რა იქნება პუტინის მომდევნო ნაბიჯი უკრაინის მიმართ - რას წერს ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსი“

ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) მოსკოველი კორესპონდენტის ანტონ ტრაიანოვსკი სტატიაში საTაურით „ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ: ვლადიმერ პუტინის მომდევნო ნაბიჯი უკრაინის მიმართ ჯერ-ჯერობით გაურკვეველია“ აანალიზებს რუსეთის ოფიციალური პირების ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს. „დელეგაციის მეთაურმა სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკება უიმედო არ არისო, ამ დროს პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი ამბობს, ოპტიმიზმისთვის არანაირი განსაკუთრებული საფუძველი არ არსებობსო. იმავე რიაბკოვის თქმით, რუსეთს არანაირი ვადები არ დაუწესებია აშშ-სადმი თავის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

მოსკოველი პოლიტოლოგები ოფიციალური პირების გამონათქვამების კომენტირებას თავს არიდებენ: „შემიძლია გითხრათ ჩემი საექსპერტო აზრი: საერთოდ აზრზე არავინ არ არის“, - ციტირებს „ნიუ-იოკ თაიმსი“ პოლიტოლოგ ფედორ ლუკიანოვის ნათქვამს. „არავინ ასი პროცენტით არ იცის, მზად არის თუ არა ვლადიმერ პუტინი ომისათვის თუ ეს ყველაფერი ბლეფია“, - ამბობს ტატიანა სტანოვაია.

 

როგორც ჩანს, წინააღმდეგობრივი ოფიციალური განცხადებების სიუხვე მოწოდებულია იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტის ჭეშმარიტი მიზნები შენიღბული იყოს.

 

ფედორ ლუკიანოვი აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვლადიმერ პუტინს საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში მონოპოლია აქვს. ამასთან, იგი ერთგვარ საკარანტინო პირობებშია და მასზე გადამწყვეტი გავლენა არცერთ დაახლოებულ პირს არ აქვს. „პრეზიდენტისათვის ამა თუ იმ ინფორმაციის გადაცემისას ვერცერთი პიროვნება ვერ ახდენს მასზე გავლენას და არ იცის, თუ რა შედეგი მოჰყვება“, - ამბობს ლუკიანოვი.

 

ის, რომ რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკება პირველივე დღეს არ შეწყვეტილა, შესაძლოა იმას მოწმობდეს, რომ რუსი დიპლომატები გარკვეული კომპრომისის შესაძლებლობას ხედავენ, მაგრამ იმავდროულად ექსპერტები მოუწოდებენ, რომ მოლაპარაკების პერსპექტივებს ზედმეტად ნუ გადააფასებენ: „იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც დიპლომატებმა ვთქვათ და რაღაცაზე  მოილაპარაკებენ, რუს ძალოვნებს, რომლებსაც პუტინი ყველაზე მეტად უსმენს, შეუძლიათ ყველანაირი გარიგება ჩაშალონ“, - ამბობს ტატიანა სტანოვაია.

 

ყველა შემთხვევაში კი, თვითონ სერგეი რაიბკოვმაც, რომელიც იფიცება, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას არ გეგმავსო, რასაკვირველია, კრემლის ნამდვილი მიზნები არ იცის“, - ასეთია ნიუ-იორკ თაიმსის“ მიერ გამოკითხული ექსპერტების თვალსაზრისი.


წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები