დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ნასესხები თანხების აუთვისებლობის გამო საქართველო 9.6 მლნ ლარით დაჯარიმდა 11.06.2021 00:43

ეკონომიკური ვარდნის ფონზე სახელმწიფოს 2020 წელს დაგეგმილზე 5.1 მლრდ ლარით მეტის სესხება მოუწია, შედეგად ქვეყნის საგარეო ვალმა მშპ-სთან მიმართებაში 2002 წლის შემდეგ პირველად სახიფათო 60%-იან ზღვარს გადააჭარბა. პრობლემები შეიქმნა ნასესხები თანხების ათვისებაშიც. გეგმის ჩამორჩენისა და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო საქართველოს დამატებით 9.6 მლნ ლარის გადახდა მოუწია.

 

ვალის ზომას მხოლოდ ნასესხები თანხის მოცულობა არ განსაზღვრავს. საქართველოს საგარეო ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში ძირითადად დოლარში და ევროში აქვს. შესაბამისად ყოველთვის, როდესაც ლარი უფასურდება ქვეყნის დავალიანება იზრდება, გამყარებისას კი პირიქით - მცირდება. აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მთავრობის ვალის ნასტის 79.1% უცხოურ ვალუტასი იყო დენომინირებული. ვალის ზრდაში ვალუტის გაუფასურებას 41%-იანი ეფექტი ჰქონდა, ახალი ვალის აღებას კი 59%-იანი. გარდა ამისა ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზომაც. პირობითად $50 მლრდ-იანი ვალი საქართველოსთვის ძალიან ბევრი იქნება, ჩინეთისთვის თითქმის უმნიშვნელო.

 

განვითარებად ქვეყნებს, მაღალი რისკის გათვალისწინებით სხვა სახელმწიფოებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან სესხის აღება განვითარებულებთან შედარებით უფრო მაღალ პროცენტში უწევთ. ასევე მიჩნეულია, რომ განვითარებადი ქვეყნების ვალი მშპ-ს მიმართაც უფრო დაბალი უნდა იყოს. აშშ-ის, იტალიასა და იაპონიას თუ საკუთარ ეკონომიკაზე უფრო დიდი მოცულობის ვალის მომსახურება შეუძლიათ, განვითარებად ქვეყნებში აღნიშნული დეფოლტის რისკს ზრდის.

 

საქართველოს შემთხვევაში  თავისუფლების აქტი მშპ-სთან მიმართებაში სახელმწიფო ვალის 60%-იან ზღვარის გადალახვას კრძალავს. ასევე აკრძალულია 3%-ზე უფრო მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი. დღეს ვალი უკვე აჭარბებს 60%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 7%-ს. კანონი მაინც არ ირღვევა, რადგან იგივე კანონი 2 გამონაკლისს უშვებს: 1) საგანგებო ან საომარი მდგომარეობა. 2)  თუ ზედიზედ 2 კვარტალის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2 პროცენტული პუნქტით ან უფრო მეტით დაბალია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. საქართველოში საგანგებო მდგომარეობაც იყო გამოცხადებული და ეკონომიკური ზრდის ტემპი არათუ 2%-ით, 11.2%-ით 5%-დან მინუს 6.2 პროცენტამდე შემცირდა.

 

ისტორიულად საქართველოს ყველაზე მაღალი ვალი მშპ-ის მიმართ 71% 1999 წელს ჰქონდა, ყველაზე დაბალი - 23% კი 2007 წელს. პირველ შემთხვევას აზიის კრიზისი და რუსეთის გაბანკროტება უძღოდა, რამაც გავლენა საქართველოზეც იქონია, მეორე შემთხვევაში კი ვალი ლარის გამყარებამ და ეკონომიკის 12.6%-იანმა ზრდამ შეამცირა. მშპ-ის ზრდის ტემპის კლებისა და ვალუტის გაუფასურების გამო, 2016 წლიდან სახელმწიფო ვალის მოცულობამ მშპ-სთან მიმართებაში 12 წლიანი პასუზის შემდეგ 40%-იან ზღვარს კიდევ გადააჭარბა და 2019 წელს 48.9%-ს მიაღწია, 2020 წელს კი 60.8% გახდა.

 

ბიუჯეტის კანონში შეტანილი ცვლილებებით 2020 წელს დამატებით 5.6 მლრდ ლარის სესხის აღება დაიგეგმა, თუმცა ქვეყანამ მხოლოდ 5.1 მლრდ-ის მიღება შეძლო. ამ თანხიდან პანდემიის საპასუხოდ გასატარებელი კონკრეტული ღონისძიებებისთვის 3.5 მლრდ გამოიყო, საიდანაც 3.2 მლრდ დაიხარჯა.

 

შექმნილი პანდემიური ვითარების გათვალისწინებით, 2020 წელს ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხების მოცულობამ საინვესტიციო კრეტიდებს 2.4 მლრდ ლარით გადააჭარბა და სესხის მთლიანი მოცულობის 73%-ს მიაღწია. საინვესტიციო სესხისგან განსხვავებით ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხებს კონკრეტული მიზნობრიობა არ გააჩნიათ მიმდინარე საჭიროებების დასაფინანსებლად გამოიყენება.

 

მიზნობრივი საინვესტიციო სესხები კი აუთვისებელ თანხებზე ვალდებულების გადასახადს ე.წ. Commitment Fee-ს ითვალისწინებს. 2020 წელს მიღებული კრედიტებიდან აუთვისებელი თანხების გამო საქართველოს ჯამში 9.6 მლნ ლარის ვალდებულების გადასახადის გადახდა მოუწია, რაც 2019 წლის მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აღემატება.

 

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით საქართელოს, სახელმწიფო საგარეო ვალი $7.721 მლრდს (26.341 მლრდ ლარს) შეადგენს. ცალკეული სახელმწიფოების მიმართ დავალიანება $1.571 მლრდ-ს უდრის, მათგან $1.569 მლრდ ისეთ კრედიტორებზე მოდის ვის მიმართაც სახელმწიფოს $1 მლნ-ზე მეტი მართებს, ასეთი კი სულ 12 ქვეყანაა. ამ ვალის 44.7% გერმანიისგანაა ნასესხები, 35.3% საფრანგეთისგან და 13% იაპონიისგან. დანარჩენი სახელმწიფოების მიმართ დავალიანება 7.1%-ს უდრის.

 

დავალიანება გაცილებით დიდია და $5.281 მლრდ-ს შეადგენს საერთაშორისო ფინანსური ინსიტუტების, გაერთიანებებისა და ფონდების მიმართ. ქვეყანას ყველაზე მეტი - $2.031 მლრდ მსოფლიო ბანკისა და მასში შემავალი ინსტიტუტების მართებს, დავალიანება $1.5 მლრდ-ს აჭარბებს აზიის განვითარების ბანკის წინაშეც, $700 მლნ-ს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიმართ.

 

თუ სახელმწიფომ დამატებითი მოკლევადიანი ვალი არ აიღო, ან არსბული რსტრუქტურიზაცია არ მოახდინა, 2026 წლამდე $2.290 მლრდ ექნება გასასტუმრებელი, მათ შორის 2021 წელს - $345 მლნ, ყველაზე ბევრი - $523 მლლნ კი 2024 წელს.

 

 

 

 

commersant.ge

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ