დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ზაზა დავითაია - გინდათ იცოდეთ, რა განსხვავებაა ნაცების რეჟიმსა და დღევანდელობას შორის? 15.12.2020 22:57

ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში წერს:
"ეს ამბავი ახლახან გლდანის ციხეში მოხდა. გინდათ იცოდეთ, რა განსხვავებაა ნაცების რეჟიმსა და დღევანდელობას შორის? მაშ, მისმინეთ:
2 დღის წინ, სამუდამო პატიმრობამისჯილმა, 62 წლის ელგუჯა ლაღაძემ დამირეკა...
***
ასეთი ზარები ძალიან ხშირია ჩემს ტელეფონზე. პატიმრები მუდამ მირეკავენ და თავიანთი ცხოვრების, პრობლემების შესახებ მიყვებიან...
თავად ვიყავი პატიმარი, თანაც, იმ საბედისწერო რეჟიმის წლებში. სასიკვდილოდ ნაცემი და ნაწამები ადამიანები ბევრი ვნახე, სიკვდილიც ხშირად მინახავს და მართლა უზარმაზარი მონაპოვარია ის, რომ ციხეში წამება დღეს არავის ემუქრება!
ამის მიუხედავად, კარგად ვიცი, რაც შეიძლება აწუხებდეს ოჯახს მოწყვეტილ, საკანში იზოლირებულ ადამიანს. თუნდაც არავინ აწამებდეს, ის მაინც ტანჯვის მდგომარეობაში იმყოფება. მაგრამ, ორმაგად იტანჯებიან ისეთები, ვისაც გარეთ, თავისუფლებაზე - გულშემატკივარიც არ ეგულებათ! ხოლო სამმაგად ისინი, ვისაც დამატებით, ხანგრძლივი, ან სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი...
***
ციხეში წამება დღეს არავის ემუქრება მეთქი, უკვე დავწერე, მაგრამ რაც ახლა უნდა მოგიყვეთ, ერთი ადამიანის მაღალ ღირებულებებზე და ღმერთთან მის სიახლოვეზე მეტყველებს:
ეს ადამიანი N-8 გლდანის ციხის დრექტორი, ნოდარ (ბაჩო) ქინქლაძეა. მე მას კარგად ვიცნობ და სხვა დროსაც გამოუჩენია თავი ამაღლებული და ქრისტიანული საქციელით!
***
მოკლედ, მირეკავს სამუდამო პატიმარი, 62 წლის ელგუჯა ლაღაძე (ისედაც ხშირად რეკავს ჩემთან) და მიყვება: შემოწმების თუ გეგმიური გასეირნების დროს, გლდანის ციხის დირექტორს, ნოდარ ქინქლაძეს პირისპირ შევეჩეხეო. სიგარეტით ამომწვარი სპორტული შარვალი მეცვა და შემეკითხა - ასეთ მდგომარეობაში რატომ ხარო. - გარეთ პატრონი არავინ მყავს, რომ ჩემზე იზრუნოს და ამანათით ტანსაცმელი შემომიგზავნოსო - უპასუხია პატიმარს.
ციხის დირექტორი უსიტყვოდ შეტრიალებულა და წასულა. ამის მერე გადის რამდენიმე საათი და, ელგუჯა ლაღაძის საკნის კარი ხმაურით იღება. დიდი ცელოფნის პარკი შემოაქვს "აბსლუგას" და ელგუჯას მიმართავს - ესაო, დირექტორმა შენთან გამოგვატანაო. გახსნა თურმე, ელგუჯამ შრაშუნა ცელოფნის პარკი და, რას ხედავს: არცთუ იაფფასიანი სპორტული პიჟამო დევს! მაგრამ, არამარტო პიჟამო... ცელოფანში დევს თბილი წინდები, მაისურები, საცვლები და კიდევ სხვადასხვა წვრილმანი "რაღაც-რაღაცები!"
თურმე ციხის დირექტორს, ნოდარ ქინქლაძეს, საკუთარი, პირადი ფული ამოუღია ჯიბიდან, თანამშრომელი მაღაზიაში გაუგზავნია და უპოვარი პატიმრისთვის, რაც აკლდა, ყველაფერი შეუძენია!
ვისაც ნაცების რეჟიმის დროს ციხე აქვს გამოვლილი, ის კი გაიგებს და დააფასებს ამ ამბავს...დააფასებს ის, ვისაც ციხის დირექტორის გახსენებაზე მხოლოდ დასისხლიანების, დალეწვის, წამების გზით ცრუჩვენების გამოძალვის, მორგში ჩათრევის და მიცვალებულებზე ბორკილებით გამობმის ასოციაცია აქვს!
ვინც ვერ გაიგებს, ძალიან მეცოდება... ღმერთისგან, სიკეთის აღქმისგან - ძალიან შორს იქნება ის ადამიანი!
მე კი, ამ ნამდვილი ამბავის აღწერას, რომლის დამადასტურებელ სატელეფონო ჩანაწერსაც ყოველი შემთხვევისთვის, ცალკე ვინახავ - ჩემი საკუთარი აზრით და სიტყვებით დავასრულებ:
სიკეთეს გაუმარჯოს!
გაუმარჯოს კეთილშობილ რაინდს, N-8 გლდანის ციხის დირექტორს, ნოდარ (ბაჩო) ქინქლაძეს!
ვიამაყოთ ასეთი ჩინოვნიკებით! ასეთ ადამიანებზე დგას ქრისტიანობა! ასეთ მოქალაქეებზე დგას სახელმწიფო!
ღმერთმა დალოცოს ნოდარ (ბაჩო) ქინქლაძე!" - წერს დავითაია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ