დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ყველაზე იშვიათი მარგალიტი ფეხბურთში - თორნიკე შარაშენიძის ბლოგი 13.07.2022 13:54

პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობათა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში სათაურით, - ყველაზე იშვიათი მარგალიტი ფეხბურთში, - ბლოგს აქვეყნებს, რომელსაც, "ჯორჯიან თაისმი" უცვლელად გთავაზობთ:

 

"დიეგო სიმეონეს ბევრ რამეს სწამებენ. როგორც ფეხბურთელს სწამებენ სიმულანტობასა და პროვოკატორობას. ხოლო როგორც მწვრთნელს, სწამებენ არასანახაობრივი, დაცვითი ფეხბურთის დამკვიდრებას თავის გუნდში. 

 

პირველ ბრალდებაზე თავის მართლება არგენტინელს მე მგონი დიდად არასოდეს უცდია. მეორეზე კი, საკმაოდ არგუმენტირებული და საინტერესო პასუხი აქვს: დაცვიდან, კონტრშეტევაზე თამაში სულაც არ ნიშნავს რომ გუნდი შეტევაზე არ თამაშობს. პირიქით, ასეთ დროს გუნდი უტევს მაქსიმალური სიღრმიდან, შეტევისას თითქმის მთელ მოედანს იყენებს და შესაბამისად ყველაზე მეტად შემტევ ფეხბურთს თამაშობსო.

 

თუკი ამ ლოგიკას მივიღებთ, მაშინ ყველაზე მაგარი შემტევები არიან არა თავდამსხმელები და გამთამაშებლები, არამედ მოიერიშე მცველები ან თუნდაც მეკარეები რომელთაც ფეხით კარგად თამაში და ხელით კარგი გადაცემის გაკეთება შეუძლიათ. მაგრამ მეკარეებზე ამ კონტექსტში საუბარი ალბათ მაინც არასერიოზულია. ტოტალურ ფეხბურთშიც კი მეკარე მაქსიმუმ დაცვას დაეხმაროს (sweeper keeper), მეკარეების შედეგიანი პასები კი (ხელით ან ფეხით) აბა რამდენი გახსენდებათ? მოკლედ, მოდით მოიერიშე მცველებზე გავჩერდეთ, უფრო კონკრეტულად კი ცენტრალურ მოიერიშე მცველებზე. მოიერიშე ფლანგელებს არ ვაკნინებ, - არც მცველებს (რობერტო კარლოსი, ლიზარაზუ) და არც შუახაზელებს (გიგზი, რობენი). მაგრამ თამაშის ორგანიზების თვალსაზრისით ცენტრი ფეხბურთში ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია.

 

ამ ამპლუაში პიონერად ბეკენბაუერია მიჩნეული. მოყოლებული იქიდან გერმანიაში ერთგვარი მოთხოვნილება გაჩნდა მსგავს ფეხბურთელზე, მაგრამ რაც მოხდა, ვიცით. გამოჩნდა კიდევ მხოლოდ ერთი მსოფლიო კლასის მოიერიშე მცველი ზამერის სახით (გერმანელებს აქედან მალე კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდათ რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ). სხვა ასეთი მოთამაშე რომელიც არა მხოლოდ დაცვას ხელმძღვანელობდა, არამედ ასევე შეტევებს იწყებდა და აგვირგვინებდა კიდეც, მეტად რთული გასახსენებელია. ამ როლთან ახლოს მივიდნენ ჰოლანდიელები კროლი და კუმანი, ფრანგი ბლანი. მაგრამ მათ აშკარად არ ჰქონდათ გუნდში გამოკვეთილად მინიჭებული მოიერიშე მცველის ფუნქცია. კუმანი წინ იმიტომ თუ მიიწევდა ხოლმე რომ ძლიერი დარტყმა ჰქონდა. ამ ფუნქციის, ასე ვთქვათ, ინსტიტუციონალიზაცია გერმანელებმა მოახდინეს. ბეკენბაუერიცა და ზამერიც თავიანთ გუნდებში აშკარა ლიდერები იყვნენ რასაც სხვებზე ვერ ვიტყვით.

 

ქართველებს ასეთ როლში ჩივაძე გვყავდა, თითქმის "ინსტიტუციონალიზებული" (ბეკენბაუერის მსგავსად გუნდის კაპიტანი) მაღალი კლასის მოიერიშე ცენტრალური მცველი. სანაკრებო დონეზე მას არაფერი მოუგია და ამიტომ თუნდაც ზამერთან შედარება გაგვიჭირდება. მაგრამ თვალში გვხვდება ერთი საერთო  თვისება რაც მას ორ დიდ გერმანელთან აერთიანებს: საშაც, მატიასიც და ფრანციც თავიდან შუახაზში თამაშობდნენ და მწვრთნელებმა ისინი მოგვიანებით დასწიეს დაცვის ცენტრში.

 

მოიერიშე ცენტრალური მცველი დაცვაში ფუნქციებს უპირველესად საფეხბურთო ინტელექტის (და არა იმდენად ფიზიკური მონაცემების) წყალობით ართმევს თავს. ასეთ მოთამაშეს პარტნიორად აუცილებლად სჭირდება ტიპიური ცენტრალური მცველი, ფიზიკურად ძლიერი და საიმედო. ჩივაძეს ძალიან გაუჭირდებოდა "დინამოში" გვერდით რომ არ ჰყოლოდა ხინჩაგაშვილი, ნაკრებში კი ბალტაჩა. დაცვის ცენტრში ორი ჩივაძე ან ორი ზამერი მეტისმეტად დიდი ფუფუნებაა რომელიც გუნდის დაცვაში დისბალანსს ქმნის. 

 

დაახლოებით ასეთი დისბალანსი ჰქონდა "ბარსელონას" 1990-იანებში როცა დაცვის ცენტრში ეყენა ბლანი და პორტუგალიელთა ალბათ ყველა დროის საუკეთესო მცველი ფერნანდო კოუტუ. საქმე ისაა, რომ ორივე ერთი ამპლუის მცველები გახლდათ. მათნაირები (საშა, ზამერი და თანამედროვეებიდან ალბათ ტიაგო სილვა) უფრო მეტად პოზიციას არჩევენ კარგად, კითხულობენ თამაშს და წინასწარ შიფრავენ მოწინააღმდეგის კომბინაციებს. რაც შეეხება შოთასნაირ მცველებს ისინი უფრო მეტად ბურთისათვის იბრძვიან, აზღვევენ სხვა მცველებს, პერსონალურად მეურვეობენ ყველაზე საშიშ თავდამსხმელს. დაცვაში საშა-შოთა ძალიან ეფექტურია, მაგრამ ორ საშას ალბათ ორი შოთა ჯობს. 

 

ჩივაძე ნაკრების შემადგენლობაში საკმაოდ ხშირად მიდიოდა ხოლმე შეტევებში, "დინამოში" კი ამის სისტემატურად კეთება მას შემდეგ დაიწყო რაც ყიფიანი (გუნდის უპირობო დისპეტჩერი) ფეხბურთიდან წავიდა, დარასელია კი (რომელსაც ახალკაცი დათოს შემცვლელად მოიაზრებდა) ავარიას ემსხვერპლა. საინტერესოა, რომ ყოველი ასეთი წინ წასვლის დროს, მას უკან სულაქველიძე აზღვევდა ხოლმე - კიდევ ერთი უნივერსალი რომელსაც თამაში დაცვაშიც შეეძლო და შუახაზშიც.

 

მოიერიშე ცენტრალური მცველის არსებობისას დაცვა ერთ ხაზზე არ თამაშობს. ფრანციცა და მატიასიც რეალურად ბოლო მცველად თამაშობდნენ, მაგრამ ეს არ არის ტიპიური ბოლო მცველი (sweeper)  რომელიც უბრალოდ სხვა მცველებს აზღვევს. ეს არის მცველი, რომელიც უკნიდან ხელმძღვანელობს დაცვას და საჭირო მომენტებში უკნიდან იწყებს შეტევას.

 

როგორც უკვე ზემოთ ვნახეთ, მსოფლიო კლასის მოიერიშე ცენტრალური მცველი იშვიათია. თუკი ჩამოვთვლით, მსოფლიო კლასის გამთამაშებლები გაცილებით მეტი გაგვახსენდება. გასაკვირი არც არის - თუნდაც თვით დიეგოს მხოლოდ შეტევის ორგანიზება ევალება, ბეკენბაუერს კი... გარდა ამისა, შუახაზის ცენტრიდან დაცვის ცენტრში გადანაცვლება იოლი ნამდვილად არ არის. ამას ინტელექტისა და ფიზიკის სხვა ბალანსი სჭირდება. 

 

სიმეონეს დავუბრუნდეთ. ჩემი აზრით, იგი უბრალოდ თავს იმართლებს და ნაწილობრივ უბრალოდ ხუმრობს, თორემ სინამდვილეში კი კარგად იცის რომ შემტევ ფეხბურთს მისი გუნდი ნამდვილად არ თამაშობს. მაგრამ გერმანელებს, სხვა თუ არაფერი, რვაჯერ მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი აქვთ ნათამაშები და მათ დავუჯეროთ. იციან მათ თავიანთი საქმე. უამრავი ტიტულიდან ბევრი მოიერიშე ცენტრალური მცველის გარეშეც აქვთ მოგებული, მაგრამ როცა ასეთი იშვიათი მარგალიტი გამოუჩნდებათ, თამაშს თითქმის მთლიანად მასზე აწყობენ ხოლმე. 1998 წელს ბეკენბაუერისა და ზამერის დარად შუახაზიდან დაცვის ცენტრში მათეუსი გადასწიეს. როგორც ვიცით, მაშინ გერმანია შორს ვერ წავიდა, მაგრამ ეს მათეუსის ბრალი ალბათ ნაკლებად იყო. მან 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბეკენბაუერის ამპლუაში ბრწყინვალედ ითამაშა და რომ არა სუფთა იღბალი, წესით კიდევ ერთ დიდ ტიტულს წაიღებდა.

 

მოკლედ, სიმეონესნაირი ადამიანის ნდობა ნაკლებად შეიძლება, მაგრამ გერმანელებს ვენდოთ. ეფექტურები არიან და კარგად ხვდებიან რომ თუკი საშუალება გაქვს მაქსიმალური სიღრმიდან შეუტიო, ეს საშუალება ხელიდან არ უნდა გაუშვა. ალბათ სიმეონეც არ გაუშვებდა ხელიდან ასეთ საშუალებას მადრიდის "ატლეტიკოში" რომ თუნდაც საშა ჰყავდეს", - წერს თორნიკე შარაშენიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ