"აუქციონი: ვინ გაყიდის ქრისტეს იუდაზე იაფად?!" - ამ სათაურით აქვეყნებს ბესიკ ლაგვილავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს, რომელსაც, "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:
(კორონოვირუსის გავრცელების დროს #დარჩისახლში კამპანიისას საკითხავი, ნაწილი მეორე)
გაგრძელება (თავი 1 იხ. 21 მარტის 22:00 სტატუსში)
- გფარავდეთ მამაო, წმინდა იუდა! - მღვდელს მიესალმა და მწარე ხარხარით გამოვიდა წინ ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ოცდაექვს ვერცხლად ქრისტეს გაყიდვის სურვილი გამოთქვა!
- წმინდა იუდა... საინტერესოა! ვინ ხარ? - გაიცინა აუქციონისტმა.
- ზუკა კი მქვია, მაგრამ სახელს რა მნიშვნელობა აქვს! ის რადგან ვერაფერს გეტყვის ჩემზე... ვერაფერს გაიგებ ჩემსას, თუკი "ლომკისას" თავი არ გირტყია კედლისთვის და შემდეგ ნარკოტიკების სანაცვლოდ ბარიგისთვის "იპოთეკაში" არ დაგიტოვებია საკუთარი ცოლი... ფული მჭირდება და მზად ვარ ოცდაექვს ვერცხლად გავყიდო... ქრისტე! - ნარკომანისთვის გასაოცარი სიმტკიცით თქვა.
ეს "სიმტკიცე" აუქციონისტმაც იგრძნო და გაკვირვებულმა შეხედა.
წამალს კი გაეფუჭებინა, მაგრამ ჯერ კიდევ ლამაზი მამაკაცი ეთქმოდა.
ახალგაზრდა კაცმა მისკენ მიმართული ქრისტეს მზერა იგრძნო და უცებ, სახეზე სიბრაზემ გადაუარა.
- რას მიყურებ? - მიმართა სახეგასისხლიანებულ იესოს, - წამალი გაგისინჯავს?! კაიფში გიფრენია?! აბა, შენ რა იცი, რა არის სამოთხე?!
- შენ იცი და ამან არ იცის, რა არის სამოთხე?! ეგ სამოთხეში ცხოვრობს, და იქიდან შენს გადასარჩენად ჩამოვიდა მიწაზე, - დამცინავად გაიცინა მღვდელმა.
- მასწავლი?! დამცინი?! შენ კიდევ ხმას იღებ, შე ფარისეველო?! - დამცინავი ღიმილით უთხრა ნარკომანმა მღვდელს, - რა უფლება გაქვს?! ღმერთმა თურმე კარებთან მოგაკითხა და ვერ იცანი. იმ საღამოს, როცა ღმერთი შენგან ნაჩუქარი გადასაგდებად მიჩნეული, დახეული პულოვერით, შენს გაყინულ ფარდულში იწვა და დაობებულ პურს ლოღნიდა, შენ ალბათ, კარგად გამძღარი, თბილ ოთახში ხატებთან იდექი და საკუთარი კაცთმოყვარეობით კმაყოფილი, ზეცაში დაეძებდი უფლის წყალობას! ფარისეველო!
- მართალია! ეს ღმერთი სახლში მოსვლამდეც ყოველდღე ჩემი ეკლესიის კარებთან იწვა და დახმარებას ისე ხმამაღლა ითხოვდა, იქიდან გამიგდია კიდეც,- ერთი ცრემლი ჩამოუგორდა მღვდელს, - ვერ ვიცანი!
- შენ ღმერთს ეკლესიიდან აგდებდი! - თეტარალურად გადაიხარხარა ნარკომანმა, - შენ ღმერთს ეკლესიიდან აგდებდი! შენ ღმერთმა სახლში მოგაკითხა და ხალიჩების დასვრის შიშით არ შემოუშვი.... რას ითხოვთ ჩემგან? - დარბაზს თვალი მოავლო და მზერა აუქციონისტზე შეაჩერა ნარკომანმა, - ჩემთან მარტო ეშმაკები დადიოდნენ! მხოლოდ ეშმაკები! შენ მღვდელმა, რომელიც ყოველდღე სახარებას კითხულობ, ღმერთი ვერ ამოიცანი და მე ახალგაზრდა კაცს, როგორ უნდა ამომეცნო ეშმაკი?!
- მაპატიე, შვილო ჩემო, - წაიბუტუბუტა მღვდელმა
- ჯოჯოხეთის არ გეშინია? - უცებ კითხა ნარკომანს იესომ.
ნარკომანმა გაიცინა.
- ჯოჯოხეთში ბევრჯერ ვარ ნამყოფი! ჯოჯოხეთზე უარესი არ არის, როცა ნემსზე შემჯდარი ლომკაში ხარ... სიმწრისგან საკუთარ ვენებს კბილებით ჭამ... წამლის საყიდლად, კაპიკი ფული არ გაქვს... და არც ნივთი - დასაგირავებელი. ლომბარდში რამდენჯერმე დაგირავებულ გადაგირავებული დედის და ცოლის საქორწინო ბეჭდების ქვითარი ჯიბეში გიდევს... ეს ჯოჯოხეთზე უარესია! ჯვარზე გაკვრა ამასთან შედარებით ბაირამია! ამას შენც ვერ გაუძლებდი და შენც გაყიდდი წამლისთვის საკუთარ მოწაფეებს! თუნდაც, პეტრეს... პეტრემ ხომ თავადაც გაგყიდა?! იმან ხომ სამჯერ უარგყო, სანამ მამალი სამჯერ იყივლებდა?! მოწაფეები რა მოსატანია, "ლომკისას" შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს - მარიამ მაგდალინელსაც კი გაყიდდი, ხანგრძლივი სიარულის შემდეგ, მტვრიანი და დახეთქილი ფეხები ცრემლით რომ დაგბანა, ზეთით დაგიზილა და საკუთარი თმებით შეგიმშრალა!
იესომ დანანებით შეხედა მას.
- ფული წამლისთვის გჭირდება?! - კითხა აუქციონისტმა.
- წამალი უკვე გავიკეთე! ფული ცოლისთვის მჭირდება! - მოკლედ მოჭრა ნარკომანმა, - სასწრაფოდ მჭირდება. ცოლი უნდა გადავარჩინო!
- ცოლი საავადმყოფოში წევს? - კითხა აუქციონისტმა.
- არა! ფონიჭალელ მამედას საწოლში! - გიჟივით გადაიხარხარა ზუკამ, - იმას დავუტოვე წამლის ფულის "ზალოგში"!
დარბაზში ხმაური ატყდა.
ისმოდა სიტყვები - "საზიზღარი" და "ნარკომანი რას არ იკისრებს"...
- თქვენზე უარესი არ ვარ! არც თქვენზე მეტის მკადრებელი! - დაიძახა ნარკომანმა. თვალი დარბაზს მოავლო, მღვდელს შეხედა და მზერა წვრილთვალება პოლიტიკოსზე შეაჩერა, - მე საყვარელი ადამიანი უნდა გადავარჩინო და ვყიდი. თქვენ ქრისტეს - სიამოვნებისთვისაც გაყიდით! თქვენ ჩემზე უარესები ხართ!
- რას ამბობ! იცი, მაინც ამ დარბაზში რამხელა ადამიანები სხედან?! - უთხრა ნარკომანს შეშფოთებულმა იუდამ, დარბაზს გადახედა და თვალები მოწიწებით მაღლა აღაპყრო, - პრეზიდენტები, დეპუტატები, მინისტრები, რომის პაპები, ორდენთა მაგისტრები, ბაპტისტთა ქალი ეპისკოპოსები და იმამები, ისეთი მილიარდერები, რომლებსაც საკრედიტო ბართზე არსებული ფულით, შეუძლიათ, ერთი ან ორი აფრიკული ქვეყნის ყიდვა... ისე, შენი მშობლიური საქართველოსიც... აქ არის იმამ რეზაც... ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანი..
- Hell is empty and all the devils are here! ჯოჯოხეთი ცარიელია! ყველა ეშმაკი აქ არის! - ვიღაც კამზოლში გამოწყობილი, ულვაშა კაცი, უცებ სცენაზე ახტა და დარბაზში მსხდომთა პატივისცემის ნიშნად წელში მოიხარა.
დარბაზში ხმაური ატყდა. აქა იქ ტაში დაუკრეს და უცებ ისევ ყველა გაისუსა..
- მივესალმოთ, ბატონ უილიამს! - ტაში დაუკრა აუქციონისტმა, და მოდით, დავეთანხოთ ამ ახალგაზრდა კაცსაც! არის ამ ახალგაზრდა კაცის სიტყვებში სიმართლის მარცვალი, არა?! ამიტომ, რადგან ვფიქრობ, ქრისტეს საუკეთესო გამყიდველი არ გამოგვივლენია, აუქციონი გავაგრძელოთ! - გაიცინა აუქციონისტმა და აუქციონი გააგრძელა, - ოცდაექვსი ვერცხლი - ერთი! ოცდაექვსი ვერცხლი - ორი! აბა ვინ გაყიდის ქრისტეს უფრო იაფად?! ოცდაექვსი სააა...
მომეჩვენა, რომ ახალგაზრდა ნარკომანს ქრისტემ შეხედა და ატირდა.
- ოცდახუთი! ოცდახუთი ვერცხლი! - დაიძახა დარბაზიდან ვიღაცამ და ნარკომანმა სიმწრისგან დაიბღავლა.
- ესეც არ დამანებეს! ქეთი! მაპატიე ქეთი! - დაიძახა გამწარებულმა ზუკამ, უცებ იარაღი ამოიღო და ჰაერში გაისროლა, - აბა, ყველამ ხელები მაღლა აწიეთ და თქვენი ზედმეტი მოძრაობა არ დავინახო, თორემ გაუფრთხილებლად გესვრით. აბა, ამოიღეთ ჯიბიდან საფულეები! და ამ სინზე დაალაგეთ! - თქვა მან, მაგიდაზე მდგომი გრაფინის ქვემოდან სინი გამოაძრო.
- არ გინდა! ნუ იზამ! მოგკლავენ! - დაუძახა იესომ, მაგრამ ნარკომანი აღარ უსმენდა.
- ნებით არ გინდოდათ?! ძალით მოვხსნი "დიდ კუშს". დაყაჭეთ ფული თქვე, ფულის ტომრებო! - დარბაზს მიმართა ნარკომანმა.
დარბაზი ახმაურდა. ვიღაცამ ფულით სავსე ტყავის საფულე დააგდო სინზე. მერე მეორემ, მესამემ...
- ახლავე შენს ცოლს მოვაყვანინებ! -უთხრა იესომ, - საღს და საღსალამათს მოგიყვნენ. მაქვს მე ამ ქვეყნად ამის ხელმწიფება! შემთხვევით იარაღი არ გაგივარდეს. აქ მყოფთაგან ბევრს დაცვა მოყვება! ფრთხილად იყავი, არ დაგინდობენ, გესვრიან!
წუთი არ იყო გასული, რომ დარბაზის კარები შემოაღო ულამაზესმა შათმიანმა და შავთვალება ქალმა, რომელსაც გვერდზე შავგრემანი კაცი მოყვებოდა. სახის ფერით, გარეგნობით, ახლოს ჩამჯდარი თვალებით, აზერბაიჯანელს გავდა და მე მივხვდი, რომ ეს ის მამედა უნდა ყოფილიყო, ზუკამ წამლის სანაცვლოდ, "ზალოგში" ცოლი რომ დაუტოვა.
ქალი და აზერბაიჯანელი გაოცებულნი იყურებოდნენ გარშემო. როცა შეიარაღებული ზურა შენიშნეს, შეშინებულმა ქალმა სახე ხელით დაიფარა აზერბაიჯანელი ზუკასკენ წამოვიდა.
- Эта женщина тебя больше не любить, клянусь аллахом! Она любит меня, - თქვა აზერბაიჯანელმა, - У наркоманов три варианта: тюрьма, больница и смерть ... первые два этапа ты уже прошел. Оставь её и я прощу тебе и старый долг и дам тебе героина на целый год. Больше года, ты не проживешь. А Так в каифе помреш.
- რას ამბობს ეს თათარი, ქეთი?! - იკითხა გაოგნებულმა ზუკამ და იარაღი დაუშვა...
ქეთის სახეზე სიწითლემ გადაუარა, მაგრამ პასუხი არ გაუცია. მდუმარედ იდგა. ეტყობა, ყოყმანობდა.
- აჰა, ისიც სასიყვარულო სამკუთხედი. საინტერესოა, ვისთან უნდა ყოფნა ამ ქალს, - თქვა აუქციონისტმა.
- რატომ შეწყვიტეთ აუქციონი? - დაიძახა იმან, ვინც ოცდახუთ ვერცხლად გამოთქვა ქრისტეს გაყიდვის სურვილი.
აუქციონისტმა, ფრაკი გაისწორა, Mathew Alexander-ის მიერ დაყენებულ ულვაშებზე და თმაზე ხელი გადაისვა და წინადადების პატრონს გაუღიმა, - "ნუ ღელავთ! მალე გავაგრძელებთ! უბრალოდ, ჩემი ყურადღება მიიქცია ამ დრამამ! უბრალოდ, მაინტერესებს, ვისთან ყოფნას აირჩევს ქეთი - ქმართან, რომელმაც ნარკოტიკების გამყიდველთან გირაოში დატოვა თუ თავად ნარკოტიკების გამყიდველთან."
უცებ ორჯერ გაისროლეს. ჯერ ზუკა წაიქცა, შემდეგ აზერბაიჯანელი მამედა დაემხო სახით იატაკზე...
მსროლელი, თავგადაპარსული, ორმოც წლამდე ასაკის კაცი იყო.
ქალმა ჯერ ერთ მკვდარს დახედა, შემდეგ მეორეს და შემდეგ, კარისკენ გაიქცა და კისერზე ჩამოეკიდა კარებთან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს.
- ყოველთვის არსებობს ვიღაც მესამე! - თქვა იუდამ.
- მეოთხე - გაუსწორა აუქციონისტმა და თვალებში ეშმაკურმა ნაპერწკალმა გაუელვა, - ეს სასიყვარულო სამკუთხედი კი არა ოთხკუთხედი ყოფილა.
- ჰოო. სასიყვარულო სამკუთხედები ადრე იყო. ახლა სასიყვარულო მრავაკუთხედებია მოდაში, - მათ საუბარში ჩავერთე მე.
აუქციონისტმა თვალებში შემომხედა და ეშმაკურად ჩაიცინა.
- კითხვას დაგისვამ. საქართველოში რამდენქმრიანობაა დაშვებული? - მკითხა ირონიული ღიმილით.
- ჩვენთან მონოგამიაა! - ვუპასუხე უცებ.
- აბა, რატომ ყავთ თურქეთში მომუშავე ქალთა უდიდეს ნაწილს, ერთი თურქი ქმარი საწოლში და მეორე სუფრასთან საქართველოში?
სანამ პასუხს გავცემდი, გვამები გაათრიეს. სისხლიანი კვალი კი ისე სწრაფად მოწმინდეს, რომ ვერავინ მიხვდებოდა, რომ წუთის წინ, აქ ორი გვამი ეგდო.
- "ოცდახუთი ვერცხლი - ერთი! ოცდახუთი ვერცხლი - ორი!" - დაიძახა აუქციონისტმა.
თავგადაპარსულმა კაცმა, რომელმაც წუთის წინ ორი კაცი მოკლა, იმ კაცისკენ გაიხედა, ვინც ქრისტეს გასაყიდ ფასად ოცდახუთი ვერცხლი დაასახელა. იმან ეტყობა იცნო და შეეცადა სახეზე ამ შეხვედრით გახარება გამოესახა:
- ვაა, შა...ალო?! შენ ხარ?! სად მუშაობ ახლა?!
- ქილერი ვარ! შენ მა..უკა?! - კითხა შა...ალომ.
- მე... მე ბანკირი... ბანკირი ვარ. არ გაგიგია?! - უთხრა მა..კამ.
- ჰმ, არ გამიგია! თხუთმეტი წელი ამერიკაში ციხეში ვიჯექი! არა უშავს, - ჩაიცინა ქილერმა, - თუ ბანკირი ხარ - კიდევ შევხვდებით!
მა..კას ვერ შევატყვე, რომ შა ...ალოსთან მომავალი შეხვედრით კმაყოფილი დარჩებოდა.
გაგრძელება იქნება!
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge