ხარება და გოგია". მთავარ როლებს სახელოვანი სპორტსმენები ასრულებენ: გოგია კენკიშვილს - ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი, ხარება ჯიბუტს - ველოსპორტში 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, სპრინტში მსოფლიოს ჩემპიონატების სამივე სინჯის მედლის მფლობელი, საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი ომარ ფხაკაძე.

 

1965 წელს ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანში ველომრბოლთა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ომარმა საფრანგეთის სიამაყე, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი დანიელ მორელონი (ამ ლეგენდარულმა სპორტსმენმა კარიერაში ოლიმპიური თამაშების ხუთი (სამი ოქროსი) და მსოფლიოს ჩემპიონატების 16 (რვა ოქროსი) მედალი მოიპოვა) დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ ჯოვანი ტურინის სძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

 

ეს იყო საბჭოთა ველოსპორტის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, რადგან მანამდე ამგვარ სიმაღლეს არავინ შესწვდენია. ქართველმა სპორტსმენმა იტალიელი და ფრანგი სპრინტერების ჰეგემონია დაამხო. იმავე წელს ჟურნალისტებმა ომარ ფხაკაძე საბჭოთა კავშირის #1 სპორტსმენად დაასახელეს.

 

თუმცა, ქართველ ველოსიპედისტს ყველაზე დიდი აღიარება ესპანეთშივე ერგო: 10 სექტემბერს, როცა სან-სებასტიანში მან ფინალური შეხვედრა მოიგო, მისგან ძლეულ იტალიელს სამშობლოდან აცნობეს, ვაჟიშვილი შეგეძინაო. ტურინი ვაჟკაცი იყო და ვაჟკაცობის დამფასებელი - თავის ახალშობილ ყრმას ომარი დაარქვა...

 

ბატონ ომარ ფხაკაძეზე სხვა დროს მოგითხრობთ. ახლა კი "ხარება და გოგიას" გვინდა მივუბრუნდეთ და მის ერთ-ერთ მთავარ გმირს - ლევან თედიაშვილს, რომელსაც 15 მარტს 70 წელი შეუსრულდება.

 

1987 წელს სახელოვანმა კინორეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ტყის ძმებზე ფილმის გადაღება გადაწყვიტა და მთავარ როლებში ტიტულოვანი სპორტსმენების მიწვევა გადაწყვიტა. დასაყოლიებლად კაკაბეთში ჩააკითხა ლევან თედიაშვილს - 6.000 მანეთს მოგცემო ჰონორარს. იმ დროისთვის ეს ურიგო თანხა არ იყო. ბატონი ლევანი მაშინ ამ სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარე გახლდათ. სეიფიდან 8.000 მანეთი გამოუღია და გიორგი შენგელაიასთვის უთქვამს - ა, ბატონო, მე უფრო მეტს მოგცემთ, ოღონდ თავი დამანებეთო.

 

 

 

ვერ ეტყოდა თუ რა - პირდაპირი და პირში მთქმელი კაცია ბატონი ლევანი და ყოველთვის იმას ამბობს და აკეთებს, რასაც ფიქრობს. ომარ ფხაკაძეც არ იყო თანახმა ფილმში მონაწილეობაზე, მაგრამ საქმეში ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი ჩაერია და... მოგვიანებით გიორგი შენგელაია იტყვის, ნამდვილი ვაჟკაცები მჭირდებოდა, მსახიობები კი ასეთები ვერ იქნებოდნენო.

 

ფილმში ხარებას ძმის - სიმონას როლს ანსახიერებს ცნობილი მწერალი, მრავალი პრემიის ლაურეატი, სპორტული ჟურნალისტი ნუგზარ შატაიძე, რომელიც, სამწუხაროდ, 64 წლისა გარდაიცვალა. გასული საუკუნის 80-იან წლებში იგი გაზეთ "ლელოში" მუშაობდა. თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. ხშირად ყვებოდა ფილმის გადაღებასთან დაკავშირებულ ეპიზოდებს, განსაკუთრებით ლევან თედიაშვილის ოინებს იხსენებდა.

 

ზოგი რამ მან ლეგენდარული ფალავნისადმი მიძღვნილ ნარკვევშიც გამოიყენა. გადაღებებისას ჩვენ ერთგვარად შებოჭილები ვიყავით, ლევანი კი, მუდამ ღიმილიანი და ოხუნჯობის ხასიათზე მყოფი, თავს ისე გრძნობდა, თითქოს მთელი ცხოვრება სცენაზე გაეტარებინოსო, ამბობდა.

 

არც გაგვკვირვებია, რადგან ლევან თედიაშვილის ხალიჩაზე თითოელი გასვლა ხომ ერთ წარმოდგენად ღირდა: მხრებგაშლილი, შუბლგახსნილი და ღიმილიანი ვეფხვივით აეტოტებოდა მეტოქეს, ზოგს კი კატათაგვობანას ეთამაშებოდა ორთაბრძოლისას. მისმა ღიმილმა ბევრ სახელოვან ფალავანს გამოაცალა ფეხქვეშ საყრდენი...

 

ისევ გამექცა კალამი... მოდით, სულმნათ ნუგზარ შატაიძის მონათხრობს მივადევნოთ თვალი - ბატონი ლევანი გადაღებების შემდეგ ქეიფისთვის ყოველთვის პოულობდაო საბაბს:

 

"თეთრ "ნივაში" ვსხდებით და ქვემოთ მივჯაყჯაყებთ.

 

საეჭვოდ გამხიარულებული ლევანი იცინის, ცქმუტავს, ადგილზე ვერ ისვენებს...

 

ჩავდივართ კაკაბეთში. იქ დაბარებულივით მივადექით ერთ სახლს და მანქანიდან გადავდივართ...

 

სახლიდან ჩამიჩუმი არ ისმის...

 

ლასტებით შემოღობილ ბაკში ექვსი თუ შვიდი ბატკანი მიჰხუტებია ერთმანეთს. ლევანი მე მიყურებს.

 

- აბა, რომელი წავიყვანოთ?

 

ყველაზე მოზრდილს ვირჩევ"...

 

სახლის პატრონს ბარათი დაუტოვა - "ლევანამ წავიყვანე". ბატკანი მანქანაში ჩასვა და... საგარეჯოს დაბურულ ტყეში შუაღამემდე ისმოდა მოქეიფეთა სიმღერა და მაუზერების ბათქაბუთქი.

 

ერთი ეპიზოდიც ბატონი ნუგზარის მონათხრობიდან: ფილმში არის ასეთი სცენა - ხარება და გოგია თავისი ბიჭებით ციხეს დაეცემიან და ხარებას ძმას ათავისუფლებენ. ციხის ეზოში მას ტყვია ხვდება. "ომარი მხრებში ხელს მავლებს და გალავნისკენ მიმათრევს, - წერს ნუგზარ შატაიძე. - მე ვწევარ, მკვდარს ვთამაშობ. ამ დროს კადრში შემორბის მაუზერმომარჯვებული ლევან თედიაშვილი და ყვირის: დროზე, ბიჭო, დროზე, გაცივდა ხაშლამა!.. ის დუბლი გაგვიფუჭდა".

 

დუბლი კი გაფუჭდა, მაგრამ საბოლოოდ შესანიშნავი ფილმი გამოვიდა. ტაშკენტის მსოფლიო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ლევან თედიაშვილს "ოქროს არჩა" გადასცეს. ეს ჯილდო დღეს მის სპორტულ კოლექციას ამშვენებს...

 

ავტორ(ებ)ი : http://lelo.ge/

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ