დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

პუტინის სამხედრო თამაშები - რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა? 29.04.2021 13:03

პოლონეთის გაზეთ „ჟეჩპოსპოლიტა“-ში («Rzeczpospolita») დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინის სამხედრო თამაშები“, რომელშიც ავტორი - პოლიტიკური მიმომხილველი რომან კუზნიარი - რუსეთის პრეზიდენტის სამხედრო-პოლიტიკურ პორტრეტის შექმნას ცდილობს. იგი საუბრობს ვლადიმერ პუტინის მოქმედების სტილზე, მის სამხედრო-პოლიტიკურ „მიღწევებზე“ და დასავლეთის სავარაუდო-საპასუხო პოლიტიკაზე.

 

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

 

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო თეორეტიკოსის ფონ კლაუზევიცის უფრო ბეჯითი მოსწავლეა, ვიდრე დასავლეთის სხვა ლიდერები ბოლო 20 წლის განმავლობაში. მას უკეთესად ესმის დიდი სამხედრო სტრატეგიის გამონათქვამების არსი ომის შესახებ (რომელიც, როგორც ცნობილია, პოლიტიკის გაგრძლებაა), თავის დასავლელ კოლეგებზე უკეთ შეუძლია ძალის გამოყენება მიზნის მისაღწევად.

 

თუ ჩვენ ბოლო 20 წლის განმავლობაში რეალიზებულ დასავლურ ოპერაციებს ვლადიმერ პუტინის მიერ განხორციელებულ ოთხ ომს შევადარებთ, შედეგი რუსეთის ლიდერის სასარგებლოდ იქნება. თანაც პუტინს ყოველთვის არ უხდება სამხედრო მოქმედებების დაწყება, ზოგჯერ „იარაღის ჟღარუნი“ და ძალის დემონსტრირებაც საკმარისია, რომ მან პოლიტიკური ზეგავლენა მოახდინოს. ასე იყო უკრაინის მიმართ, როცა პუტინმა, თითქმის საომარი ინციდენტების ზღვარზე, ზუსტად დაცული ბალანსით, დასავლეთს უკან დაახევინა და უარი ათქმევინა უკრაინელებისთვის აქტიურ დახმარებაზე. არადა, ცნობილი ფრანგი ანალიტიკოსი კამილ გრანდი ჯერ კიდევ 2014 წელს წინასწარმეტყველებდა ჩვენი გაზეთის ინტერვიუში, პუტინი სულ მალე აუცილებლად წაგებული იქნება, მას ხელში სუსტი კარტი აქვსო. მაგრამ განა წააგო რუსეთის პრეზიდენტმა? ექნება მის მოქმედებას დასასრული?

 

რუსეთის სტრატეგიის მიზანი დასავლეთთან მიმართებით რთული არ არის, ის მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: დასავლეთი მოსკოვის წინაშე შიშს უნდა განიცდიდეს. არავინ არ იცის, თუ რას მოიმოქმედებს კრემლი, რაზეა წამსვლელი... „დაჭრილი“ რუსეთის ქცევას კი წინასწარ ვერავინ გამოიცნობს. დასავლეთი ამას აცნობიერებს და ამიტომ... დათმობაზე მიდის. იმავდროულად, დასავლეთი პუტინს ჩრდილოეთ კორეის ლიდერების გვერდით აყენებს, რომლებსაც ამერიკული ჰელოუინის თამაში უყვართ. როგორც ცნობილია, ამ თამაშის მთავარი აზრი ისაა, რომ მეტოქე დააშინო რაღაცის დასაკუთრების მიზნით: ყვირილით - „მომეცი, თორემ ინანებ“.

 

პირველ რიგში ვლადიმერ პუტინს სურს, რომ დასავლეთმა სამუდამოდ უარი თქვას უკრაინაზე და იმ ქვეყნებზე, რომლებთაც კრემლი თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს. ეს ქვეყნები პუტინის ხელებში დაუცველი მსხვერპლის სახით უნდა იყვნენ მოქცეულნი. ასეთი სიტუაცია რუსეთს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დაუსჯელი დარჩეს, თუნდაც „გარიყული ქვეყნის“ სახელით, რომელიც არაფრად თვლის საერთაშორისო ნორმებს, რომელსაც არსებული მსოფლიო წესრიგის დანგრევა დაუფიქრებლად შეუძლია, გზავნის თავის აგენტებს ევროკავშირის ქვეყნებში მკვლელობების ჩასადენად და აფეთქებების მოსაწყობად, თან იმავდროულად სხვა სახელმწიფოებისთვის საჭირო და აუცილებელ პარტნიორადაც რჩება.

 

ჰელოუინის თამაშს თავისი ნაყოფი მოაქვს - რუსეთი თავს უყრის ჯარებს უკრაინის საზღვართან და შედეგიც სახეზეა: პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს უმაღლეს დონეზე შეხვედრას სთავაზობს. მოსკოვი ფიქრობს, მიიღოს თუ არა ეს შეთავაზება... კრემლის ასეთ [თვითკმაყოფილ] პოზიციას თვითონ დასავლეთი უწყობს ხელს, რომელსაც მუდმივად ჰგონია, რომ რუსეთი და პირადად პუტინი მისთვის აუცილებელია.

 

ამჟამად საკითხი ასე დგას: რა უნდა გავაკეთოთ უკრაინის ირგვლივ პუტინის მიერ შექმნილი კრიზისის მიმართ? რაც შეეხება თვითონ უკრაინას, პირველ რიგში, მან თავი უნდა შეიკავოს და პროვოკაციაზე არ უნდა წამოეგოს, როგორც ეს საქართველოს პრეზიდენტს მოუვიდა 2008 წლის ზაფხულში. მიხეილ სააკაშვილმა რეაგირება მოახდინა სამხრეთ ოსეთში პროვოკაციულ სროლებზე და სახმელეთო შეტევა განახორციელა. რუსებმა ჩათვალეს, რომ ეს „კაზუს ბელი“ (ომის გამოცხადების ფორმალური საბაბი) იყო: მათ ამის საპასუხოდ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის კონტროლი განახორციელეს და ამით თბილისის ხელმძღვანელობას თავიდან ნატოში გაწევრიანების აზრი ამოუგდეს.

 

მეორე მომენტი: თუ უკრაინას სერიოზულად აქვს დაგეგმილი დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობა, მაშინ იგი ასევე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს იმისთვის, რომ პრობლემის გადასაჭრელად შარლ დე გოლის მეთოდით ისარგებლოს, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ალჟირის პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენა. მხოლოდ ასეთი გზით შეუძლია უკრაინას რუსეთის მძევლობიდან თავის დაღწევა. აქვს თუ არა უკრაინას იმის უნარი, რომ დე გოლის მსგავსად მოიქცეს და ამით ნატოსკენ გზა გაიხსნას? საეჭვოა, მაგრამ კიევს სხვა გზა არ აქვს, სხვა ვარიანტები არ არის. თუ ასე არ გააკეთებს, უკრაინა უახლოეს 5, 10 და შეიძლება 20 წლის შემდეგაც იგივე სიტუაციაში იქნება და უფრო უარესშიც.

 

რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა? პირველ რიგში, პუტინი არ უნდა იქნეს ჩათვლილი ისეთ ადამიანად, რომელთანაც მოლაპარაკება შეიძლება. პუტინის რუსეთთან შეუძლებელია რაიმე ცივილიზებული ნორმებით სარგებლობა, რადგან კრემლი არანაირ „პაქტა სუნტ სერვანდას“ („ხელშეკრულებები უნდა სრულდებოდეს“) და არანაირ „ბონა ფიდეს“-ს (კეთილსინდისიერება) არ აღიარებს. ვლადიმერ პუტინი მხოლოდ ვლადიმერ ლენინის ლოგიკის ერთგულია - „ვინ ვის გადასძალავს“.

 

წყაროები: https://inosmi.ru/politic/20210428/249652651.html

https://www.rp.pl/Rzecz-o-polityce/304279917-Roman-Kuzniar-Gry-wojenne-Putina.html


მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ