დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"ჰაქინ"-ის სტატიებს თუ გადახედავთ, იფიქრებთ, რომ ეს ჩვენი ოპოზიციური რუსულენოვანი სააგენტოა" 21.07.2020 12:30

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"კიდევ ერთხელ აზერბაიჯანული სააგენტოს ჰაქინ.აზ-ის დეზინფორმაციული შინაარსის პუბლიკაციის შესახებ.

 

ჩვენმა სანაქებო ოპოპოლიტიკოსებმა გააგრძელეს მავნებლური კომენტარების გაკეთება, მინიშნებებით "თუ დამტკიცდება სერბეთიდან საქართველოს გავლით სომხეთისთვის იარაღის მიწოდება..."

 

პირდაპირ გეტყვით, ყველა ის პოლიტიკოსი, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებთ, ხართ მავნებლები და ჩართული ხართ ძალიან სახიფათო თამაშში. თუმცა ეს თამაში აღარაა, ესაა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.

 

გუშინ ერთ-ერთ ქართულენოვან აზერბაიჯანულ სააგენტოს ვრცელი ინტერვიუ მივეცი ამ თემაზე. ალბათ დიდხანს ვერ დაბეჭდავენ, გარკვეული მიზეზების გამო. ამიტომ მოკლე შინაარსს აქ გადმოგცემთ.

 

პირველი. როცა ჩვენს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ასეთი დაძაბული ვითარებაა, მსგავსი ცრუ სტატიები მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. არ მინდა ღიად დავადანაშაულო პროვოკაციული მიზნების არსებობაში.

 

მეორე. საქართველოს ოფიციალური პოზიცია კონფლიქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანისთვის კარგადაა ცნობილი. არ მგონია მსგავსი პუბლიკაციები სასარგებლო იყოს ბაქოსთვის.

 

მესამე. გუშინ სოციალურ ქსელში გამოითქმებოდა მოსაზრებები, რომ საქართველოს ხელისუფლებას პასუხი უნდა გაეცა ამ სტატიისთვის. რატომ ჰგონია ყველას, რომ თუ პასუხის გაცემა საჭიროა, არვგაეცემა?

 

უცვლელად გთავაზობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების ტექსტს, რომლის პათოსს მთლიანად ვიზიარებ და ანალოგიური შინაარსის იყო ჩემი გუშინდელი ინტერვიუც:

 

"ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედიასაშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს უამრავ უზუსტობას.


სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული, თითქოს სერიოზული ინტერნეტგამოცემა არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას.


კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებთ სტრატეგიული პარტნიორობა, ორი ერის ხანგრძლივი მეგობრობა ვითარდება და ღრმავდება, ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში და მათ შორის, ერთობლივად ახორციელებს მრავალ მნიშვნელოვან რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტს.
ეს სტატია ატარებს ტენდენციურ ხასიათს და მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ“

 

მეოთხე. სააგენტო "ჰაქინს" ახასიათებს გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება, მეტწილად მისი კორესპონდენტის ფრიდონ დოჩიას სტატიების გამო. ადრე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე სააგენტობ "ჰაქინს" მოუწია საკუთარი სტატიის კორექტირება არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

 

მეხუთე. საქართველოსთან დაკავშირებით "ჰაქინ"-ის სტატიებს თუ გადახედავთ, იფიქრებთ, რომ ესაა ჩვენი ოპოზიციური რუსულენოვანი სააგენტო. მარტივად შეამოწმებთ. ამისათვის გახსენით სააგენტოს საიტი, საიტის საძიებო ველში ჩაწერეთ საძიებო ფრაზები: Грузия, Тбилиси, опозиция грузии, грузинская мечта, Фридон Дочия და მხოლოდ სათაურების გადახედვითაც ჩამოგიყალიბდებათ ტენდენციურობის განწყობა. თქვენ ვერ იპოვით რაიმე პოზიტიურ ინფორმაციას საქართველოზე. ამიტომაა ჩვენს ოპოზიციას ასე ძალიან მოსწონს ამ სააგენტოს სტატიები და მყისიერად ეხმაურებიან ჩვენს ოპომედიასთან ერთად ამ ცრუ სტატიებს. მერე რა რომ ქვეყანას შეიძლება ავნოს?!

 

და ბოლოს. ეს სტატია ღამურების თემას მაგონებს. რატომ უნდა გადავიდეს ჩვენი მოქალაქე ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად, აქეთ მხარეს ღამურები დაილია? ან სადღაც საოკუპაციო საზღვართან სოფელში მოქალაქემ გაიგო, რომ თითო ღამურაში 5 ათას დოლარს იძლევიან და თბილისში არაფერი ვიცით ასეთი სარფიანი "ბიზნესის" შესახებ? ხომ წაემოგიდგენიათ ეს რომ ასე იყოს, რა ამბავი იქნებოდა თბილისში, მთელი ქალაქი "საჩოკებით" ირბენდა ღამურების დასაჭერად. სასაცილოა.

 

ასეთივე აბსურდია სერბეთის მოწებება. რუსეთმა, იმდენი იარაღი მიჰყიდა აზერბაიჯანს (რამდენიმე მილიარდის) და სომხეთს (ასეულობით მილიონი დოლარის), რომ რამდენიმე დღის კი არა, რამდენიმე თვის განმავლობაში შეუძლიათ საბრძოლო მოქმედებების წარმოება მარაგების შევსების გარეშე.

 

რუსეთის გარდა შეიარაღებას აწვდის თურქეთი, ბულგარეთი, ისრაელი და სხვა ქვეყნები. ნეტა რა მარშრუტებს იყენებენ?
ვიცით რომელს არ იყენებენ, საქართველოს სახმელეთო გზას.


აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები უმაღლეს, სტრატეგიული თანამშრომლობის ნიშნულზეა. ჩვენ გვაკავშირებს ასევე უამრავი საერთაშორისო პროექტი. ამ ურთიერთობების შენარჩუნებაში, წესით, არა მხოლოდ თბილისი უნდა იყოს დაინტერესებული, არამედ ბაქოც. ვინ ცდილობს ამ ურთიერთობების დაზიანებას, ეს კითხვა ორთავე მხარეს თანაბრად უნდა აწუხებდეს,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ