დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„კავკასიური მანევრები: როგორც ცდილობს საქართველო ნატოში გაწევრიანებას“ 13.03.2020 12:36

რუსეთის პოპულარულ ყოველდღიურ გაზეთ „იზვესტია“-ში («Известия») გამოქვეყნებული სტატია სათაურით „კავკასიური მანევრები: როგორც ცდილობს საქართველო ნატოში გაწევრიანებას“ (ავტორი - იგორ კარმაზინი).

 

„საქართველო ნატოში შესვლა სურს, მაგრამ ნატოს საქართველოში - არა. კავკასიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 18 წლის წინ სთხოვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის წევრებს თავიანთ რიგებში მიღება, მაგრამ თბილისი გადაწყვეტილებას დღემდე ელოდება. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ამ მხრივ ქვეყანში ბოლო დროს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: პირველი - ნატომ თბილისში სამეთაურო პუნქტის მშენებლობა დაიწყო და მეორე - საქართველო მიუერთდა ალიანსის კიბერუსაფრთხოების პლატფორმას“, - ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორი მკითხველს ნატო-საქართველოს ურთიერთობებში სიტუაციის განვითარებას აცნობს.

 

„ძნელია ნატოში გაწევრიანება“, - ასეთი ქვესათაური აქვს პუბლიკაციის იმ ნაწილს, რომელშიც გადმოცემულია თბილისის გარეუბანში ალიანსის სამეთაურო პუნქტის მშენებლობასთან დაკავშირებული ამბები, რომლის ფუნდამენტში „პირველი ქვის“ ჩადების ცერემონიაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონაწილეობდა. სამეთაურო-სასწავლო ცენტრი ექსპლოატაციაში 2022 წლისათვის უნდა შევიდეს. იმ დროისთვისაა დაგეგმილი პირველი სამხედრო სწავლებების ჩატარებაც. მეორე მომენტი, რაზედაც სტატიაში ყურადრებაა გამახვილებული, ისაა, რომ საქართველო მიუერთდა ნატოს კიბერნეტიკული უსაფრთხოების პლატფორმას, რომლის ჩარჩოებში შესაძლებელი იქნება ინფორმაციის გაცვლა მავნე პროგრამების შესახებ. მანამდე ამ პლატფორმით მხოლოდ ერთი ბლოკსგარეშე სახელმწიფო - ფინეთი სარგებლობდა, ახლა კი საქართველოც ისარგევბლებს. 

 

მესამე მომენტს, რომელიც საქართველოს ნატოსაკენ სწრაფვის გააქტიურებას გამოხატავს, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სტატია წარმოადგენს, რომელიც აშშ-ის გაზეთში გამოქვეყნდა. მასში პრემიერი აცხადებს, რომ საქართველო ღირსია ნატოს წევრი იყოს. ჩამოთვლილია ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები, ნატოს სტანდარტების შესაბამისად. სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. „დროა, ალიანსმა პასუხი გვითხრას ჩვენ განაცხადზე“, - წერს პრემიერ-მინისტრი.

 

„რით გამოიხატება ბლოკთან ურთიერთობა“ - სტატიის ამ ნაწილში ავტორის მიერ მიმოხილულია საქართვლო-ნატოს ურთიერთობა ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდიდან: „ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო მონაწილე გახდა ნატოს პროგრამისა - „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ და სესაბამისი შეტანხმებაც გააფორმა. 1999 წლიდან თბილისმა პირველად გაგზავნა თავისი სამხედრო კონტინგენტი საზღვარგარეთ, კოსოვოში, 2002 წელს კი ედუარდ შევარდნაძემ ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს მიზნად აქვს დასახული ნატოში გაწევრიანება.

 

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდს, როცა აქტიურად ვითარდებოდა საქართველოს ინტეგრაცია დასავლეთთან, მათ შორის ნატოსთანაც. აშშ-მა მოამზადა ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა კი - კერძოდ, ჩეხეთმა და პოლონეთმა - თბილისს იარაღი მიაწოდეს. „სიტუაცია შეიცვლა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, როცა საქართველოს ხელისუფლების მიერ პროვოცირებული შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ თბილისმა აფხაზეთსა და სამხრ.ოსეთზე კონტროლი დაკარგა. ამომრჩეველს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გატარებული პოლიტიკით იმედი გაუცრუვდა და 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ - „ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. საქართველოს უარი არ უთქვამს ნატოსთან ინტეგრაციის კურსის გაგრძელებაზე, მაგრამ იმავე დროს მნიშვნელოვან მიზნად იქნა დასახული რუსეთთან ურთიერთობის მეტ-ნაკლებად ნორმალიზება. ამჟამად საქართველო ნატოსთან ერთად მრავალრიცხოვან პროგრამებსა და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობს, მათ შორის ავღანეთში“, - ნათქვამია პუბლიკაციაში. იქვე ჩამოთვლილია ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში ეხმარებიან (აშშ, საფრანგეთი, ბულგარეთი და ა.შ.).

 

„ლოდინით დაღლილნი“ - ასეთი ქვესათაური აქვს სტატიის ბოლო ნაწილს. მასში ავტორი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა გამოკითხვების შედეგების მიხედვით, ქართველთა უმეტესობა (71%) ჯერ კიდევ მხარს უჭერს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას, თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, საქართველო უახლოეს პერპექტივაში ალიანსში მიღების თაობაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ უნდა ელოდოს. ნატოში გასაწევრიანებლად აუცილებელია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება, ამ მხრივ კი თბილისს ერთბაშად ორი პრობლემა აქვს - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კუთვნილებასთან დაკავშირებით. 

 

„გარდა ამისა, თვით ნატოს წევრებს შორისაც არ არის ერთიანობა საქართველოს მიღების საკითხში. ამ მხრივ გერმანია და საფრანგეთი მაინცდამაინც დიდ სურვილს არ ამჟღავნებენ. თბილისს აღარ აქვს ისეთი მხარდაჭერა აშშ-საგან, როგორც ადრე იყო, ვთქვათ, ჯორჯ ბუშ-უმცროსისა და ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც პრაგმატულად მოქმედებას ამჯობინებს“, - აღნიშნულია პუბლიკაციის დასასრულს.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: «Известия» (რუსეთი)

https://iz.ru/986214/igor-karmazin/kavkazskie-manevry-kak-gruziia-dobivaetsia-vstupleniia-v-nato

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ