დღე: 27

ღამე: 18

USD 2.9289

EUR 3.0821

თბილისი ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

წელს ტარდება კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი 2022. 1-18 სექტემბერს თბილისი ევროპის 3 ქალაქთან (კიოლნი, პრაღა, მილანი) ერთად კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

 

პრემიერის თქმით, თბილისში ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მატჩები ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრების გარდა ითამაშებენ ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები. 

 

„სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ევროპის ჩემპიონატის მისაღებად დედაქალაქში ახალი ევროპული სტანდარტების სპორტის სასახლე შენდება, რომელიც იქნება დასრულებული ამ ზაფხულს და ჩვენ ღირსეულად ჩავატარებთ ევროპის ჩემპიონატს თბილისში. 

 

აქვე მინდა სიხარულით აღვნიშნო, ჩვენთვის ყველასთვის სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრები სექტემბერში ზედიზედ მე-5 ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რაც ქართული კალათბურთის და ზოგადად ქართული სპორტის დიდი წარმატებაა" , -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ  ფეხბურთის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება 2023 წელს. 

 

„თბილისსა და ბათუმში, ასევე ქუთაისშიც გაიმართება მატჩები. რუმინეთთან ერთად ჩვენ ვუმასპინძლებთ 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს. ჩამოვლენ უძლიერესი გუნდები, 8 გუნდი ჩამოვა, 8 ქვეყნის შერჩეული გუნდი ჩამოვა საქართველოში და ფინალური მატჩი გაიმართება ბათუმის ახალ სტადიონზე, რომელიც საქართველოს მთავრობის დაფინანსებით აშენდა და ეს იქნება ძალიან დიდი მოვლენა 2023 წელს. ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი ჩამოვა საქართველოში და ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს მათი ხილვის შესაძლებლობა მიეცემა. 

 

ქალბატონ თეასთან ერთად, მე მქონდა შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთან, ბატონ ლევან კობიაშვილთან და ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე და ვთქვით, რომ საჭიროა დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნა.  დღეს შეიქმნება დროებითი სამთავრობო კომისია, რომელიც ორგანიზებას გაუწევს სწორედ ამ ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას და მასთან დაკავშირებით ყველა საკითხს მოაგვარებს. 

 

ასევე, 2023 წლის 19 თებერვლიდან - 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი  „თავისუფალ სრიალში თხილამურებით და სნოუბორდის", რაც ასევე დიდი მოვლენაა და ამისთვის ინტენსიურ სამუშაოებს ვახორციელებთ. 3 ახალი სასრიალო ტრასა მოეწყობა, ხელოვნური ტბები და ა.შ. უამრავი სამუშაო ტარდება, რაც საბოლოო ჯამში, ბაკურიანს და ჩვენს მოსახლეობას დარჩება. 

 

მიმდინარე წლის 18-19 თებერვალს და 5-6 მარტს ბაკურიანი მსოფლოს თასის ეტაპებს უმასპინძლებს, რომელიც საერთაშორისო ფედერაციასთან აღებული ვალდებულების ნაწილია", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ