წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, იანვარ-მაისის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.4%-ს შეადგენს.
„წინასწარი შეფასებით, მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 13.5%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი 5 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.4%-ია“, - აღნიშნა თოდრაძემ.
მისივე თქმით, 2020 წლის მაისში განსაკუთრებით აღსანიშნავია შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ასევე ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორებში. "ექსპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით შემცირდა, 35%-ითაა შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი. მაისში ქვეყანაში 3200-მდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც დაახლოებით 33%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს,”-განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge