ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას ეხმაურება.
“ჩვენი თვალსაზრისი, რომ ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუცია აშკარად მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული იყო, რასაც მედიის თავისუფლებასთან და ჟურნალისტთა უსაფრთხოებასთან კავშირი ნაკლებად ჰქონდა, რა მიზნითაც თავად ეს დებატი გაიმართა, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, „ქრონიკასთან“ ინტერვიუში.
მისივე შეფასებით, არც დროული იყო და საერთოდ არ იდგა ამ რეზოლუციის მიღების საჭიროება, განსაკუთრებით, კანდიდატობაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მიღების წინ, რადგან სულ რამდენიმე დღეში, 17 ივნისს ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხს განიხილავს .
ამავე ინტერვიუში რაც ყველაზე საყურადღებოა, ასევე ვიგებთ, რომ რეზოლუციამ განიცადა ტექსტური ცვლილებები და რამდენიმე ისეთი საკითხი შევიდა, რომელსაც მისივე თქმით მედიის თავისუფლებასთან და ჟურნალისტთა უსაფრთხოებასთან კავშირი არ აქვს!
“რეზოლუციას ხმა სამი პოლიტიკური ჯგუფის წარმოდგენილი ცვლილების გამო არ მივეცი, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციას ეხება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება, ამ განცხადებას უნდა ჰქონდეს საფუძველი და როდესაც ჩვენ მოვამზადეთ დებატები მედიის თავისუფლებაზე, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად მოუმზადებელი საკითხის დამატება რეზოლუციაში.”
ვფიქრობ, ამით ბევრი რამეა ნათქვამი და პირველ რიგში ადასტურებს რეზოლუციის მიღებაში ქართული ოპოზიციის და მათი ლობისტური ჯგუფების ნამუშევარს. აქ, პირველ რიგში, “ევროპის სახალხო პარტიას” ვგულისხმობ.
ეს რეზოლუცია კი მერამდენედ აშიშვლებს მთლიანად დესტრუქციაზე ორიენტირებული “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან აფილირებული ქართული ოპოზიციის მერკანტილურ და ანტისახელმწიფოებრივ ბუნებას, დღემდე მათი მხარდამჭერი მედიაბადე ამ სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი რეზოლუციის ირგვლივ რომ ბრუნავს.
აქედანაც კარგად ჩანს თუ რამდენად ანაღვლებთ ევროპული პერსპექტივა ამ მართლა ფსევდოღირებულებათა ადეფტებს!”- წერს ცუცქირიძე.
ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ინტერვიუ „ქრონიკას” მისცა.
“როდესაც სანქციას ითხოვ ივანიშვილზე და იმავე რეზოლუციაში ითხოვ კანდიდატობას, ვფიქრობ, ეს არასერიოზულია,”– განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციაში რამდენიმე ისეთი საკითხი იყო, რომელსაც მედიის თავისუფლებასთან და ჟურნალისტთა უსაფრთხოებასთან კავშირი არ აქვს.
„მე არ ვფიქრობ, რომ ეს დროული დებატები იყო, არ მგონია, რომ დღეს გვჭირდებოდა ეს რეზოლუცია, განსაკუთრებით, როდესაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ველოდებით კანდიდატობაზე. საბოლოო ჯამში, რეზოლუცია შეიცვალა და რამდენიმე ისეთი საკითხი იყო, რომელსაც მედიის თავისუფლებასთან და ჟურნალისტთა უსაფრთხოებასთან კავშირი არ აქვს. ეს იყო მიზეზი, რის გამოც მე თავიდანვე არ ვუჭერდი მხარს რეზოლუციას და არ დავუჭირე მხარი რეზოლუციას კენჭისყრის დროს. როდესაც სანქციას ითხოვ ივანიშვილზე და იმავე რეზოლუციაში ითხოვ კანდიდატობას, ვფიქრობ, ეს არასერიოზულია. მე ეს ვუთხარი ჩემს კოლეგებსაც. ცვლილებების გამო, რომლებიც კენჭისყრის დროს დადგა, გადავწყვიტე, არ მიმეცა ხმა რეზოლუციისთვის. რეზოლუციას ხმა სამი პოლიტიკური ჯგუფის წარმოდგენილი ცვლილების გამო არ მივეცი, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციას ეხება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება, ამ განცხადებას უნდა ჰქონდეს საფუძველი და როდესაც ჩვენ მოვამზადეთ დებატები მედიის თავისუფლებაზე, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად მოუმზადებელი საკითხის დამატება რეზოლუციაში“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge