"დასავლეთი, როგორც ჩანს, ყველაზე უარესი მსოფლიოს არქიტექტორი ხდება" - The Hill

აშშ-ის გაზეთ The Hill-ში (ცენტრისტული მიმართულების მქონე გამოცემა, რომელიც  ორიენტირებულია  კონგრესმენებზე და ლობისტებზე), გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კრიზისის განმუხტვა ევროპაში: უფრო უკეთესი იდეა უკრაინისთვის, ვიდრე ნატოს წევრობა“ (ავტორი - მაიკლ ჰენლონი, ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი), რომელშიც განხილულია აღმოსავლეთევროპული უსაფრთხოების საკითხები რუსეთ-აშშ-ნატოს ბოლოდროინდელი დაპირისპირების ფონზე, კერძოდ - უკრაინისა და საქართველოსთვის ნეიტრალური ქვეყნების სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა.

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს.

 

„რუსეთი ამერიკისგან და ნატოსგან ითხოვს გარანტიებს, რომ უკრაინა და სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები, მაგალითად, საქართველო, მომავალში ალიანსის წევრები არ გახდებიან. გარდა ამისა, რუსეთს სურს, რომ ნატომ იარაღი არ განალაგოს თავის აღმოსავლეთ-ევროპული წევრების ტერიტორიაზე, რომლებიც ბლოკს „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ შეუერთდნენ.

 

ნატოს არ შეუძლია რუსეთის მოთხოვნებისა და სურვილების დაკმაყოფილება. ნატოს არ სურს რუსეთს გავლენის სფერო ჰქონდეს, რომელიც მისი მეზობლებზე გავრცელდება, ამიტომაც ყოველი გარიგება, რუსეთის პირობებზე დამყარებული, ნატოსათვის მიუღებელი იქნება.

 

მაგრამ დასავლეთისათვის აუცილებელია ფუნდამენტურად შეცვალოს რუსეთთან დიალოგი და ევროპული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია შეიმუშაოს. „დიახ, მოსკოვის საქმე არაა, რომელ ქვეყანას მიიღებს ნატო თავის რიგებში, მაგრამ რუსეთი წინააღმდეგიც რომ არ იყოს, უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები მაინც არ უნდა გახდნენ. 

 

ამჟამად დასავლეთი, როგორც ჩანს, ყველაზე უარესი მსოფლიოს არქიტექტორი ხდება. 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსი საქართველოსა და უკრაინას დაჰპირდა, რომ საბოლოოდ ორივე იქნებოდა ბლოკში მიღებული, თუმცა რაიმე კონკრეტული ვადისა და მიღების დეტალების დაზუსტება არ მომხდარა. დღეს ნატოს ამ ქვეყნების დაცვა არანაირად არ შეუძლია. ამავე დროს ვლადიმერ პუტინს კი, რომელიც აცნობიერებს ნატოს დაინტერესებას ამ ქვეყნების მიღებით, აქვს მიზეზი - საქართველოს და უკრაინაც ისე დაასუსტოს და ისე მოახდინოს მათი დესტაბილიზება, რომ ისინი ნატოს წევრები ვეღარ გახდნენ. დღევანდელი კრიზისის საფუძველს სწორედ რუსეთის მიზანი წარმოადგენს - მოსკოვი ცდილობს თვითონ განაგოს ამ ქვეყნების ბედი და მათზე იბატონოს. კრემლი სწორედ ამას აკეთებს უკანასკნელი 14 წლის მანძილზე თბილისისა და კიევის მიმართ.

 

დასავლეთის სახელმწიფოებმა დროა დაიწყონ ფიქრი უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე საქართველოსა და უკრაინისათვის. ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ ნატოს ჩარჩოებში უნდა დაიწყოს, მოგვიანებით განხილვას ორივე ქვეყანა შეუერთდება, შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება მოსკოვთან შეთანხმებაზე მუშაობა დაიწყოს. დიალოგის საკითხები, რომლის ხასიათი თავდაპირველად უფრო ფილოსოფიური უნდა იყოს, შეიძლება მიმდინარე მოლაპარაკების დღის წესრიგში იქნეს ჩართული.

 

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების სამომავლო კონცეფციის ბირთვი იმ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მუდმივი ნეიტრალიტეტი უნდა გახდეს, რომლებიც ნატოში არ შედიან - ესენია უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი აზერბაიჯანი. იმავდროულად ნატოს და რუსეთს მოუწევთ ვალდებულება აიღონ ყველა დასახელებული ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, განსაკუთრებით კი საქართველოსა და უკრაინის მიმართ. რუსეთს მოუწევს აღნიშნული ქვეყნებიდან თავისი ჯარების გაყვანა (ყირიმის საკითხი ძალიან დელიკატურად უნდა მოგვარდეს. ალბათ, მოსკოვი უარს იტყვის ამ ნახევარკუნძულის დაბრუნებაზე უკრაინისთვის).

 

ამ გეგმების რეალიზების შემდეგ დასავლეთმა რუსეთს სანქციები უნდა მოუხსნას, მაგრამ უნდა იქნეს დათქმული, რომ სანქციების რეჟიმი კვლავ დაბრუნდება, თუ მოსკოვი თავის ვალდებულებას დაარღვევს და უარს იტყვის „თავი შორს დაიჭიროს“ ზემოთ ხსენებული სუვერენული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებისაგან.

 

ნეიტრალური ქვეყნის სტატუსის მიღებით ჩამოთვლილ ქვეყნებს შეუნარჩუნდებათ  თავიანთი უფლებები მონაწილეობა მიიღონ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მრავალმხრივ ოპერაციებში, თანაც ისეთებშიც, რომლებიც ნატოს ეგიდით ჩატარდება. მათ შეუძლიათ საკუთარი თავი დასავლურ სამყაროს მიაკუთვნონ (ან რომელსაც თვითონ მოისურვებენ), მათ სრული სუვერენიტეტი ექნებათ ყოველი საკითხის გადაწყვეტის დროს ამ ტერმინის სრული მნიშვნელობით, მათ ექნებათ შესაძლებლობა ევროკავშირში გაერთიანდნენ, როცა ამისთვის მზად იქნებიან. მაგრამ იმავდროულად ისინი ვერ იქნებიან აშშ-ის მოკავშირეები და ნატო ვალდებული არ იქნება ისინი დაიცვას.

 

უკრაინა და საქართველო მშვენიერ, მაგრამ [ამერიკისთვის] შორეულ ქვეყნებს წარმოადგენენ. ისინი ნაკლებად მნიშვნელოვანნი არიან აშშ-ის უსაფრთხოებისათვის, ვიდრე რუსეთისათვის. მოსკოვს უსაფრთხოების თავისი აღქმა აქვს, რადგან ეს ქვეყნები რუსეთს უშუალოდ ესაზღვრებიან. მართალია, ვლადიმერ პუტინი თავის მოთხოვნებს უხეში ფორმით აყენებს, უსაფუძვლო ფორმულირებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი დასავლეთის მიერ ხელაღებით იქნას უარყოფილი.

 

მოკლედ, ეს ქვეყნები ნატოს წევრები არ უნდა გახდნენ - იმ დრომდე მაინც, სანამ ევროპული უსაფრთხოება არ შეიცვლება, ანუ როცა ნატოს წევრობას, დღევანდლისგან განსხვავებით, სულ სხვა შინაარსი და მიზანი ექნება. ჩვენ ისედაც დავაგვიანეთ აღმოსავლეთ ევროპული უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მსჯელობის დაწყება და ამიტომ საუბარს ახლავე უნდა შევუდგეთ“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები