დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

XXI საუკუნის მეფე და რუსული გეოპოლიტიკა 04.05.2021 14:37

 

„ახლა, როცა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე წარმოქმნილი დაძაბულობა ჩაცხრა, ხოლო ვლადიმერ პუტინმა თავის მიმართვაში ქვეყნის მოსახლეობისადმი ყურადღება ძირითადად საშინაო პრობლემებზე გაამახვილა (მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა რუსეთის მტრების მოიხსენია), დადგა შესაფერისი დრო, რომ მოსკოვის გეოპოლიტიკაზე ვისაუბროთ“, - ასე იწყება პორტუგალიურ გაზეთ „ობსერვადორ“-ში («Observador») გამოქვეყნებული სტატია სათაურით „XXI საუკუნის მეფე და რუსული გეოპოლიტიკა“ (ავტორი - აფონსუ მოურა).


გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:


„ძალიან ხშირად, ყველანაირ სიტუაციაში, აწმყოს გასარკვევად, საჭიროა ისტორიას გადავხედოთ ხოლმე. გავიხსენოთ: ბერლინის კედელი დანგრევის პირას დგას. იმ დროს, როცა აშშ და საბჭოთა კავშირი (გერმანიის ოკუპანტი) ამ პროცესს რაც შეიძლება აჩქარებენ და სურთ, რომ გერმანია სწრაფად გაერთიანდეს, სხვები - დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი - გერმანიის გამთლიანების პლუსებს სკეპტიკურად უყურებენ. ერთი შეხედვით, საკვირველია, ხომ?


მარგარეტ თეტჩერი და ფრანსუა მიტერანი იმიტომ გამოხატავდნენ სკეპტიციზმს, რომ მათ იცოდნენ: გერმანიის გაერთიანება ევროპის რყევას გამოიწვევდა და რეგიონის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას შეცვლიდა. ბრიტანელი „რკინის ლედი“ არ დაელოდა კედლის დაცემას და თავისი [ნეგატიური] თვალსაზრისი ევროპის მომავლის შესახებ ბრიუგეში წარმოთქმულ ცნობილ გამოსვლაში გამოხატა, რომლითაც მან ნიადაგი მოუმზადა პროცესს, მოგვიანებით „ბრექსიტად“ წოდებულს.


ფრანსუა მიტერანი ყოველთვის ფრანგი ნაციონალისტი იყო, რომელმაც ფრანცისკის ორდენი მარშალ ანრი პეტენისგან მიიღო და რომელიც ამბობდა, რომ „ალჟირი საფრანგეთია“. ამით მას სურვილი ჰქონდა ბოლო მოეღო ალჟირის დამოუკიდებლობისათვის. ამის მიუხედავად, ფრანსუა მიტერანი მაინც „ხარკს უხდიდა“ ნიკოლო მაკიეველის რეალიზმს - ტყუილად კი არ ეძახდნენ საფრანგეთის პრეზიდენტს „ფლორენციელს“: მან შეძლო  სოციალისტური და კომუნისტური პარტიების პოზიციური გაერთიანება და სწორედ მათი ერთობლივი მხარდაჭერის საფუძველზე შევიდა ელისეის სასახლეში.


თავისი პოლიტიკური კარიერა ფრანსუა მიტერანმა გენერალ შარლ დე გოლის იდეებისადმი ოპონირებაზე ააწყო, მაგრამ როცა იგი ქვეყნის მეთაურად აირჩიეს, მმართველობის დროს დიდწილად თავისი წინამორბედის სტილი აირჩია და საფრანგეთის ინტერესები სხვა ქვეყნების ინტერესებს არ დაუმორჩილა. ზოგიერთები საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის ასეთ ტიპს „გოლომიტერანიზმად“ თვლიან. მოკლედ, ფრანსუა მიტერანი გერმანიის გაერთიანების საფრთხეს ხედავდა.


ალბათ, კითხვა გაგიჩნდათ: განა რით არიან დაკავშირებული ერთმანეთთან თანამედროვე რუსული გეოპოლიტიკა და გერმანიის გაერთიანება? გეტყვით: მათ შორის პირდაპირი კავშირი არსებობს: რუსეთი, რომელიც დაშლის სწრაფ პროცესში მყოფი საბჭოთა კავშირის ცენტრალურ კომპონენტს წარმოადგენდა, გერმანიის სახით პოტენციურ მომავალ მოკავშირეს ხედავდა, რომელიც ევროპაში სხვების მიმართ „იძულების“ პოლიტიკის გამტარებლის როლს შეასრულებდა და ევროპის კონტინენტის გრავიტაციულ აღმოსავლურ ფოკუსს შეცვლიდა. გერმანულენოვანი და გერმანოფილი ვლადიმერ პუტინი ამ თვალსაზრისზე დიდი ხანია დგას. მან იცის, რომ გერმანია დასავლეთის ქვეყანა არ არის, თვითონ „დასავლეთი“ კი არამდგრად კონცეფციას წარმოადგენს, რომლითაც ხშირად სარგებლობენ ამერიკულ გეოპოლიტიკაში იმ მიზნით, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი თავიანთი ჩანაფიქრზე აცეკვონ.


პიტერ ჰიტჩენს ძალიან საოცარი წიგნი აქვს დაწერილი სახელწოდებით „ბრიტანეთის გაუქმება“, რომელშიც იგი ბრიტანეთის ამერიკანიზაციისადმი სინანულს გამოხატავს. საფრანგეთში მემარჯვენეებიც და მემარცხენეებიც ხშირად აკრიტიკებენ ამერიკულ ხედვებს მსოფლიოს შესახებ. გავიხსენოთ თუნდაც ეჟენ ბასტიე, რომელმაც თავის წიგნში ერთმანეთს ამერიკული პურიტანიზმი და ფრანგული კეთილშობილება  დაუპირისპირა.


სამ ძირითად სახელმწიფოში, რომლებშიც დასავლეთია განსახიერებული (საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში) არსებული წესრიგი ერთმანეთისაგან არა მხოლოდ განხვავდება, არამედ ერთმანეთთან დაპირისპირებულიც კი არის. დიდ ბრიტანეთში მონარქიაა და ყველაფერი მასზეა დამყარებული, ამერიკის შეერთებულ შტატებს საფუძვლად ამომრჩეველთა კოლეგიის მოქმედება უდევს, ხოლო საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკაში ყველაფერი ემყარება ე.წ. „რესპუბლიკურ მონარქიას“, ხოლო „რეიმსულ მირონცხებას“  საყოველთაო საარჩევნო სისტემა ცვლის.


ამ სამი სახელმწიფოს სხვადასხვაობის გათვალისწინებისას ვლადიმერ პუტინისეული პირველი „გაკვეთილი“ შემდეგში გამოიხატება: კოლექტიური იდენტურობა ნამდვილად არსებობს და მას დიდი მნიშვნელობა აქვს. 21-ე საუკუნის მეფე რეალური პოლიტიკის ტრადიციების მხარდამჭერია - ისევე როგორც ნიკოლო მაკიეველი, ოტო ფონ ბისმარკი და შარლ დე გოლი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი რეალისტია, იგი რუსეთის სახელმწიფოს შესახებ ევრაზიული ხედვების მტკიცე ერთგული კი არ არის, არამედ ბიზანტიურსაც მხარს უჭერს. მესამე სამყარო და ევრაზიულობა - ორი ძირითადი მეტაფიზიკური ძალაა, რომელიც თანამედროვე რუსეთს აყალიბებს. პირველ შემთხვევაში რუსეთი განიხილება როგორც უკანასკნელი ქრისტიანული იმპერია, ანუ დიდი კონსტანტინეს, ფლავიუსისა და იუსტინიანეს მემკვიდრედ, ღვთიურ ბურჯად ანტიქრისტეს ურდოების წინააღმდეგ, მეორე შემთხვევაში - რუსეთი ითვლება ერთადერთ ქვეყნად, რომელშიც ერთმანეთთანაა შერწყმული სლავურიც და აზიურიც, მაგრამ არ აქვს არც ევროპული და არც აზიური არსი და წარმოადგენს „ევროპულ-აზიურ ესენციას“. გეორგ ჰეგელის ტერმინების მიხედვით, ამ თეზისს შეიძლება „ანტითეზისი“ ვუწოდოთ, ან სულაც „სინთეზი“.


მეორე „გაკვეთილი“ - რუსეთი სიტუაციაში მხოლოდ მაშინ ჩაერევა, თუ მის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს რაიმე დაემუქრება. ჩვენ ეს კარგად დავინახეთ საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში (ყირიმის მაგალითზე) – 2014 წელს და ახლაც ვხედავთ სირიის სამოქალაქო ომის მაგალითზე.


რუსეთის მოსახლეობისადმი ვლადიმერ პუტინის მიმართვაში ნათქვამია, რომ მოსკოვმა ბელარუსს თავიდან ააცილა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მკვლელობა და კიბერშეტევები, რომლებსაც ქვეყნის პარალიზება უნდა გამოეწვია. ვინ დაგეგმა ეს ყველაფერი, მას არ უხსენებია, მაგრამ რთული არ არის იმის მიხვედრა, თუ ვის აბრალებს ამ ყველაფერს კრემლი. ამას წინათ ჰენრი კისინჯერმა ჯო ბაოდენის ადმინისტრაციის  ჯიუტობისა და უკომპრომისულობის გამო შეშფოთება გამოხატა და შეერთებულ შტატებს მოუწოდა ან ახალი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგი მიეღო, ან ისეთ ფაზაში შესულიყო, რომელიც „ცივი ომის“ წინ არსებული პერიოდის მსგავსი იქნებოდა. სემიუელ ჰანთიოგთონს ცივილიზაციების მისეულ კლასიფიკაციაში რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის სფეროში ისეთი ქვეყნები შეჰყავს, როგორებიცაა საბერძნეთი და რუმინეთი. ნუ დავივიწყებთ, რომ ეს ქვეყნები ნატოს წევრ-სახელმწიფოებს წარმოადგენენ. იდეალიზმით შეზავებულ იდეოლოგიას სრულიად შეიძლება ცუდი ფინალი მოჰყვეს, როგორც ეს ხშირად მომხდარა ისტორიაში.


ვლადიმერ პუტინისეული „მესამე გაკვეთილი“ ჩვენ ისევ გერმანიაში გვაბრუნებს და მის მნიშვნელობას გვაჩვენებს მსოფლიოს წინსვლისათვის. მიმდინარე წლისათვის დანიშნული არჩევნები გერმანიაში და გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის მშენებლობა პირველადი საკითხებია, ამიტომ ისინი ერთობლივად უნდა განვიხილოთ.


როგორც ცნობილია, კანცლერის პოსტზე გერმანელი ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი არმინ ლაშეტია, მისი მოწინააღმდეგე კი - მარკუს ზედერი ქრისტიან-სოციალური კავშირიდან. ისინი დებატებისთვის ემზადებიან. ჩვენ ახლა ნუ დავიწყებთ მათი აზრების განსხვავების კვლევას გერმანიის გაერთიანების მიმართ, მაგრამ მეჩვენება, რომ პირველის გამარჯვება ამერიკული გეოპოლიტიკისადმი ძლიერი დარტყმა იქნება: არმინ ლაშეტი უფრო კეთილად იქნება განწყობილი რუების მიმართ და უფრო მეტიც - ჩინეთთან მიმართებით, რაც ამერიკას არ სურს. მაგრამ როგორც ხშირად არის ხოლმე, დიდ სახელმწიფოებს ყოველთვის აქვთ გეგმა „ბ“: ამ შემთხვევაში ამერიკული გეგმა „ბ“ გულისხმობს „მწვანეთა“ პარტიის კანდიდატს ლიდერს ანალენა ბარბოკს. გერმანელ „მწვანეებს“, ეკოლოგიის უმაღლესი პრინციპების გათვალისწინებით, რუსული :ჩრდილოეთი ნაკადი-2’-ის მშენებლობის გაჩერება სურთ. ჩვენს წინაშეა იმის იდეალური მაგალითი, რომ პირველთა ღრმა რწმენა მეორეთა ინტერესთა წინსვლის ინსტრუმენტი ხდება.


როცა ჯორჯ ბუშ-უფროსმა მწვანე შუქი აუნთო გერმანიის გამთლიანებას, მან ისეთ პროცესს მისცა დასაწყისი, რომელიც აშშ-ის ინტერესებს ემსახურებოდა. მაგრამ გამთლიანებამ ანტიამერიკული ეფექტიც გამოიწვია: გერმანიის დედაქალაქმა ბონიდან ბერლინში გადაინაცვლა, რომელიც რეინის ნაპირებზე კი არ მდებარეობს, არამედ ბრანდენბურგის შუაგულში. ბრანდენბურგი კი პრუსიაა, რომლიდანაც გერმანია შეიქმნა. გერმანიის გამთლიანებამ მრავალი პრობლემა მოაგვარა, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი ახალიც გააჩინა. დღეს ამერიკას საქმე აქვს ისეთ შეცვლილ გერმანულ სახელმწიფოსთან, რომელსაც თავისი ნება გააჩნია. ვლადიმერ პუტინმა ეს კარგად იცის და ამით მშვენივრადაც სარგებლობს.


ფრიდრიხ დიდიდან და ბისმარკიდან დაწყებულმა და მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით გაგრძელებულმა ისტორიამ რამდენჯერმე დაადასტურა, [ერთმანეთთან] კარგ ურთიერთობაში მყოფი გერმანია და რუსეთი დაუმარცხებელნი არიან“.


წყარო: https://observador.pt/opiniao/o-czar-do-seculo-xxi-e-a-geopolitica-russa/

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ