დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ეკონომიკის სწრაფი განვითარების ექს-მინისტრისეული ხედვა - "ეჭვი მეპარება, "არა ჰესების" ექსპერტებმა ეს იცოდნენ... 08.04.2021 15:50

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა საკუთარ აზრს გამოთქვამს ჰესების მშენებლობაზე და ზოგადად, ბოლო დროს ამ მიმართულებით განვითარებულ აქტივობებზე. მისი თქმით, საქართველოს ჰყავს კვალიფიციური გარემოს დამცველები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ის, რაზეც მას სურს საკუტარი აზრის დაფიქსირება.


"ამ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე მოძრაობა 'არა ჰესების" კიდევ ერთი მხარდამჭერის წერილი, რომელიც ქვეყანას, ქართულ ენერგეტიკას სთავაზობს აზერბაიჯანული "უფასო გაზით, რომელიც გვერგება" (ეს ტრანზიტის გადასახადია და ბუნებრივია უფასო არ არის) გამოყენებით, დამატებითი თბოსადგურის(ების) მშენებლობას, ჯერ 800 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზით, 4 მილიარდი კვტ/სთ ენერგიის მიღებას, შემდეგ თანდათანობით, 1,5 მილიარდი მ3 გაზის დაწვას თბოსადგურებში და ასე ქვეყნის მომავალი ელექტროენერგიის დეფიციტის დაფარვას. შედეგად ქვეყანაში "გიგანტური", ალბათ  საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობის თემის "დასრულებას" და გადასვლას თბოგენერაციაზე" - აცხადებს მირცხიულავა.


ექს-მინისტრი გაკვირვებას ვერ მალავს და ამბობს, რომ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს და სხვა გადასვლას აპირებს, ამასთან, მრავალ ქვეყანაში უკვე აქტიურ პროცესშია "მე 4 ენერგეტიკულ გადასვლა" (Energy transition), რომელიც მარტივად ნიშნავს თანდათანობით უარს წიაღისეულ საწვავზე, ჩვენ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას გვთავაზობენ, თუ "გვაიძულებენ".


"ეჭვი მეპარება, "არა ჰესების" ექსპერტებმა და მხარდამჭერებმა ეს იცოდნენ... ვფიქრობ მეტ-ნაკლებად განათლებულმა ადამიანმა იცის და, რა თქმა უნდა,  კვალიფიციურმა გარემოს დამცველმა, რომ 2023 წლიდან ევროკავშირს შემოაქვს ნებისმიერ იმპორტირებულ პროდუქციაზე ნახშირბადური გადასახადი (ნახშირბადური კვალი). ეს კი ნიშნავს: თუ პროდუქცია დამზადებული იქნება იმ ელექტროენერგის გამოყენებით, რომელიც გენერირებულია ნახშირის, ან გაზის თბოსადგურზე, ამ პროდუქციაზე გადასახდელი იქნება ნახშირბადური გადასახადი" - აცხადებს მირცხულავა.


აღსანიშნავია, რომ მირცხულავას თქმით, ეს გადასახადი არ შევა კონკრეტული ქვეყნის ბიუჯეტში, არამედ ის გადაირიცხება სპეციალურ გლობალურ ფონდში და მისი გახარჯვა მოხდება სპეციალური კლიმატურ პროგრამებზე. მისი აზრით, ბუნებრივია, შემოღებული გადასახადი ძალიან გაზრდის ნებისმიერი პროდუქციის თვთღირებულებას, როგორც უწოდებენ "ჭუჭყიანი" ელექტროენერგიის საშუალებით დამზადებული პროდუქცია იქნება გაცილებით ძვირი და მას ძალაინ გაუჭირდება, საერთოდ შეუძლებელი გახდება ბაზარზე კონკურენცია.


"ეს გადასახადი შეეხება ნებისმიერ პროდუქტს არის ეს ტანსაცმელი, ქიმიური პროდუქცია, ფეროშენადნობი, აზოტოვანი სასუქი თუ ფოლადი. ევროკავშირში იმპორტირებული პროდუქტი მაღალი "ნახშირბადის კვალით", მაგალითად, ნავთობის, გაზის, ლითონების, ცემენტის, სასუქის და ა.შ. მათთვის განისაზღვრული იქნება სათბური გაზის ემისიების ლიმიტი, ევროკავშირის სტანდარტებით. თუ ისინი გადააჭარბებენ ამ ლიმიტებს, ექსპორტიორი აუცილებლად გადაიხდის გადასახადს. ეს კი აუცილებლად გამოიწვევს გლობალური ბაზრების გადახედვას, ქვეყნები ვისაც ამის შესაძლებლობები აქვთ  დაიწყეს (დაიწყებენ) სწორედ ”სუფთა მწვანე ენერგიით“ დამზადებული პროდუქციით, ახალი ნიშის ძებნას ამ ბაზრებზე.


მირცხულავას აზრით, უამრავი ქარხანა და მისი მფლობელი მსოფლიოში შეეცდება და უკვე ცდილობს კიდეც შეარჩიოს თავისი წარმოებისათვის ისეთი ადგილმდებარეობა, სადაც ექნება განახლებად ენერგიით მიღებულ ელექტროენერგიაზე წვდომა და ეს პროცესი უკვე ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. 
 

"ჩვენ კი ჰესების მაგიერ, "გარემოს დამცველები" დიდ მასშტაბურ თბოსადგურებს გვთავაზობენ. რეგიონის ქვეყნებთან შედარებით (აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, სომხეთი) საქართველოში დამზადებულ, შექმნილ პროდუქციას ნახშირბადური კვალი ექნება გაცილებით ნაკლები, რადგან ზემოთ აღნიშნული ქვეყნების ენერგეტიკა მეტადაა დამოკიდებული გაზის, ნახშირის გენერაციაზე. ამ ფაქტორის გათვალისწინებით საქართველოს რეალურად გააჩნია აშკარა,  დიდი სასტარტო უპირატესობა და დიდი შანსი ზემოთ ჩამოთვლილ მეზობლებთან შედარებით მაქსიმალურად გამოიყენეოს ეს წინაპირობები, რადგან ჩვენი გენერაციის თითქმის 80% მოდის სწორედ განახლებად ენერგიაზე ჰიდროსადგურებზე და ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ქარის სადგურზე. ნახშირბადური გადასახადის შემოღებით გაჩენილი ახალი რეალობის გათვალისწინებით და თავისი ბუნებრივი პოტენციალური ენერგეტიკული რესურსებით, საქართველოს  აქვს უდიდესი  პერსპექტივა მდგრადი განვითრების პრინციპების გათვალისწინებით განახლებადი ენერგიის რესურსის ათვისების შემთხვევაში მიაღწიოს  ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, სიღარიბის დაძლევას, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას" - მიაჩნია ექს-მინისტრს.


მირცხულავა ხაზს უსვამს, რომ ენერგეტიკის განვითარების მამოძრავებელი ძალა დღეს არის, არა ეკონომიკური მიმზიდველობა ენერგიის წყაროების, არამედ ახალი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი "ბრძოლა კლიმატის ცვლილებასთან".  მას მაგალითად ნორვეგია მოაქვს.


"ნორვეგიას მარაგები აქვს ნავთობის, ბუნებრივი გაზის და მაქსიმალურად ცდილობს ეს რესურსი ქვეყნის შიგნით მინიმალურად გამოიყენს, მისი მთელი ენერგიის გენერაცია განახლებადი ენერგიის წყაროებს უკავშირდება და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჰიდროენერგეტიკას. ნორვეგიაში გენერირებული 149  მილიარდი კვტსთ-დან 143 კვტ/სთ მოდის ჰიდროენერგეტიკაზე (ჩვენი ჰიდროს 9 მილიარდი კვტ/სთ ძალიან მორიდებულად გამოიყურება), 2,1 მილიარდი კვტ/სთ ქარზე, 0,2 კვტ/სთ გეოთერმიაზე.


მირცხულავას ინფორმაცით, ბოლო დროს, სწორედ  ნახშირბადური გადასახადის შემოღებასთან დაკავშირებით, ნორვეგიაში  ხაზს უსვავენ  ჰიდროენერგეტიკის კიდევ ერთ უპირატესობას - მის კლიმატურ ნეიტრალურობას. ნორვეგიის სამეფოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მათი ჰიდროელექტრო სადგურების როლი 21 ე საუკუნეში, გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება.


"ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების გეგმები ეტაპობრივად უარი თქვან წიაღისეული ენერგიის გამოყენებაზე ელექტროენერგიის მისაღებად, გაცილებით უზრდის პერსპექტივებს ნორვეგიულ ჰიდროენერგეტიკას რეგიონში. მაგალითად, შვედეთსა და ფინეთში, სავარაუდოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება ნორვეგიის ჰიდროელექტროსადგურის პოტენციალის გამოყენების წილი. ჰიდროგენერაციის ზრდა კი ხელს უწყობს ეკონომიკის მასთან დაკავშირებულ სექტორებს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეგიძლიათ ნახოთ ნორვეგიის ჰესების რუკა" - აცხადებს მირცხულავა.










ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ