დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სხდომის თბილისში გამართვა მნიშვნელოვანი აღიარებაა ჩვენი ქვეყნისთვის“- მარიამ ქვრივიშვილი 16.09.2020 12:36

 

 

„გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს სხდომის თბილისში გამართვა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს,“- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა,


მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ დღეს, საერთაშორისო არეალზე კიდევ ერთი უდიდესი აღიარება მოიპოვა, როგორც ქვეყანამ, რომელიც პანდემიის დროს მასპინძლობს მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის ღონისძიებას.


„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ქვეყნისთვის, რომელიც ტრადიციის მიხედვით ტურისტულად ძალიან აქტიურია. დღევანდელ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ დღეს, საერთაშორისო არეალზე კიდევ ერთი უდიდესი აღიარება მოიპოვა, როგორც ქვეყანამ, რომელიც პანდემიის დროს მასპინძლობს მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის ღონისძიებას. ეს არის მნიშვნელოვანი აღიარება ჩვენი ქვეყნისთვის. სწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა, წარმატებულმა ბრძოლამ, რომელიც საქართველოს მთავრობამ პანდემიის მსვლელობისას გასწია, განაპირობა ის, რომ საქართველო შეირჩა აღნიშნული ღონისძიებისთვის, როგორც მასპინძელი ქვეყანა. ღონისძიების მსვლელობისას დელეგატებისგან, ისევე, როგორც გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მდივნისგან არაერთი პოზიტიური შეფასება მოვისმინეთ საქართველოსადმი, როგორც პრეცედენტული მოვლენა, რომ ჩვენ ვმასპინძლობთ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას,“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.


საქართველოში გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს ფარგლებში, 24 ქვეყნიდან ჩამოსულია 170-მდე დელეგატი. როგორც მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, ეს ღონისძიება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას დაეხმარება მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივით და გაამყარებს ძლიერ მესიჯს, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ასეთ ღონისძიებას ყველა პროტოკოლის დაცვით უმასპინძლა.


შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა გაიხსნა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ