დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

სამშენებლო სექტორი პანდემიის პირისპირ - გაძვირდა თუ გაიაფდა ბინები 26.02.2021 16:57

კორონა ვირუსით  გამოწვეული პანდემია ეკონომიკის ყველა მიმართულებას შეეხო. გამონაკლისი არც სამშენებლო სექტორი აღმოჩნდა.  პანდემიის დროს შეფერხებული ეკონომიკური აქტივობის შედეგად, ზემოთხსენებულ  სექტორზე უარყოფითი გავლენის მინიმალიზაციისა და უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ „სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. მიუხედავად ამ და სხვა ქმედითი ნაბიჯებისა, სამშენებლო მიმართულებას დღემდე უწევს სხვადასხვა ტიპის პრობლემასთან გამკლავება.

 

თუ რა გამოწვევების წინაშეა სამშენებლო სექტორი პანდემიის პირობებში, ამასთან დაკავშირებით “ჯორჯიან თაიმსი” ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელს ესაუბარა.

 

როგორც ჩვენმა ინკოგნიტო წყარომ აღნიშნა, ამ ფონზე, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სამშენებლო მასალაზე ფასების კატასტროფული  მატებაა:

 

"ზოგადად, მასალის ფასმა მოიმატა, რაც სამშენებლო სექტორს მძიმე პრობლემად დაატყდა თავს. თუ აქამდე, პირობითად, გარკვეულ ნივთში 10 ლარს ვიხდიდით, ახლა 15 ლარის გადახდა გვიწევს. თავად ბინების გაყიდვებიც საგრძნობლად შემცირდა.

წინა წელს, სახელმწიფომ ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა, როდესაც სუბსიდირების პროგრამა აამოქმედა. ამან მოსახლეობას ბიძგი მისცა, რომ უძრავი ქონება შეეძინათ და გაყიდვების კუთხით,  სექტორიც შედარებით გამოაცოცხლა. ძალიან კარგი იქნება, თუ მთავრობა ანალოგიურ ნაბიჯებს მომავალშიც გადადგამს სამშებენებლო სექტორის წახალისებისთვის და ასევე, მობინადრეებისთვისაც."

 

სამშენებლო მასალის გაძვირებამ, ავტომატურად, ბინებზე ფასის მომატებაც გამოიწვია:

 

"სამშენებლო მასალებზე ფასის მატება, რა თქმა უნდა, აშენებული ობიექტების ღირებულებაზეც აისახა. ბინებს ფასი, ზოგადად, მაშინაც ემატება, როდესაც მშენებლობა დამთავრებისკენ მიდის და რისკფაქტორი მცირდება იმისა, რომ  ის არ დასრულდება", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

 

მიუხედავად პრობლემებისა და შექმნილი კრიზისული სიტუაციისა, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა „ჯორჯიან თაიმსთან“ პოზიტიურ მოლოდინებზე ისაუბრა:

 

"დადებითი მოლოდინები გვაქვს, იქედან გამომდინარე, რომ შეზღუდუდვები მოიხსნა, რაც ეკონომიკას გაჯანსაღების საშუალებას მისცემს, ექსპორტი და იმპორტი გაიზრდება და ბაზარზე უკვე კონკურენცია წარმოიქმნება, რაც ფასების ცვალებადობაზეც აისახება. ზოგიერთ კომპანიას, რომელმაც მეტი პროდუქტის რეალიზაცია მოახდინა, ფასების დაწევა მოუწევს. მთავრობისგან ისეთ ნაბიჯებს ველით, რომელიც სამშენებლო სექტორს უფრო წაახალისებს".

 

„ჯორჯიან თაიმსი“ ასევე დაინტერესდა, რამდენად შეეხოთ  კრიზისი და შეიცვალა თუ არა მათი ანაზღაურება სამშენებლო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, - მშენებლებს, მუშებს. როგორც გაირკვა, ამ კონკრეტულ კომპანიში ხელფასები შეუფერხებლად გაიცემა, თუმცა, როგორც ჩვენმა წყარომ აღნიშნა,  ყველა კომპანიაში ასე ნამდვილად არ ხდება:

 

"ჩვენს კომპანიაში დაქირავებული მუშახელის ანაზღაურებას კრიზი არ შეხებია. როგორც ვიხდიდით, ისევ ისე სტაბილურად ვიხდით ხელფასებს, მაგრამ, როგორც ვიცი, ზოგიერთ კომპანიებში ხელფასების გაცემა ფერხდება“.

 

 

სამშენებლო სექტორი კვლავ გამოწვევების წინაშეა.  რეგულაციების მოხსნის ფონზე, ამ სფეროში დასაქმებულთათვის მდგომარეობა შედარებით შემსუბუქდა, თუმცა, ისინი  ხელისუფლების მხრიდან კვლავ აქტიურ მხარდაჭერას საჭიროებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ