დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

როგორ იყენებს ვლადიმერ პუტინი თავის სასარგებლოდ გლობალურ კრიზისებს 20.05.2020 11:38

დღევანდელ ამერიკულ გაზეთ The Hill-ში გამოქვეყნებულა სტატია სათაურით „როგორ იყენებს ვლადიმერ პუტინი თავის სასარგებლოდ გლობალურ კრიზისებს“, რომელშიც ნათქვამია: „ნავთობზე მსოფლიო ფასების დაცემა და კორონავირუსის პანდემია ვლადიმერ პუტინისათვის ძალიან ცუდ დროს დაემთხვა - რუსეთში ამ დროს საკონსტიტუციო ცვლილებები ხორციელდებოდა, რომელთა თანახმად, ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობა 2024 წლამდე შეიძლება გაგრძელდეს.


მაგრამ, როგორც იტყვიან ხოლმე, „ზოგი ჭირი მარგებელია“ და თუ ჭკუით მოიქცევი, შეიძლება ზიანის მომტანი მოვლენა სარგებლის მომტანად აქციო. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ნავთობის ფასებთან და კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისები უახლოეს ხანში ვლადიმერ პუტინის პოზიციებს მაინცდამაინც შესამჩნევად ვერ შეასუსტებენ - რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი - რუსეთმა, ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის წლებში, „ყოველი შემთხვევისათვის“, საკმაოდ მნიშვნელოვანი ოქროს მარაგი დააგროვა; მეორე - ვლადიმერ პუტინმა გააძლიერა კონტროლი შიდარუსული საინფორმაციო სივრცისადმი; მესამე - ვლადიმერ პუტინისეული საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები კარგად არის აწყობილი, ეფექტურია და სულ უფრო ფართოვდება; მეოთხე - რუსეთი კარგად სარგებლობს იმ სიტუაციით, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ყველა ქვეყანა თავისი პრობლემების გადაწყვეტით არის დაკავებული.


სტატიაში ნათქვამია, რომ კრემლი „აუმჯობესებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს და მათ უფრო აქტიურად იყენებს უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებით - ერთი მხრივ, დეზინფორმაციის გავრცელებით უკრაინაში და მეორე მხრივ - ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საზღვრების“ გადაწევით საქართველოში “.

მოკლევადიან პერსპექტივაში ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, თავის პოზიციებს შეინარჩუნებს როგორც რუსეთის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე. არაა გამორიცხული, რომ იგი გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწევს, თუ დასავლეთი მხოლოდ თავისი პრობლემების მოგვარებით იქნება დაკავებული. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კრიზისი დიდხანს გაგრძელდება, რუსეთს ვერანაირი მარაგი ვერარ უშველის, კრიზისი მას იძულებულს გახდის დათმობებზე წავიდეს - შექყვიტოს უკრაინის საქმეებში ჩარევა და გავიდეს სირიის საომარი თეატრიდან. ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ვლადიმერ პუტინისათვის გლობალური კრიზისი სარგებლის მომტანი არ იყოს“, - ასეთი დასკვნაა მოცემული სტატიაში.


 

წყარო: https://thehill.com/opinion/international/498239-putin-pressured-by-global-crises-yet-finds-ways-to-exploit-them


მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ