"კახეთი - ამერიკული „ნაპას ველი“ საქართველოში"- Forbes

ამერიკული ჟურნალის „ფორბსის“ (Forbes) ვებ-გვერდზე რუბრიკით „მოგზაურობა“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კახეთი - ამერიკული „ნაპას ველი“ საქართველოში“ (ავტორი - ბრიანა ვილსონი), რომელიც ტურიზმის მოყვარულებს კავკასიის რეგიონში მდებარე ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს აცნობს. აქვე განვმარტავთ, რომ ნაპას ველი აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მდებარეობს და ამერიკის მევენახეობა-მეღვინეობის მთავარ რეგიონად ითვლება.

 

„თუ თქვენ ღვინო გიყვართ და საქართველო ჯერ კიდევ არ შეგიტანიათ სასურველ სამოგზაურო ქვეყნების სიაში, მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან შემცდარხართ. თუმცა, საბედნიეროდ, შეცდომის გამოსწორება დაგვიანებული არ არის. იმიტომ, რომ ქართული ღვინო ყოველ მომენტში იყო და იქნება: მხოლოდ 2021 წელს საქართველომ მსოფლიოს 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა“, - ნათქვამია პუბლიკაციის დასაწყისში.

 

ავტორი უშუალოდ ეხება საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ძირითად რეგიონს - კახეთს: „საქართველოში ყურძნის მოსავლის 70% ერთ კონკრეტულ რეგიონში მოჰყავთ - კახეთში, სადაც დაახლოებით ვაზის 200-მდე ჯიში ხარობს, მათ შორის - რქაწითელი, კახური მწვანე, ხიხვი, ქისი და საფერავი და სადაც მეღვინეობის ტრადიცია 8 ათასი წლის წინ ჩაისახა. მაგრამ კახეთში ადამიანებს მხოლოდ ღვინო არ იზიდავს: ამ რეგიონის უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტები, უძველესი ციხე-სიმაგრეები და სასახლეები, კოშკები, ალპური ტბები და ჩანჩქერები კახეთის მომხიბვლელობას აძლიერებს. და თუ ამას დავუმატებთ საერთაშორისო კლასის რამდენიმე სასტუმროს, კლასიკური მუსიკის ფესტივალს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ და ადგილობრივი მცხოვრებლების - კახელების განთქმულ სტუმართმოყვარეობას, თქვენ ძალიან მდიდარ შთაბეჭდილებას მიიღებთ, თუ საქართველოში რამდენიმე დღეს გაატარებთ“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

პუბლიკაციაში ხატოვნად არის აღწერილი ავტომარშრუტი თბილისიდან კახეთისაკენ - გომბორის გავლით. მასში ნაჩვენები და რეკომენდებულია ის ადგილები, რომელიც მოგზაურმა უნდა დაათვალიეროს და ის სასტუმროები, სადაც ღამის გათევა შეიძლება: 

 

წინანდალში (გადმოცემულია მამულის ისტორია, აღწერილია ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლე, მისი ღვინის მარანი, სადაც 15 თასი ბოთლი ღვინო ინახება, მათ შორის 1814 წელს ჩამოსხმული. სასახლის დათვალიერებისას მნახველები გაეცნობიან, თუ როგორ ცხოვრობდა ცნობილი ქართველი საზოგადოებრივი მოღვაწის, თავადისა და პოეტის ოჯახი, როგორ დაიწყო მან ღვინის წარმოება 230 წლის წინათ...).

 

თელავში (კახეთის „დედაქალაქში“ ბევრი თანამედროვე სასტუმროა, მათ შორის განთქმულია Communal Hotel-ის აპარტამენტები, სადაც ბევრ უნიკალურ შტრიხს შეამჩნევთ... ზაფხულში მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს მდებარე სასტუმროს აუზი საუკეთესო ადგილია მცხუნვარე მზისგან დასაცავად, რესტორანი კი - საუკეთესო ადგილი აღძრული მადის დასაკმაყოფილებლად).

 

პუბლიკაციაში ავტორი ყურადღებას უთმობს კახეთის მიკრორეგიონის - ქიზიყის ცენტრს სიღნაღს, მის თვალწარმტაც მდებარეობას... ასევე ხატოვნად აღწერს ქართული ღვინის დეგუსტაციის რიტუალს, ქვევრებში ღვინის დამზადების წესს. სტატიაში გადმოცემულია აგრეთვე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების - „ტოგონიძის მარანისა“ და „აკიდო მარანის“ უნიკალური თავისებურებები. ავტორი ეხება აგრეთვე ეკოტურიზმის ერთ-ერთი ენთუზიასტის კახაბერ სუხიტაშვილის  საქმიანობას და მის მიერ „გაკვალულ“ ტურისტულ მარშრუტებს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები