ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"გლობალურ კრიზისებს, რაც მიწოდებისა და მოთხოვნის შოკებით მიმდინარეობს, ერთი საინტერესო თვისებაც გამოარჩევს, პოსტკრიზისულ პერიოდებში ხდება არა მხოლოდ კრიზისების გადაფასება, არამედ აჩენს ახალ შესაძლებლობებსაც. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, მათ შორის ჩვენი ქვეყნისათვის. გლობალური პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისათვის ჩნდება კარგი შანსი, გაცილებით თვითკმარ ეკონომიკაზე გადასასვლელად. აქ პირველ რიგში იგულისხმება მაღალი იმპორტდამოკიდებულების შემცირება, იქ სადაც შესაძლებელია, განსაკუთრებით ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე და ადგილობრივი წარმოების სტიმულირებით, საექსპორეტო პოტენციალის ზრდა. აქ იგულისხმება როგორც აგრო პროდუქცია, ასევე სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის წარმოებაც. ჩვენ გვიჩნდება უნიკალური შესაძლებლობა არა უბრალოდ უარყოფითი სავაჭრო ბალანსის დაბალანსებისა, არამედ ეკონომიკის კიდევ უფრო მაღალი დივერსიფიცირებისაც, რასაც განსაკუთრებით კრიზისებისას აქვს თავისებური ფინანსური ბალიშის ფუნქციაც.
მართალია, პოსტკრიზისული ეკონომიკა ზრდის ხარჯებსაც, მათ შორის საგარეო თუ შიდა ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობის არასასურველი მიმართებით ზრდით, მაგრამ პერსპექტივაში იძლევა წინაპირობას ეკონომიკის სტრუქტურული გადაწყობის თვალსაზრისით. ქვეყანას სჭირდება გაცილებით დაბალანსებული ეკონომიკა, ვიდრე დღემდე გვქონდა, სადაც ზედმეტადაც კი იყო გადახრილი მომსახურების სერვისებისაკენ. გლობალურმა პანდემიამ მოგვცა შესაძლებლობა დეტერიტორიზაციის მიმართულებითაც, და შემთხვევითი არ არის, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება 400 -მდე უცხოურ ბრენდთან, მათი წარმოებების ნაწილის აქ გადმოსატანად. ეს კი არის ახალი ინვესტიციები როგორც საშუალო, ასევე მაღალტექნოლოგიური წარმოებაში.
ნიშანდობლივია, რომ ეკონომიკის სტიმულირების სამთავრობო პროგრამა, რომელიც წამყვანი უცხოელი და ადგილობრივი საექსპერტო ჯგუფების თანამონაწილეობით მუშავდება, სწორედ ამ პრიორიტეტებზეა აგებული.
ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა ნელ -ნელა გადადის დისტანციური სერვისების გაფართოებაზეც, რაც ასევე კარგ წინაპირობებს ქმნის როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის მისაწოდებლად. რაც მთავარია ნედლეულის ექსპორტიდან მზა პროდუქციის ექსპორტამდე, რაც გარდა იმისა, რომ დადებითად ზემოქმედებს საგადამხდელო ბალანსზე, ქმნის კიდეც ყველაზე მაღალ დამატებულ ღირებულებას ეკონომიკაში.
ამის კარგი მაგალითია, "აწარმოე საქაეთველოში" პროგრამით გახსნილი კომპანია Koç Kablo-ს ახალი საწარმო ლილოში, რომელიც სპილენძისა და ალუმინის სადენების წარმოებას ახდენს და წელიწადში 12 ათას ტონა ნედლეულს გადაამუშავებს და შესაბამისად ნედლეულის ექსპორტის ჩანაცვლებით მივიღებთ 300 მილიონი ლარის ნაწარმს, რომელიც ერთის მხრივ ჩაანაცვლებს იმპორტულ პროდუქციას, ხოლო ნაწილი ექსპორტზე გავა.
ამიტომაც აქვს დღეს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალ სახელმწიფო პროგრამებს დიდი მნიშვნელობა, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმების ამოქმედებას, კრედიტებზე ხელმისაწვდომობის ზრდის თვალსაზრისით," - წერს ის.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge