დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ნუ დავცინებთ გერმანელებს, რომლებიც ქვანახშირს დაუბრუნდნენ" - უცხოური პრესა 28.06.2022 16:19

ჩეხური გამოცემა „სეზნამ სპრავი“ (Seznam zprávy) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ნუ დავცინებთ გერმანელებს, რომლებიც ქვანახშირს დაუბრუნდნენ“ (ავტორი - თეოდორ მარიანოვიჩი), რომელშიც, რუსეთ-უკრაინის ომისა და დასავლური სანქციების ფონზე, საუბარია გერმანიაში და ჩეხეთში დაწყებული ენერგეტიკული პრობლემების შესახებ. მასალაში განხილულია აგრეთვე გერმანიის მრეწველობისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მუშაობა კრიზისულ პირობებში.


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


„ცნობილი გამოთქმაა - „ჯერ იყო სიტყვა“, ჰოდა, მოდი ჩვენც გავიხსენოთ, რომ გერმანული უწყებას, რომელსაც რობერტ ჰაბეკი ხელმძღვანელობს, გასული წლის დეკემბრიდან ახალი დასახელება აქვს - ადრე მას ერქვა „მრეწველობისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტრო“, ახლა კი „მრეწველობისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტრო“ ეწოდება. რას ნიშნავს სახელწოდების შეცვლა? ამით ოლაფ შოლცის კაბინეტს, უპირველეს ყოვლისა კი ახლადგამომცხვარ მინისტრს რობერტ ჰაბეკს, როგორც „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელს, ალბათ, სურდა მიენიშნებინა, რომ „ამიერიდან გერმანიის მრეწველობა ისე განვითარდება, როგორც ეს კლიმატის ცვლილებებთნ ბრძოლა მოითხოვსო“. გარდა ამისა, მათ ბუნდესტაგში მთავრობის დამტკიცების დროს წარმოადგინეს გეგმა, რომელიც საწვავის წიაღისეულ სახეებზე უარს ითვალისწინებდა.


ეჰ, რამდენი მწვავე კომენტარის გაკეთება შეიძლება ახლა... როგორც იტყვიან, „პირდაპირ ენის წვერზეა მომდგარი სათქმელად“. მთავრობის დამტკიცებიდან მხოლოდ ნახევარი წელი გავიდა და მინისტრი რობერტ ჰაბეკი ქვანახშირის თბოელქტროსადგურებისადმი დაბრუნებას აანონსებს. მისივე რეკომენდაციით, გერმანიის მთავრობა გეგმავს უარი თქვას ევროპის პარლამენტის წინადადებაზე, რომლის თანახმად, ახალი ავტომობილების გამოშვება შიგაწვის ძრავებით 2035 წლამდე უნდა აიკრძალოს. და ეს ყველაფერი იმ მომენტში ხდება, როცა კონტინენტი პაპანაქებაში პირდაპირ იწვის და კლიმატის ცვლილება ისე თვალსაჩინოა, როგორც არასდროს.


მაგრამ ეს კიდევ არაფერი: ფინანსთა მინისტრი ქრისტიან ლინდერი გერმანელებს მოუწოდებს, რომ გადაისინჯოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც ფუკუშიმას (იაპონია) 2011 წლის ტრაგედიის შემდეგ ტაბუ აქვს დადებული. მან ლაპარაკი დაიწყო ატომური ენერგეტიკის დაბრუნებაზე. ქრისტიან ლინდერი, რომელიც თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ლიდერია, მთავრობას სთავაზობს, რომ ბოლო სამი ატომური ელექტროსადგურის მუშაობის ვადები გავაგრძელოთო, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ექსპლოატაციიდან გასულები და რომელთა გაჩერება მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი.


მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მინისტრებს არავინ არ დასცინის და არავინ ღვარძლიანად არ ახსენებს მათ თავიანთ დაპირებებს. პირიქით, „მწვანე“ მინისტრს აქებენ - თავისი იდეური მრწამსის მიუხედავად, როცა ქვეყანა ენერგეტიკული საფრთხის წინაშე დადგა, საკუთარი თავი კარგ კრიზისულ მენეჯერად წარმოადგინაო.


დიახ, ყველაფერი ასეა: თავისი უნარით, რომ შეუძლია რწმენის ჩარჩოებიდან გამოვიდეს, იგი საკუთარი ძალის დემონსტრირებას აჩვენებს. ძალა კი, როგორც მოგეხსენებათ, ერთადერთია, რასაც რუსეთი აცნობიერებს - ანუ „პატივს სცემს“.


რეალობა მკაცრი და დაუნდობელია. გაზი, რომელიც ჯერ კიდევ „ცივი ომის“ დროიდან საბჭოთა კავშირიდან (ჩათვალე: რუსეთიდან) გერმანიაში უპრობლემოდ მიედინებოდა, უეცრად დეფიციტურ რესურსად გადაიქცა. მიღებული გაზის მოცულობა 60%-მდე შემცირდა. ვლადიმერ პუტინმა ვენტილი გადაკეტა და ეს იმით ახსნა, რომ დასავლური საქციების გამო გერმანულ კომპანიას სარემონტოდ კანადაში გაგზავნილი თავისივე დანადგარებს უკან ვერ იბრუნებსო. ბერლინი ამას უაზრობად თვლის. გერმანელები ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი შურისძიებას მიმართავს ევროკავშირის მიერ დაწესებული ანტირუსული სანქციების იმ ექვსი პაკეტის გამო, რომლებსაც გერმანიაც შეუერთდა. შესაბამისად, ვლადიმერ პუტინი ცდილობს გერმანიის ეკონომიკის დესტაბილიზება რეცესიით გამოიწვიოს. და ეს, ალბათ, მალე დადგება, თუ გაზის მწვავე უკმარისობის გამო მრეწველობა ტემპს შეანელებს. ამიტომაც მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა „ენერგეტიკული განგაშის“ მეორე დონე გამოაცხადა. თუ მესამე დონის დრო დადგება, მაშინ გაზის განაწილებაში უშუალოდ სახელმწიფო ჩაერევა, რომ დარჩენილი გაზით მხოლოდ მოსახლეობამ ისარგებლოს.


ამასთან დაკავშირებით გერმანიის მრეწველობისა და კლიმატის ცვლილების მინისტრის რობერტ ჰაბეკის მოქმედება საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იქცეოდეს უწყების ხელმძღვანელი დიდი პოლიტიკით გამოწვეულ პირობებში, ანუ იმ მსოფლიოში, რომელიც მკვეთრად შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომმა, კრემლს შანტაჟის უფლება არ მისცეს და არც პოპულისტები არ ალაპარაკოს.  სხვათა შორის, ჩეხეთის სიტუაცია გერმანიისაგან დიდად არ განსხვავდება - ჩვენთანაც პოპულისტების სალაპარაკოდ ხელსაყრელი ნიადაგი იქმნება.


თუმცა ორივესთვის - ჩვენთვისაც და გერმანიისთვისაც - მაინც ღიად რჩება საკითხი: ენერგეტიკული ჭიქა ახლა ნაცევრად ცარიელია თუ ნახევრად სავსე? ნუთუ გერმანელებს სულ რარაც ორიოდე თვის შემდეგ ცივი შხაპის მიღება და სახლში ზამთრის პალტოებით სიარული მოუწევთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებული ქვანახშირზე მომუშავე თბოლექტროსადგურები და დარჩენილი ატომური ელექტროსადგურები სრული ძალით იმუშავებენ?


რობერტ ჰაბეკი არავის არ ანუგეშებს, ის თანამოქალაქეებს გულწრფელად ეუბნება, რომ რომ დღედაღამ ეძებს შესაძლებლობებს, რომ მათ კომფორტის დონის გაუარესება თავიდან ააცილოს, იმავდროულად კი მიანიშნებს, რომ საჭიროა უარესისთვის მოემზადონ.


წყარო

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ