დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

საქართველოს გეოსტრატეგიული როლი ნახტომისებურად იზრდება? - ევროპა კავკასიიდან დეფიციტური საწვავის მიღებას ცდილობს 21.07.2022 13:07

ევროპელი ლიდერები რუსული გაზის ალტერნატიულ გზებზე მუშაობენ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ენერგომიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც „სამხრეთის გაზის დერეფნის" გამტარუნარიანობის გაორმაგებას ითვალისწინებს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ვიზიტს საქათველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყანას, სატრანზიტო ფუნქციებთან ერთად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც გაეზრდება, რაც კანდიდატის სტატუსზეც მოახდენს გავლენას.


გარდა ამისა, ანალიტიკოსთა აზრით, გეოეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარე, საქართველოს წვლილი რუსულ სანქციებთან დაკავშირებით, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს და თუ საქართველომ ამაზე უარი თქვა, ევროპულ პერსპექტივას დაკარგავს.

 

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მეშვიდე პაკეტი შეათანხმა. ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ შეზღუდვებს შორის რუსულ ოქროზე ემბარგოს დაწესება და ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვის გაფართოებაა, თუმცა ამ პაკეტში სანქციები რუსეთიდან იმპორტირებულ გაზს არ შეეხება.

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ენერგომიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც მოიცავს ვალდებულებას, გაორმაგდეს „სამხრეთის გაზის დერეფნის" გამტარუნარიანობა ევროკავშირისთვის 2027 წლამდე ყოველწლიურად არანაკლებ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაწოდებლად.

 

მოსალოდნელია, რომ აზერბაიჯანი უკვე ახლა გაზრდის ბუნებრივი გაზის მიწოდებას ევროკავშირისთვის თითქმის 50%-ით - 8,1-იდან 12 მილიარდ კუბამეტრამდე.

 

მემორანდუმში ნათქვამია, რომ ევროკავშირი და აზერბაიჯანი ემხრობიან დაჩქარებულ გადასვლას ენერგიაზე განახლებადი წყაროებიდან და ატმოსფეროში მავნე ემისიების წინააღმდეგ ბრძოლას.

 

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესი საქართვლოსთან პირდაპირ ბმაშია და თუ ქვეყანამ ეს შანსი გამოიყენა, გეოპოლიტიკური მნიშვნელობა გაეზრდება, რომელიც კანდიდატის სტატუსზეც აისახება.

 

„ეს პროცესი საქართველოსთან პირდაპირ კავშირშია, 8-დან 20 მილიარდ კუბამეტრზეა საუბარი, აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი საქართველოს გავლის გარეშე ვერ განხორციელდება. იმ ფონზე, როცა რუსული გაზპრომის გაზი გადაკეტილია, ეს ევროპული ბაზრისათვის 20% მაინც არის, ამას შესაძლოა მომავალში ყაზახური და თურქმენული გაზიც მიემატოს. კასპიის ზღვაზე თხევადი გაზის ამოქმედებაც შესაძლებელია და შესაძლოა საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობა უფრო გაიზარდოს.

 

„ამიტომაც, გეოეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარე, ჩვენი წვლილი რუსულ სანქციებთან დაკავშირებით, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. ფონ დერ ლაიენის ბაქოში ჩასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა საინტერესოა, რუსეთი როგორ უპასუხებს. პუტინმა უკვე ალტერნატიული ნაბიჯი გადადგა, თეირანში ჩავიდა და სამმხრივი სამიტი გაიმართა თურქეთის, რუსეთისა და ირანის მონაწილეობით.

 

„პუტინი თეირანში სხვა საკითხებსაც განიხილავს, მაგრამ ირანის რესპუბლიკას „კასპიის კონვენცია" რატიფიცირებული არ აქვს და რუსეთმა შესაძლოა, ეს ტრანსკასპიური გაზსადენისა და ტრანსკასპიური პროექტის ამოქმედების წინააღმდეგ გამოიყენოს, ამიტომაც ერდოღანი, პუტინი და რაისი რას მოილაპარაკებენ, ეს ყველაზე საინტერესოა.

 

„შემთხვევითი არაა, რომ ამ სამეულის შეხვედრა იმ პერიოდში იმართება, როცა რუსეთი და თურქეთი „3+3"ფორმატს ავითარებენ, რაც ჩვენს ინტერესებში არაა. ძალიან საიტერესო გეოპოლიტიკური ცვლილებები მიდის, თუმცა ევროკავშირის ალეტრნატიული დივერსიფიცირებული პოლიტიკა ენერგორესურსების მიღებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია. ჩვენ აქ მნიშვნელოვანი როლი გვექნება, ვიქნებით მთავარი სატრანზიტო არტერია და ჩვენ გარეშე ეს პროექტი ფაქტობრივად მკვდრადშობილი იქნება. ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლების უნარზე, გეოპოლიტიკურ მანევრსა და პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

 

„შესაძლოა, ამ მოვლენამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციასა და კანდიდატის სტატუსზე, ამას გეოპოლიტიკური სტატუსი მოენიჭოს და, აქედან გამომდინარე, ჩვენი მნიშვნელობა კიდევ უფრო ასწიოს. თუ უარი ვუთხარით, ეს ავტომატურად კანდიდატის სტატუსზეც იმოქმედებს და ყოველგვარი ევროპული ორიენტაციის სტატუსს დავკარგავთ, თუმცა არა მგონია, ამაზე უარი ვთქვათ", - განაცხადა მაისაიამ.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი

ბოლო სიახლეები