დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება 09.02.2021 11:18

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება. გარდა ამისა, კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე.

 

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება.

 

აღნიშნული საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან თელავში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დროულად იყოს მიტანილი მევენახე ფერმერებამდე. ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებენ სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომლებიც „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენლებთან ერთად, უახლოეს დღეებში დაიწყებენ შეხვედრებს რეგიონებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან. გარდა ამისა, მიმდინარე წელს იგეგემება ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, რაც მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენახის მოვლასა და ყურძნის კონდიციაზეა დამოკიდებული ქართული ღვინის ხარისხი, მისი საერთაშორისო რეპუტაცია და, შესაბამისად, საექსპორტო ფასი.

 

„სოფლის განვითარების სააგენტოს“ რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ შეხვედრაზე იმ აქტივობებზე ისაუბრა, რომელთა ფარგლებშიც, ფერმერები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ სამინისტროს მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის, მაღალი ხარისხის ქართული ღვინის წარმოების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

 

კახეთის სამხარეო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, კადასტრის პროგრამის დასრულება და მის საფუძველზე რთველის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონისთვის, სადაც ვენახების ფართობები ყოველწლიურად იზრდება; რთველის ორგანიზებულად ჩატარება კი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ