დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"ღიმილი პრობლემების ფონზე" - რას დაჰპირდნენ უკრაინას და რაზე უთხრეს უარი 28.06.2022 16:06

გერმანული „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) აქვეყნებს ბავარიაში, ალპების მთების თვალწარმტაც ფონზე გამართული „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრის მიმდინარეობისა და პირველი ორი დღის მუშაობის შედეგების მიმოხილვას, სათაურით „სამიტი ბავარიაში, ალპების მთებში: ღიმილი პრობლემების ფონზე - რას დაჰპირდნენ უკრაინას და რაზე უთხრეს უარი“.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

„შესანიშნავი შვიდეულის“ წევრები ისევ ერთად არიან და, როგორც ჩანს, კარგი გუნება-განწყობაც აქვთ. ყოველ შემთხვევაში, ასე გამოიყურებიან G-7-ის ლიდერები როცა ობიექტივების წინ პოზიორობდნენ, ბავარიის ალპებში მდებარე ციხე-დარბაზ ელმაუში 26 ივნისს. ისინი ბევრს იღიმოდნენ და სამიტის ფორმალური გახსნის შემდეგ ერთმანეთს „ჰალსტუხების გარეშეც“ შეხვდნენ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი  და მისი კანადელი კოლეგა ჯასტინ ტრიუდო ხუმრობდნენ - იქნებ დროა ტანსაცმელიც გავიხადოთო. ამით ისინი ვლადიმერ პუტინის ცნობილ ფოტოსესიაზე მიანიშნებდნენ, რომლის დროსაც რუსეთის პრეზიდენტი წელს ზემოთ გაშიშვლებულია და ტორსს აჩვენებს.

 

„შესანიშნავი შვიდეულის“ შეხვედრის ატმოსფერო მართლაც კეთილგანწყობილი და ძალდაუტანებელი იყო. სამიტის მონაწილეები გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამთო კურორტის - გარმიშპარტენკინხენის ახლოს შეიკრიბნენ. ამინდიც, როგორც იტყვიან ხოლმე, „გადასარევი იყო“ - მზიანი და თბილი.

 

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, კანადის, საფრანგეთის, იტალიისა და იაპონიის ლიდერები, პლუს ევროკავშირის ხელმძღვანელობა ამ ადგილზე ადრეც იყვნენ ნამყოფი, 2015 წელს. რასაკვირველია, სრულიად სხვა შემადგენლობით - მას შემდეგ ყველა ქვეყანაში ხელმძღვანელები შეიცვალნენ. „ძლიერთა ამა სოფლისას“ იმ დროსაც გერმანია მასპინძლობდა, თუმცა რა თქვეს მაშინ, ახლა ექსპერტებსაც კი ძლივს ახსოვთ, თუმცა დღევანდელი სამიტის ფოტოს დანახვისას ბევრს გაახსენდებოდა აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ფოტოსურათი, რომელზედაც იგი, ცნობილ ხის გრძელ სკამზე მჯდომი, ალპების მთების ფონზე, ნეტარებით გამოიყურება.

 

და იმის მიუხედავად, რომ ამ სამიტზეც „შვიდეულის“ ლიდერებმა დაუფარავი კმაყოფილებით იმავე ადგილზე, იმავე სკამთან ისევ გადაიღეს სურათი, ამჟამინდელი შეხვედრა განსაკუთრებულია: როგორც ექსპერტები პირველ დღეს ამბობდნენ, მას აქვს პოტენციალი ისტორიული გახდეს: შეხვედრის ფონი ურთულესია, დღეს იმდენი პრობლემაა, რომლებიც ათეული წლის წინათ არ ყოფილა - რეკორდული ინფლაციიდან და კლიმატური კატასტროფიდან დაწყებული, ევროპაში ომით დასრულებული... 

 

უკრაინის საკითხი სამიტზე: რას დაჰპირდნენ ვლადიმერ ზელენსკის?

 

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი „დიდი შვიდეულის“ მეორე დღის მთავარ საკითხს წარმოადგენდა. ლიდერების განცხადებებში დიდი მხარდაჭერა გამოიხატა, მაგრამ მასში ახალი სანქციების შესახებ დაპირებები შედარებით ცოტაა.

 

ოლაფ შოლცი სიტყვაძუნწი იყო. გერმანიის კანცლერმა სამიტის მეორე დღის შედეგებზე საუბარს მხოლოდ ხუთი წუთი დაუთმო. მსოფლიოს ყველაზე მთავარი თემის - რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მან რამდენიმე თეზისი გააჟღერა: „შვიდეული“ კიევისადმი დახმარებას გააგრძელებს, რუსეთის აგრესიის გამო მსოფლიოში ცვლილებები გრძელვადიანია და მოსკოვის მიმართ ძველი ურთიერთობები წარსულს ჩაბარდა.

 

იმის მოლოდინი, რომ სამიტი უკრაინისთვის ისტორიული გახდებოდა და დასავლეთის წამყვანი ქვეყნების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაფართოვდებოდა, 27 ივნისის - ორშაბათის საღამოს - მდგომარეობით, არ გამართლდა. არაფორმალური კლუბის წევრებმა მთლიანობაში უკვე ცნობილი განცხადებები გაიმეორეს.

 

გუშინდელი დღე კი ასე დაიწყო: სამიტის მონაწილეებს კიევიდან ვიდეოკავშირით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. რაზე ილაპარაკა მან, ჟურნალისტებმა კარგად ვერ გაიგეს, რადგან სამიტის პრეს-ცენტრში ჩვეულებრივი მისასალმებელი სიტყვების ვიდეოფრაგმენტიც კი არ უჩვენებიათ. მოგვიანებით დიპლომატიური არხებით მასმედიაში მოხვდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტს სამიტისთვის მოუწოდებია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება და ბევრი იარაღის მიწოდება, კერძოდ, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით უზრუნველყოფა. ვოლოდიმირ ზელენსკის ასევე უთქვამს, რომ მისი აზრით, ომს ზამთრისთვის დაასრულებს.

 

რამდენად გაითვალისწინა „შვიდეულმა“ უკრაინის ლიდერის მოწოდებები, ამის თქმა ძნელია. როცა გუშინ საღამოს G-7-ის განცხადება გამოქვეყნდა უკრაინასთან დაკავშირებით, ექვსგვერდიან დოკუმენტში ნამდვილად ბევრია სოლიდარობის და მხარდაჭერის სიტყვები „უკრაინის მთავრობისა და ხალხის“ მიმართ, მრავალმილიარდიანი ფინანსური დახმარების შესახებ, სამხედრო დანაშაულებათა გამოძიებისა და ლტოლვილებისადმი დახმარების თაობაზე. სანქციებთან დაკავშირებით კი ნათქვამია, რომ „შვიდეულის“ ქვეყნები აგრძელებენ რუსეთის შეზღუდვის კურსს და ისინი ამ მხრივ შეთანხმებულად და „ერთხმად“ იმოქმედებენ.

 

რუსულ ოქროზე ემბარგო გადაიდო...

 

როგორც ცნობილია, სამიტამდე ბევრი ლაპარაკი მიდიოდა, რომ G-7-ის ქვეყნები რუსული ოქროს შესყიდვას შეწყვეტენ (მოსკოვი ოქროს გაყიდვისაგან წელიწადში 15 მილიარდზე მეტ დოლარს იღებს), მაგრამ როგორც შეხვედრის მეორე დღემ აჩვენა, ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ წინ არის. 

 

წინასწარი განცხადებების მიუხედავად, როგორც ჩანს, მოსალოდნელი ემბარგო რუსულ ოქროზე ჯერ-ჯერობით არ დაწესდება. ექსპერტები აშშ-ის ინიციატივას - შევწყვიტოთ რუსული ოქროს შესყიდვაო - ერთ-ერთ პოტენციურ კონკრეტულ სავარაუდო შედეგად თვლიდნენ, მაგრამ უკვე გუშინ დილით გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ტელეარხ ZDF-სათვის მიცემულ ინტერვიუში თავი აარიდა პასუხს კითხვაზე - მხარს უჭერს თუ არა ბერლინი რუსულ ოქროზე ემბარგოს დაწესებას, ხოლო „შვიდეულის“ განცხადებაში უკრაინის შესახებ ნათქვამია, რომ G-7-ის ქვეყნები მტკიცედ ცდილობენ რუსეთის შემოსავლების შემცირებას, ოქროს გაყიდვაზე სამომავლოდ სანქციის გამოცხადებით.

 

...და ვერც ნავთობის ფასის ზედა ზღვარზე ვერ შეთანხმდნენ

 

სამიტის მონაწილეებმა მხარი არ დაუჭირეს ვაშინგტონის კიდევ ერთ ინიციატივას - ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის მიზანია შეამციროს რუსეთის ზემოგება „შავი ოქროს“ გაყიდვით. მართალია, ამ საკითხზე შეუთანხმებლობა სიურპრიზი არ ყოფილა, გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები ჟურნალისტებს ადრევე აფრთხილებდნენ, რომ ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესება რთულად გადასაწყვეტი იქნებაო. „შვიდეული“ კონკრეტულ ვადებზე ვერ შეთანხმდა, მაგრამ ივალდებულეს რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შეზღუდვა.

 

სამიტის ერთ-ერთი კონკრეტული შედეგი: „შვიდეულმა“ განაცხადა, რომ უახლოეს ხანში მიიღებს სანქციებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ და იმ რუსი მაღალჩინოსანი პირების მიმართ, რომლებიც უკრაინის ომთან არიან დაკავშირებულნი.

 

ეს ყველაფერი, რასაკვირველია, „შვიდეულის“ შეხვედრის საჯარო და წინასწარი შედეგებია. გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთი შეთანხმება ცნობილი მოგვიანებით გახდეს, მაგალითად, მადრიდში ნატოს სამიტზე, სადაც G7-ის ლიდერები ბავარიიდან გაემგზავრებიან. ესპანეთში შეხვედრის დროსაც მოსალოდნელია კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის უკრაინისადმი დახმარების შესახებაც.

 

წყაროები: https://p.dw.com/p/4DHZZ

               https://p.dw.com/p/4DKhI

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ