დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"2021 წელს წლიურ მაჩვენებელში ექსპორტის რეკორდულმა მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა" 14.01.2022 13:55

საქართველოს ეკონომიკის  კოვიდ რეცესიული შოკიდან სწრაფი გამოსვლის  ფონზე, რაც წლის ბოლოს ორნიშნა ზრდაში აისახა,  საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესება და ექსპორტის სარეკორდო ზრდაც ადასტურებს. წინასწარი პროგნოზით, 2021 წლის ბოლოს ეკონომიკა 10.7 პროცენტით გაიზრდება, რაც რეგიონში და ევროპაში ირლანდიის შემდეგ მეორე მაჩვენებელია! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი გიურგი ცუცქირიძე წერს.

 

"ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ფონზე, 2021 წელს საგარეო ვაჭრობის არა მხოლოდ სრულ გაჯანსაღებას ჰქონდა ადგილი, არამედ ექსპორტის, იმპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობაც დაფიქსირდა.

 

უკვე ნოემბერში ჩანდა, რომ წლის ბოლოს ექსპორტი ბოლო წლების რეკორდს მოხსნიდა, მათ შორის  ადგილობრივი ექსპორტის თვალსაზრისით და წლის ბოლოს აცდებოდა რა 3 მილიარდ აშშ დოლარს, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევდა. 

 

2021 წლის დეკემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 28.8 პროცენტით გაიზარდა და  გადააჭარბა 2019 წლის დეკემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებს (2021 წლის დეკემბრის ექსპორტი 2019  წლის დეკემბრის ექსპორტს 23.5 მლნ. აშშ. დოლარით, 5.9%-ით აღემატება). 

 

შესაბამისად,  2021 წელს წლიურ მაჩვენებელში ექსპორტის რეკორდულმა  მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა, არა თუ პანდემიური პერიოდის, არამედ  2019 წლის - პანდემიამდე პერიოდის,  აქამდე არსებულ რეკორდულ მოცულობასაც კი.  

 

2021 წელს ექსპორტი გაიზარდა 26.9 პროცენტით და 4,242.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია და 11.7%-ით აღემატება 2019 წლის (პანდემიამდე) მონაცემს, როცა ექსპორტის წინა რეკორდული მოცულობა (3,798.4 მლნ. აშშ. დოლარი) დაფიქსირდა. 

 

ამასთან, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა, გავიდა რა 3.2 მილიარდიან ახალ ისტორიულ მაჩვენებელზე, მთელი 50 %-ით აღემატება პანდემიამდე პერიოდის - 2019 წლის ნოემბრის მონაცემებსაც კი, რაც მთლიანი ექსპორტის 74 პროცენტს შეადგენს და მთელი 10 პროცენტით მეტია იგივე 2019 წლის ანალიგიურ მაჩვენებელზე.

 

ნიშანდობლივია, რომ 2021 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვაც 25.6 პროცენტით (14,319.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), რაც 7.5 პროცენტით აღემატება 2019 წლის მონაცემს. გაუმჯობესებულია სავაჭრო დეფიციტის თანაფარდობაც მთლიან სავაჭრო ბრუნვაში, რაც 43 პროცენტიდან 40 პროცენტამდეა შემცირებული.

 

შედარებისათვის, კრიზისულ 2020 წელს ექსპორტი 12.0 პროცენტით შემცირდა და 3,343.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 15.4 პროცენტით ნაკლები იყო წინა წლის მაჩვენებელზე და 8,052.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა.

 

ადგილობრივი ექსპორტის ზრდის შთამბეჭდავი დინამიკა, იმითაც არის აღსანიშნავი, რომ საექსპორტო პროდუქცია ადგილობრივი ნაწარმის სახით, ქმნის რა დამატებულ ღირებულებას ეკონომიკაში, ეკონომიკის ზრდის და დასაქმების კონტრიბუციასთან ერთად, ლარის გამყარების მნიშვნელოვან ფუნდამენტურ ფაქტორსაც წარმოადგენს. ამასთან,  კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობას, რომელიც "აწარმოე საქართველოს" და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება თანადაფინანსების მექანიზმების სახით და რომელთა დაფინანსებაც 2022 წლის ბიუჯეტში სულაც სარეკორდო 270 მილიონ ლარამდეა გაზრდილი, ექსპორტის მხარდაჭერის თვალსაზრისით"- წერს გიორგი ცუცქირიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ