24.06.2022 16:09
"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ ახალი წიგნის, - "კავკასია XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან 2021 წლამდე" შესახებ, პოლიტიკური მიმიმხილველის, - სიმონ კილაძის მიერ მომზადებულ რეცენზიას:
ქართული ისტორიული მეცნიერება კავკასიოლოგია, ახალი ნაშრომით გამდიდრდა - გამოიცა პროფესორ ჯონი კვიციანის ახალი ნაშრომი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების სალექციო კურსი „კავკასიის ხალხთა ისტორიის" (მეორე ნაწილი), რომელიც მოიცავს ჩვენს რეგიონში XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან 2021 წლამდე მომხდარი მოვლენების ანალიზსა და მათ შეფასებებს.
2017 წელს გამოცემული სალექციო კურსის პირველი ნაწილი ასახავდა რეგიონის ისტორიას უძველესი დროიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე.
კავკასიის შესახებ უამრავი ნაშრომი, წიგნი თუ სახელმძღვანელო დაწერილა და კიდევ დაიწერება, ყველას აქვს თავისი განმასხვავებელი თუ გამაერთიანებელი ნიშნები, თავისი სპეციფიკა, შესწავლის სიღრმე და ა.შ. ჯონი კვიციანის წიგნიც, ბუნებრივია, სხვებისაგან გამოირჩევა და ვიტყოდი, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომს წარმოადგენს, რომელიც, ბოლო წლებში შექმნილა არა მარტო საქართველოში, არამედ - მთელ კავკასიაშიც. მასში ერთად, მთლიანი სახითაა გადმოცემული კავკასიის (სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის) ისტორია, რაც დიდად დაეხმარება მკითხველს იმ ისტორიული მოვლენების აღქმაში, რომლებიც რეგიონის საერთო სივრცის გათვალისწინებით, ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირში არიან.
წიგნში განსაკუთრებით ყურადღებით და საქმის ცოდნით არის გადმოცემული კავკასიის ხალხების ისტორიის ის მომენტები და რეალობები, რომელთა გაშუქებას და განხილვას, რეგიონში შექმნილი რთული სიტუაციის გამო, მკვლევარები თავს არიდებდნენ. სხვათა შორის, ბევრი პუბლიკაცია მაქვს წაკითხული, რომელიც კავკასიურ სამეცნიერო წრეებში, გასაგები მიზეზების გამო, საკმაოდ მწვავე დავა-კამათს იწვევდა, ახლაც იწვევს და ხშირად საზოგადოების აღშფოთების მიზეზიც კი გამხდარა (ყველა ქვეყანას თავისი ხედვა აქვს საკუთარი ისტორიის მიმართ, რომელიც მეზობლისთვის შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს).
ჩემი აზრით, ამ მხრივაც გამოირჩევა ჯონი კვიციანის ნაშრომი სხვებისაგან - ავტორი მეცნიერული კეთილსინდისიერებით და ობიექტურობის პრინციპის დაცვით, დაბალანსებულად განიხილავს ისტორიულ პროცესებს. და რაც ყველაზე მთავარია, იგი კავკასიის ისტორიას გვთავაზობს არა ეთნოკონკურენტული ხედვით, არამედ რეგიონში მცხოვრებ ხალხთა საერთო გენეალოგიის, საერთო ფესვების, მენტალიტეტის საფუძველზე, მათი კულტურის, ჩვეულებების მსგავსების გათვალისწინებით, ანუ იმ ობიექტური რეალიების საფუძველზე, რაც მათ ერთმანეთს კი არ აშორებს, არამედ აახლოებს. განსაკუთრებით ეს ეხება კავკასიის ხალხთა ისტორიის საბჭოურ და თანამედროვე პერიოდს.
ავტორს გამოყენებული აქვს მდიდარი დოკუმენტური და ფაქტობრივი მასალა, მათ შორის ისეთიც, რომლებსაც სხვადასხვა სუბიექტური მიზეზების გამო, დღემდე ნაკლები ყურადღება ექცეოდა.
ვფიქრობ, ჯონი კვიციანის წიგნი ძალზე მნიშვნელოვანი შენაძენია როგორც ქართული ისტორიული მეცნიერებისათვის, კავკასიოლოგებისთვის, სტუდენტებისათვის, ასევე კავკასიის რეგიონის ისტორიით დაინტერესებული მკითხველებისათვის.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge