დღე: 11

ღამე: 4

USD 2.7374

EUR 2.9058

"თუ რამდენიმე დღეში დავუბრუნდებით ცივი ომის მდგომარეობას, ამაზე მადლობა უნდა ვთქვათ“ - ისტორიკოსი რუსეთ-უკრაინის მოვლენებზე 25.02.2022 15:07

”რუსეთი მზაკვრულად დაესხა ჩვენს სახელმწიფოს თავს დილით ადრე, ისევე – როგორც ნაცისტური გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს” - ვლადიმერ ზელენსკი (უკრაინის პრეზიდენტი).


24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და ამ დრომდე ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს.


ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. ხელისუფლება მოქალაქეებს სახლში დარჩენისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. დასავლეთში მოსკოვის აგრესია დაგმეს  და ახალი სანქციები დაუწესეს.


უკრაინის ოფიციალური პირები სოციალურ ქსელში წერენ, რომ რუსული ძალები კიევში იმყოფებიან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მტერი ობოლონის რაიონში იმყოფება.


უწყება ადგილობრივებს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ გაკეთებისკენ მოუწოდებს.


"გააკეთეთ „მოლოტოვის კოქტეილები", გაანეიტრალეთ ოკუპანტი! მშვიდობიანო მოქალაქეებო - ფრთხილად, არ გახვიდეთ სახლებიდან!"- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

 

უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე გამოეხმაურა.

 

- როგორ შეადარებთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და 2008 წლის აგვისტოს ომს? იმავე სცენარით მოქმედებს რუსეთი?

 

- შესადარებელი არაფერია, ვაშლი რომ გაჭრათ შუაზე,  არის რამე შესადარებელი ერთი ნახევრისა და მეორესი?! ისინი ფაქტობრივად იდენტურია. აბსოლუტურად ერთი და იმავე მოვლენასთან  გვაქვს საქმე. იგივე სცენარი იქნა ჩაფიქრებული და განხორციელებული 2008 წელს.  ერთადერთი განსხვავება ამ ორ მოვლენას შორის ის არის, რომ მაშინ საქართველო აბსოლუტურად მარტო აღმოჩნდა ამ მოვლენის წინაშე. უბრალოდ, დეპარტამენტის კი არა, სენატის (პარლამენტის) დონეზე მაინც რომ გაკეთებულიყო დასავლეთის ქვეყნების, ან მსოფლიოს სხვა ქვეყნების განცხადებები, - ესეც კი არ იყო მაშინ.  მხოლოდ გაზეთებსა და მედიაში გამოხატული მხარდაჭერები იყო, რომლებიც, ფაქტობრივად არაფერს ნიშნავდა. პირისპირ დავრჩით ამხელა „ვეშაპთან“.


ამ 14 წლის მანძილზე მსოფლიო შედარებით მზად შეხვდა ამ მოვლენას, თუმცა, ცუდ სცენარებზე ვფიქრობ. თუ კარგად დამთავრდა, რა თქმა უნდა, სასიხარულოა.

 

უკრაინისადმი მხარდაჭერა დღეს საკმაოდ ეფექტურია. ქვეყნები იმუქრებიან სანქციებით და აუცილებლად გაატარებენ, მაგრამ ვშიშობ, ბრძოლის ველზე მიმდინარე ამბებს რომ ამან რამე უშველოს. სულაც არ მინდა, რომ საქმეში ნატო ჩაერიოს, ამას მოჰყვება მსოფლიო თუ არა, რეგიონული დაპირისპირება.  ეს მოვლენები მსოფლიოს გადაჩეხვაა სრულიად უცნობ მომავალში. რა უნდა ეშველოს? - ამას ჩვენზე უკეთ  ის ქვეყნები სჯიან, რომლებიც ჩარეულები არიან ამ პროცესში და მათ ამ უბედურების წინააღმდეგ საბრძოლველად რამე უნდა მოიფიქრონ.  თუ არ შეუძლიათ რუსეთის აგრესიის შეკავება, მაშინ ცხადი ყოფილა ყველაფერი. დასავლეთის იმედი არავის უნდა ჰქონდეს და აღარც ჩვენ.


- ექსპერტები ამ ომს ახალი ცივი ომის სახელით მოიხსენიებენ. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?


- ცივი ომი კაცობრიობამ თითქოს დასრულებულად ჩათვალა, მაგრამ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ის გრძელდებოდა. უბრალოდ განცხადება, რომ ცივი ომი დასრულებულია, ოპტიმისტური იყო  - ეს გახლდათ,  ხავსი, რომელსაც კაცობრიობა ეჭიდებოდა.  ხალხს არ უნდოდა ეთქვა ის, რასაც ფიქრობდა. მაგრამ, რასაც ფიქრობდა და ეშინოდა, ის დღეს ცხადად მოხდა. ეს უკვე ცივი ომი აღარ არის, რადგან ის იყო მაშინ, როდესაც ადამიანები, სახელმწიფოები, ქვეყნების ჯგუფები, სამხედრო - პოლიტიკური ბანაკები ერთმანეთს სიტყვით ეომებოდნენ. (ცივი იმიტომ ჰქვია, რომ ომი არ არის ბრძოლის ველზე.) უკრაინის ამბავი კი, სამწუხაროდ ცივი ომის მასშტაბს გასცდა. თუ რამდენიმე დღეში დავუბრუნდებით ცივი ომის მდგომარეობას, ამაზე მადლობა უნდა ვთქვათ.

 

რუსეთი  უკრაინისგან ითხოვს,  ოკუპირებული ტერიტორიების მისთვის გადაცემას და ნეიტრალიტეტზე ხელის მოწერას.  ნეიტრალიტეტი კი, რუსულად რომ გადავთარგმნოთ, არის ჩუმად ყოფნა და რუსეთის დირექტივების შესრულება. ეს არ არის შვეიცარიული, ან ავსტრიული ნეიტრალიტეტი. მასზე ხელისმოწერა ნიშნავს, რომ უკრაინამ ნატოზე უარი უნდა თქვას.

 

- როგორ უნდა შეწყდეს კონფლიქტი, რაშია გამოსავალი?


- თუკი დასავლეთი და მისი მხარდამჭერი ძალები მსოფლიოში მტკიცედ შეიკვრებიან, მეტს გაბედავენ და ძალიან მკაცრი სანქციები იქნება და არა -  გაწელილი მოლაპარაკებები, სატელეფონო საუბრები, შესაძლოა რაღაც გამოვიდეს. სანქციებზე საუბარს რამდენიმე თვეა ვისმენთ და ჯერ ვიხილეთ რამდენიმე გაუბედავი სანქცია, რომლისაც არავის ეშინია და მით უმეტეს რუსეთს. ამის რუსეთს ყველაზე ნაკლებად ეშინია, რადგან უზარმაზარი ქვეყანაა და აქვს რესურსები, რომ გაუძლოს. სანქციები უნდა იყოს რუსეთის აბსოლუტური იზოლაცია და არა რამდენიმე ასეული ადამიანის (რომ პარიზში ვერ ჩავიდნენ და ყავა ვერ დალიონ).  რუსეთის მოქალაქეების მიღებაზე ყველა ქვეყანამ უარი უნდა თქვას. ასეთი სანქციები ჭკუაზე მოიყვანს თვით რუსულ საზოგადოებას.  არისტოკრატიას იმდენი ფული აქვს დაგროვილი, ეს სანქციები არაფერს უზამს. ხალხი უნდა შეწუხდეს და გამოვიდეს ქუჩაში. აი, რუსი ხალხის გამოსვლა ქუჩაში კი... ღმერთმა დაიფაროს ყველა ის მთავრობა, რომელსაც რუსი ხალხი გადალეწავს. ეს სტიქიური უბედურებაა. რა მოხდა 1917-ში?! იმ რევოლუციამ წალეკა რუსული მონარქია. რამდენი მილიონი ადამიანი გაიქცა, მხოლოდ მთავრობა და ნიკოლოზ მეორე კი არა, მთელი სოციალური ფენები ამოწყვიტა.

თუ ამ სანქციებში მთელი რუსული საზოგადოება მოექცევა, აეკრძალება ურთიერთობა ევროპასთან, სამეზობლოსთან, ამერიკასთან და მთელ დანარჩენ მსოფლიოსთან, აი, მაშინ შეწუხდება მისი უმაღლესობა - რუსეთის მოსახლეობა.

 

-  როგორია საქართველოს როლი ამ კონფლიქტში? რა უნდა გავაკეთოთ?


- ქართულმა საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას, უნდა გამოვიდეს ქუჩაში, გამოხატოს უკრაინისადმი მხარდაჭერა. მაგრამ, ხელისუფლებას ვურჩევ, რომ მაინც ფრთხილად იყოს, დაელოდოს მსოფლიოს რეაგირებას. თუ ახლა დასავლეთის რეაგირება ნახევრად იქნება, მაშინ ის ხელებს დაიბანს, თავისთვის შებრუნდება და განაგრძობს მშვიდ ცხოვრებას, მაშინ ჩვენ ისევ რუსეთს პირისპირ დავრჩებით. ამ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლების სიფრთხილე საღია და ამას მივესალმები. უნდა დააკვირდეს,  რა ხდება გარშემო და როცა მსოფლიო რეაგირება ძლიერი იქნება, მაშინ მათთან ერთად უნდა გამოჩნდეს. რამდენიმე დღე და კვირა უნდა მოვითმინოთ.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ