დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"თუ ეს ფაქტი დაფიქსირდა, ომი ახალ ფაზაში გადავა" - რას აანონსებს სამხედრო ექსპერტი "ჯორჯიან თაიმსთან" 15.04.2022 13:36

რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრიდან 51-ე დღეს, საბრძოლო მოქმედებები კვლავაც უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. იბომბება უკრაინის ქალაქები და სოფლები, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს, ათასობით ადამიანი იხოცება. 


დღეს დილიდან, ადგილობრივმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ  უკრაინის დედაქალაქ კიევში, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა. რუსეთი მარიუპოლის სრული აღების სამხედრო ოპერაციასაც გეგმავს.


როგორ შეიძლება შევაფასოთ რუსეთ-უკრაინის ომი თვენახევრის შემდეგ?


არის თუ არა დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის გამოკვეთილი უპირატესობა, კიდევ რა ძალის გამოყენებას უნდა ველოდეთ რუსეთის მხრიდან და როგორ აისახება უკრაინულ მხარეზე, დასავლეთიდან დაპირებული სამხედრო დახმარება - ამ თემებზე  "ჯორჯიან თაიმსი" სამხედრო ექსპერტ - გიგა ინაშვილს ესაუბრა.


1. როგორ შეაფასებთ რუსეთ-უკრაინის ომის 49-ე დღეს არსებულ მდგომარეობას? უკვე თუ გამოიკვეთა დაპირისპირებული მხარეების უპირატესობები ფრონტზე?


ომის დაწყებიდან თვენახევარის შემდეგაც, საბრძოლო მოქმედებათა თეატრში გარდამტეხი უპირატესობა არცერთ მხარეს არ აქვს. დიდი დანაკარგების შემდეგ რუსული ძალების დონბასი, ლუგანსკის და ხარკოვის მიმართულებებზე დაჯგუფდნენ და სწორედ აქედან აპირებენ მასშტაბური შეტევითი ოპერაციების წამოწყებას. ხერსონის მიმართულებაზე ვითარება ოპერატიულ დონეზე უცვლელია, მცირე წარმატებები მხოლოდ ტაქტიკურ დონეზე არის უკრაინელთა სასარგებლოდ. გრძელდება სამხედრო-სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვები რეაქტიული არტილერიით. 


ამის პარალელურად უკრაინის არმია ძალებს იკრებს და ყოველდღე ძლიერდება დამატებითი შეირაღებით. 


2. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი მორიგი შეტევისთვის ემზადება. კიდევ რა სამხედრო აღჭურვილობა შეიძლება გამოიყენოს მან? რას უნდა ველოდეთ?


შეტევის მორიგ მეორე ფაზაში თვისობრივად ახალი სახეობის შეიარაღების გამოყენებას არ უნდა ველოდეთ, ვინაიდან ომში მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება იქნა გამოყენებული გარდა ბირთვული იარაღისა.  ზოგიერთი შეიარაღების სახეობა, მაგალითად ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“ და ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“ უკვე დეფიციტშიც აქვთ, ამიტომ მასიურად არიან გადასულები საბჭოთა და შემდგომ პერიოდში წარმოებული მართვადი საავიაციო რაკეტების გამოყენებაზე, როგორიცაა ხა-29, ხა-35, ხა-38 ტიპის მართვადი რაკეტები.


არის ვარაუდები, რომ შესაძლოა გარკვეულ მონაკვეთებზე ქიმიური იარაღი მასიურად გამოიყენონ. თუ ეს ფაქტი დაფიქსირდა ომი ახალ ფაზაში გადავა. 


3. მარიუპოლში გამოყენებული ქიმიური იარაღის ფაქტი, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს სხვა იარაღი აღარ აქვს?


არა ეს ამას არ ნიშნავს, მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენება ბოლომდე დადასტურებული არ არის, მითუმეტეს უცნობია კონკრეტული ნივთიერების სახეობა. უკრაინაში იყო ვარაუდები, რომ ეს შესაძლოა იყო მცირე რაოდენობის ზარინი, რომელიც ნერვული აგენტების კატეგორიას მიეკუთვნება. სხვადასხვა ინფორმაციით მცირე რაონენობის ზარინით მოწამვლის ფაქტები გოსტომელის წმენდის ოპერაციის დროსაც დაფიქსირდა. 


4. როგორც ცნობილი ხდება, რუსეთი მარიუპოლის სრული აღების სამხედრო ოპერაციას გეგმავს. როგორი შეიარაღებითა და ძალათა უპირატესობით დახვდება მას უკრაინული მხარე? 


მარიუპოლი უკვე ერთი თვეა ალყაშია, იქ დარჩენილი ძალებმა დიდი დანაკარგები განიცადეს თუმცა აგრძელებენ ბრძოლას ურბანულ პირობებში. ქალაქის რამდენიმე რაიონში გამაგრებული არიან პოლკ „აზოვის“, 36-ე საზღვაო ქვეითთა და 56-ე მოტომსროლელი ბრიგადების მებრძოლები. რუსული მხრიდან ყოველდღიური შეტევები არ წყდება, უპირატესობა კი აქ ცოცხალი ძალის და ტექნიკის რაოდენობაშიც სამწუხაროდ მათ მხარეს იქნება. არის ინფორმაცია რომ რუსული ავიაცია ქალაქის დაბომბვას 3 ტონიანი ფაბ-3000 ტიპის ბომბებით აპირებს რაც ისედაც დანგრეულ ქალაქში კიდევ უფრო მასშტაბურ ნგრევებს გამოიწვევს. 


5. როგორც ცნობილია დასავლეთი უკრაინას აქტიურად ეხმარება შეიარაღებით. რა შეიარაღების მიწოდებაა დაგეგმილი და რა უპირატესობას მისცემს ეს უკრაინას? 


როგორც დაანონსებულია სხვადასხვა დასავლური ქვეყნები უკრაინას დამატებით მიაწვდიან მძიმე სამხედრო ტექნიკას, მათ შორის შეერთებული შტაბებიდან მოხდება M-109 Paladin-ის ტიპის 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცების მიწოდება დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალით. ასევე სავარაუდოდ მიაწოდებენ M-270 MLRS ის ტიპის მულტიკალიბრულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, რომელსაც 227 მმ-იაი უმართავი და მართვად/კორექტირებადი რაკეტებით 32, 45, 70, 80, 120 კმ მანძილებზე შეეძლებათ ეფექტური დარტყმები რუსულ პოზიციებზე და სხვადასხვა ტიპის სამხედრო კოლონებზე. ამავე სისტემას შეუძლია ATACMS-ის სერიის MGM-140, MGM-164, და MGM-168 ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების სროლა 300 კმ-მდე მანძილებზე. ეს უკანასკნელი უკრაინულ ძალებს ოპერატიულ სიღრმეებში განთავსებულ სამიზნეებზე, მაგალითად აეროდრომებზე და ლოგისტიკურ ცენტრებზე პრევენციური დარტყმების საშუალებას მისცემს, რაც თვისობრივად შეცვლის საბრძოლო მოქმედებების მსვლელობას. 


ასევე, დაანონსებულია AN/TPQ-36 ტიპის კონტრბატარეული ბრძოლის და საჰაერო თავდაცვის AN/MPQ-64 Sentinel ის ტიპის რადარების მიწოდებაც.


რამდენიმე ასეული Swichblade 300 და Swichblade 600 ტიპის კამიკაძე დრონის, 11 ერთეული Mi-17 ტიპის სატრანსპორტო ვერტმფრენის, 200 ერთეული M-113 ტიპის მუხლუხოიანი ჯავშანტრანსპორტიორის, რადიოქიმიური დაცვის საშუალებების, ნაღმ-ფეთქებადი მასალების, ინდივიდუალური დაცვის და სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება. ეს ყველაფერი უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს ძალიან ესაჭიროება და პირდაპირ იმოქმედებს მის ბრძოლისუნარიანობაზე. 


/თამუნა დუღაშვილი/

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ