დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ცალმხრივი ილუზიების შექმნა ჩვენი მხრიდან, სახიფათო პროცესია - დავით ქართველიშვილი 08.05.2021 12:49

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"რუსეთთან დიალოგის მოწინააღმდეგე, იმ შემთხვევაში, თუ კი მოსკოვიდან მკაფიო გზავნილები ისმის საქართველოს დეოკუპაციის პირობების თაობაზე - დღეს ერის მოღალატე უნდა იყოს. მაგრამ თუ ესეთი სიგნალები არა თუ არ ისმის, არამედ არც არანაირი მზაობა არ არის - ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დალაგებამ ყველაზე მტკივნეულ თემების განხილვაზე გაიაროს - ამ შემთხვევაში, ცალმხრივი ილუზიების შექმნა ჩვენი მხრიდან, სახიფათო პროცესია.

 

დიპლომატიის, მოლაპარაკებების, დიალოგის და ღია პოლიტიკური განცხადებების მიღმა, ხშირად უხილავი და არანაკლებად მნიშვნელოვანი მუშაობა მიმდინარეობს (როგორც ერთგვარი მოსამზადებელი პროცესი) იმ სხვადასხვა სფეროს ვიწრო სპეციალისტების მხრიდან, ვინც ამარაგებს ხელისუფლებას, თუ გნებავთ - იმ კრეატიული და ინოვაციური იდეებით, რომლებმაც შეიძლება ნაყოფიერი ნიადაგი შეუქმნას მომავალ, შესაძლო, წარმატებულ მოლაპარაკებებს. თუნდაც ერთგვარი ტესტის სახითაც - ღირს თუ არა დაწყება და მივაღწევთ თუ არა ორივე მხარისთვის მისაღებ და წარმატებულ შედეგს.

 

ურთიერთობების დაკონსერვებული მდგომარეობიდან აქტიურ ფაზაში გადაყვანის ერთ-ერთ ასეთ მცდელობას 2014-2015 წ.წ. ჰქონდა ადგილი. ამ ჩანაფიქრს ჯერ კიდევ 2002 წელს ჩაეყარა საფუძველი - თუმცა მხოლოდ რაღაც ეთემერული იდეის დონეზე. შემდგომ, სამების საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე, ხარების სახელობის ეკლესიაში, საგანგებოდ ორი ლუსკუმაც აღიმართა, რათა ადრე თუ გვიან, ისტორიული და ეკლესიური თვალსაზრისით ამ სახელოვანი ჩვენი მამულიშვილების - სიძე-სიმამრის ნეშტები გადმოგვესვენა რუსეთიდან და მშობლიურ გარემოში მიგვეჩინა საპატიო ადგილი. საუბარი მიდის, რუსეთში, ასტრახანის საკათედრო ტაძარში დასვენებული ერეკლე II-ის მამის - თეიმურაზ II-სა და მისი სიმამრის - ვახტანგ VI-ის ნეშტების ჩამობრძანებაზე საქართველოში.

 

საუბარი მიდიოდა არა აფხაზეთისა თუ ცხინვალის, არამედ ჩვენი ორი მეფის ნეშტის სამშობლოში დაბრუნებაზე. რა თქმა უნდა, ამ ფაქტს სიმბოლური დანიშნულებაც მიენიჭებოდა (და ჩვენ ეს კარგად გვესმოდა) - რომ როგორც იქნა, „ყინული დაიძრა“ და რუსეთი უბრუნებს საქართველოს იმ ორ სიწმინდეს, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი ხელით ჩამოაბრძანებდა ამ ძვირფას სასახლეებს ლარსის გამშვები პუნქტიდან სამებამდე. და რუსეთის მხრიდან ეს იქნებოდა პირდაპირი მინიშნება - დიახ, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. მეტსაც გეტყვით - ამ მოვლენის პარალელურად, საქართველოში შესაბამისი პატივით მიიღებდნენ თუნდაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და მის „გა-პოზნერობას“ აქ ვერც ერთი მარგინალი ვერ გაბედავდა.

 

მოკლედ... ეს საკითხი იმ წლებში უმაღლეს დონემდე მიიტანეს ლამის, როგორც პოლიტიკურ, ასევე სასულიერო წრეებში - დეტალებისაგან თავს შევიკავებ, მაგრამ ხისტი და მოულოდნელად აგრესიული უარი მივიღეთ ამაზეც. ვერ გაჭრა ვერც მოხუცებული პატრიარქის გულის მოგებაზე და მის სიხარულზე აპელირებამ. ორი ქვეყნის ურთიერთობების დალაგების ამ „ტრიგერმა“ ვერ იმუშავა, ტესტი ჩავარდა - ამიტომ უფრო დიდი და მეტის მოლოდინი ვის ან რატომ უნდა ჰქონდეს, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ამავდროულად - ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე!

 

რუსეთის იმდროინდელი მიდგომა - რომ კრემლი არ განიხილავს პრობლემის გადაჭრას ფორმულით „საქართველო + აფხაზეთი + სამხრეთ ოსეთი = ერთიანი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო“ - არ შეცვლილა. კრემლი ამ პრობლემის გადაჭრას განიხილავს „ერთ პაკეტში“ - საკუთარი პროტექტორატის ქვეშ ამ „სამეულის“ ერთიანად შეყვანის გზით. და თუ ეს არის ქვეყნის გაერთიანების ფორმულა - ისევე, როგორც პანთურქული სამყარო ვერ ხედავს ისტორიული გურჯისთანის დანარჩენ საქართველოსთან გაერთიანების პრობლემას, ერთიანი თურანული სახელმწიფოს ფარგლებში - ამ მართლაც რომ აჯაფსანდალში ჩვენი ან სუვერენიტეტი ან დამოუკიდებლობა სად არის? მე გულწრფელად მინდა ვცდებოდე, და რა თქმა უნდა ქვეყნის გაერთიანების მიზნით - ნებისმიერი დიალოგის მომხრე ვარ! უბრალოდ კითხვები დავსვი..."- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ