დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

რუსეთი "ბოროტების ღერძს“ ამხელს“ - რომელი ქვეყნები არიან კრემლის მტრები? 30.04.2021 11:36

შვეიცარიის გაზეთ „ლე ტემპს“-ში («Le Temps») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთი „ბოროტების ღერძს“ ამხელს“, რომელშიც განხილულია მოსკოვის განზრახვა რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნებისადმი მკაცრი პოლიტიკის გატარების შესახებ (ავტორი - ემანუელ გრინშპანი).

 

„რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ სიტყვიერი შეტევის ესკალაციას აგრძელებს: ის, რაც ამ ორი დღის წინათ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „რია ნოვოსტი“-სთან ინტერვიუში განაცხადა, იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი ძალზე უკმაყოფილოა თავისი გეოპოლიტიკური მეტოქეების მოქმედებით. მინისტრის პოსტზე 2004 წლიდან მყოფმა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა მიანიშნა, რომ თუ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა არ გაუმჯობესდება (და, ალბათ, ასეც იქნება), მაშინ ორი სახელმწიფო „ცივი ომის ან უფრო უარესი სიტუაციის პირობებში იცხოვრებს“. კრემლი, აშკარაა, რომ არ შეურიგდა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ნათქვამს, რომელმაც თავისი რუსი კოლეგა „მკვლელად“ შერაცხა. რუსეთმა უპასუხოდ დატოვა ჯო ბაიდენის სატელეფონო საუბრის მთავარი მიზანი - წინადადება შეხვედრის შესახებ. ჯერჯერობით ორი ქვეყნის მეთაურის შეხვედრისა და მოლაპარაკების ადგილი გარკვეული არ არის, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა წინსწრებით ემოქმედა და უკვე გამოაცხადა მისთვის „არამეგობრული ქვეყნების“ სიის შედგენა, რომელშიც პირველი ადგილი, ბუნებრივია, აშშ-ს უკავია. დოკუმენტი ოფიციალურად ჯერ გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ კრემლთან დაახლოებულმა გაზეთმა „იზვესტიამ“ რუსეთის მიმართ 11 მტრულად განწყობილი ქვეყანა დაასახელა. ეს ინფორმაცია უცებ აიტაცეს სახელისუფლებო ტელეარხებმა და გამოცემებმა. აშშ-ის გარდა, სიაში არიან იქ ქვეყნებიც, რომლებსაც კრემლი ჩვეულებრივ, „ვაშინგტონის ვასალებად“ თვლის, კერძოდ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყანა [პოლონეთი, ჩეხეთი, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი]“, - წერს ავტორი.

 

„როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, სია მალე გამოქვეყნდება. „მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე „მკვდარ“ ჩამონათვლად არ დარჩება. სია გადაიხედება იმის კვალობაზე, თუ როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობები შესაბამის სახელმწიფოებთან მომავალში“, - თქვა მინისტრმა და ხაზი გაუსვა, რომ დადგინდა კრიტერიუმებიც, რის მიხედვითაც აღნიშნულ სიაში სახელმწიფოები იქნებიან შეტანილი.

 

რუსეთის ეს განზრახვა თითქოს ოცი წლის წინანდელ „ბოროტების ღერძი“-სადმი პასუხს ჰგავს, რომელიც ჯორჯ ბუშ-უმცროსმა 2002 წელს გამოაცხადა (იმ დროს მისი ნათქვამი ერაყს, ირანს და ჩრდილოეთ კორეას ეხებოდა. ალბათ, სიის შედგენა განაპირობა აშშ-ის სანქციებმა იმ რუსული კომპანიებისა და პირების მიმართ, რომლებთაც ბრალი კიბერნეტიკულ შეტევებში ედებათ. არ არის გამორიცხული, რომ სიაში მოხსენიებული სახელმწიფოების საელჩოებს რუსეთში თანამშრომლების დაქირავება აეკრძალოთ, - წერს ჟურნალისტი.

 

სერგეი ლავროვის განცხადებაში აქცენტია გაკეთებული იმ თანმიმდევრულ მოქმედებაზე, რომელიც რუსეთის საპასუხო დიპლომატიურ ნაბიჯებს ეხება: მხედველობაში რუსი დიპლომატების უპრეცედენტოდ გახშირებულ გაძევებაზე, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები მიმართავენ.

 

სერგეი ლავროვი ინტერვიუში თავს დაესხა რუს ლიბერალებსაც, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ისინი ისეთ „განებივრებულ ბავშვებს“ შეადარა, რომლებიც დასავლურ პროდუქციას არიან მიჩვეულნი და როცა რუსეთმა 2014 წელს კონტრსანქციები დააწესა, ისინი მიჩვეულ სასურველ ნივთებს ვეღარ ყიდულობენ.

 

სიტყვიერი ესკალაცია კიდევ უფრო ღრმავდება და მასში რუსეთის საშინაო პოლიტიკის ცნობილი მოღვაწეებიც ერთვებიან. მაგალითად, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ მოლოდინმა აშშ-საგან კომპენსაცია მოითხოვა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო და განაცხადა, რომ კორონავირუსი აშშ-მა შექმნა. ანტიდასავლურ იმპულსს, რომელიც რუსეთის ხელისუფლების ზედაფენიდან მოდის, ისეთი მასტიმულირებელი ეფექტი აქვს, რომ ამ ტენდენციის შეჩერება შეუძლებელი ხდება“, - ასეთი რეზიუმეა გაკეთებული სტატიის ავტორის ემანეუელ გრინშპანის მიერ.

 

წყარო: https://www.letemps.ch/monde/russie-denonce-axe-mal

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ