რუსულ პრესაში 11 მაისს რამდენიმე სტატიაა გამოქვეყნებული, რომელიც საქართველოს ეხება - ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ - რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში გამართული „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგებს და ადგილობრივი მოსახლეობის პოლიტიკურ-ეკონომიკურ პერსპექტივას - მაგალითად, ჩატარდება თუ არა რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მიზნით, როგორ დაეხმარება დასავლური სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთი ფინანსურ-ეკონომიკურად ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთს“ და ა.შ.
გაზეთ „იზვესტიაში“ (Известия) დაბეჭდილია სტატია სათაურით „როდის დაუკანონებს რუსეთის სახელმწიფო სათათბირო სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს ორმაგ მოქალაქეობას და მიიღებს თუ არა მოსახლეობა რუსულ პენსიას“ (ავტორი - ნატალია ბალშიკოვა).
„რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობას უკვე მიმდინარე წელს შეიძლება უკვე ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეთ. როგორც „იზვესტიამ“ გაარკვია, 17 მაისს რუსეთის სახელმწიფო სათათბირო გეგმავს იმ შეთანხმების განხილვა-რატიფიცირებას, რომელიც ორივე ქვეყნის მოსახლეობას ორმაგი მოქალაქეობის სტატუსს აძლევს. დოკუმენტის მიხედვით, პირს, რომელსაც ასეთ პასპორტი ექნება, მიიღებს სოცუზრუნველყოფის, განათლების, სამედიცინო მომსახურების და სამხედრო სამსახურის იმ ქვეყანაში გავლის უფლებას, რომლის მუდმივი მცხოვრებიც არის. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყველა ფრაქცია შეთანხმებისათვის ხმის მისაცემად მზად არის. ექსპერტების აზრით, ეს ლოგიკური ნაბიჯია იმის დასაკანონებლად, რომ „სამხრეთ ოსეთის“ ბევრ მოქალაქეს უკვე აქვთ რუსული პასპორტები“, - ნათქვამია სტატიაში.
„ოსები ჩვენი ძმები არიან. ჩვენ ერთმანეთთან - პოლიტიკურად, ეკონომიკურად, კულტურულად - უკვე საკმაო მტკიცედ ვართ ინტეგრირებულნი. ახლა ამ ურთიერთობას მხოლოდ იურიდიული სახის მიცემა ჭირდება. მოქალაქეობის ინსტიტუტი უსათუოდ იმუშავებს ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება-განვითარებისათვის“, - ამბობს „იზვესტიის“ ჟურნალისტთან საუბარში ფრაქცია „ედინაია როსიას“ თავმჯდომარის მოადგილე ადალბი შხაგოშევი. მისი თქმით, დღეს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა რუსეთს ისე უყურებს როგორც სერიოზულ მოთამაშეს, რომელიც ხელს უწყობს და შესაძლებლობებს უქმნის სუვერენულ ქვეყნებს უკეთ განვითარებისათვის. ამ მხრივ რუსეთი ერთპოლარიანი მსოფლიოს წესებს ეწინააღმდეგება.
„რა თქმა უნდა, ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭერს ამ შეთანხმების რატიფიცირებას. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთში ერთი ხალხი ცხოვრობს. შემთხვევითი არაა, რომ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს არაერთხელ გამოუხატავთ რუსეთის შემადგენლობაში შემოსვლა. გასაკვირველია, ეს სხვა საკითხია და მისი მოგვარება სამომავლოდ იქნება შესაძლებელი, ხოლო რაც შეეხება ორმაგ მოქალაქეობას, ეს უკვე დიდი ხნის წინ მომწიფებული საკითხია“, - ამბობს „იზვესტიასთან“ საუბრისას სათათბიროს წევრი ალექსანდრე იუშენკო.
ფრაქცია „სპრავედლივაია როსია“ და სხვები იტყობინებიან, რომ მზად არიან დოკუმენტის მხარდასაჭერად.
ექსპერტების აზრით, შეთანხმების რატიფიცირება ჩვენს ქვეყნებს კიდევ უფრო მეტად დააახლოებს, თუმცა, მათივე თვალსაზრისით, დღეისათვის რეფერენდუმის ჩატარება რუსეთის შემადგენლობის შესვლის მიზნით, ნაადრევია:
„რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ რეფერენდუმის ჩატარებაზე ლაპარაკი ნაადრევია. ეს ის საკითხია, რომელიც პოლიტიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული იმდენად, რამდენადაც დამატებით პრობლემებს და სიძნელეებს შეგვიქმნის როგორც საქართველოსთან მიმართებით, ისე დასავლეთთან“, - განმარტავს „იზვესტიასთან“ საუბარში ანდრეი კორტუნოვი, რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს გენერალური დირექტორი.
რაც შეეხება ორმაგი მოქალაქეობის საკითხს, ასეთი სტატუსი უკვე სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობის უმეტესობას აქვს: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მათ რუსეთის მოქალაქის პასპორტის აღება გამარტივებული წესით შეუძლიათ.
„ამიტომაც ფაქტობრივად შეთანხმების რატიფიკაცია უკვე არსებული სიტუაციის იურიდიულ დადასტურებას ნიშნავს“, - ხაზს უსვამს ექსპერტი.
ანდრეი კორტუნოვს ეთანხმება დსთ-ის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ ჟარიხინიც: „შეთანხმების რატიფიცირება მხოლოდ სიმბოლურ ნაბიჯს წარმოადგენს. დღეს უკვე სრულიად კანონიერად შეუძლიათ ორივე ქვეყნის მცხოვრებლებს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეთ“, - ამბობს ექსპერტი. მისი თქმით, რატიფიკაცია უფრო მეტად ხდება იმისთვის, რომ საქართველომ გაიგოს - „სამხრეთ ოსეთი“ თვითმყოფადი და დამოუკიდებელი ტერიტორიაა. ქართველები ხომ დღემდე აცხადებენ, რომ რუსეთმა „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირება მოახდინაო... რაც შეეხება რეფერენდუმს რუსეთთან მიერთების თაობაზე, ამის შესახებ ლაპარაკი ნაადრევია“, - ამბობს ვლადიმერ ჟარიხინი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge