დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ ჩვენს მოქალაქეებს რუსეთის მოქალაქეების მიმართ ნეგატიური განწყობები ჰქონდეთ?" 05.08.2022 13:45

ქსენოფობია, მითუმეტეს აგრესია, თუ ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ მიუღებელია - თუ კობახიძეს კონკრეტული ფაქტები აქვს, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სახალხო დამცველს მომართოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია მიმდინარეობს.

 

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, ბუნებრივია.

 

„ქსენოფობია, მითუმეტეს აგრესია, თუ ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. თუ დავინახავდით, რომ ასეთი პრობლემა არსებობდა, სახალხო დამცველი ყოველთვის ეხმიანებოდა, გამოეხმიანება და დაგმობს.


თუ კობახიძეს კონკრეტული ფაქტები აქვს, მაშინ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სახალხო დამცველს მომართოს და ჩვენ შეგვიძლია ეს საქმე შევისწავლოთ. ამ წუთას ნამდვილად არ მაქვს ასეთი მტკიცებულებები, ვერ დავადასტურებ. ჩვენ არაპოპულარულ თემებზე განცხადებების გაკეთება არასოდეს მოგვრიდებია, თუმცა ნამდვილად არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ქსენოფობია არის.


ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ იქ, სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია და ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ხელისუფლების და მოქალაქეების მიმართ ნეგატიური განწყობები ჰქონდეთ? ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება სიყვარული არ გამოხატონ მოქალაქეებმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს უკანონო ფორმებში არ უნდა გადაიზარდოს და თუ ასეთი საშიშროება დავინახეთ, ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ პარტიებს, მისივე კუთვნილ მედიასაშუალებებსა და რამდენიმე ყველაზე მდიდარ „ენჯეოებს“, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია აქვთ წამოწყებული.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ