დღე: 35

ღამე: 20

USD 2.7877

EUR 2.8426

რა მოგებას იღებს თურქეთი უკრაინის ომისგან 05.08.2022 16:57

გერმანული „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) კორესპონდენტი უკრაინელ ექსპერტს, ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის RUSI-ის (Royal United Services Institute) თანამშრომელს მარინა ვოროტნიუკს ესაუბრება. ინტერვიუ გამოქვეყნებულია სათაურით „ერდოღანის საიდუმლო: რა მოგებას იღებს თურქეთი უკრაინის ომისგან“.

 

როგორც ექსპერტი ამბობს, რეჯეფ ერდოღანის წარმატებად უნდა ჩაითვალოს უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის დაწყება - სტამბოლის მოლაპარაკების შედეგად. რასაკვირველია, რუსეთმაც „კეთილი ნება“ გამოხატა, მაგრამ თურქეთის პრეზიდენტმაც თავისი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. „თურქეთის პოზიცია უკრაინისა და რუსეთის მიმართ საკმაოდ კომპლექსური და არაერთმნიშვნელოვანია. თურქეთი, მიუხედავად ნატოს წევრობისა, ყოველთვის ცდილობდა ხიდის ფუნქციის შესრულებას დასავლეთსა და რუსეთს შორის. ანკარას აქვს თავისი სტრატეგიული ეროვნული ინტერესები და ამიტომ ცალმხრივი მკვეთრი პრონატოური და პროდასავლური, ან პრორუსული და პროუკრაინული პოზიციის დაკავება მის მიზნებში არ შედის. პრინციპში, მან მართლაც მოახერხა შუამავლის როლის შესრულება ხორბლის ექსპორტის საკითხში და, ალბათ, ამიტომ, რუსეთი თავის მეზობელში სასარგებლო როლს ხედავს. კრემლი ფიქრობს, რომ ანკარის მოქმედებით მოსკოვს რიგი პოლიტიკური დივიდენდების მიღება შეუძლია“.

 

- რით გამოიხატება „ერდოღანის საიდუმლო“, როგორ ახერხებს იგი ორ სკამზე ჯდომას? ერთი მხრივ, ანკარა კიევს საბრძოლო დრონებს - „ბაირაქტრებს“ აწვდის, მეორე მხრივ კი შუამავლის როლს ასრულებს... და იმავდროულად არ უერთდება დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს...

 

- ასეთი პოზიცია თურქეთის სტრატეგიული კულტურის არეკვლას წარმოადგენს. ანკარას აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები და ამიტომ ის ცდილობს როგორც რუსეთისათვის, ისე უკრაინისათვის შუამავლის როლი შეასრულოს. ანკარა მხარს უჭერდა აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის ომში, მაგრამ დაეთანხმა რეგიონში რუსი სამშვიდობო ძალების შეყვანას; ანკარა ბევრ საკითხში ეწინააღმდეგება მოსკოვს, მაგალითად, სირიაში და ლიბიაში, მაგრამ იმავდროულად ყიდულობს რუსულ რაკეტებს С-400-ებს, ხელს აწერს კონტრაქტს თურქეთში ატომური ელსადგურის მშენებლობაზე რუსების მონაწილეობით, ყიდულობს რუსულ გაზს მილსადენ „თურქული ნაკადის“ მეშვეობით.

 

არის საკმაოდ ბევრი საკითხები, რომლებიც, ერთი შეხედვით, თითქოს ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, მაგრამ თურქეთი კარგად ახერხებს მათ დაბალანსებას რუსეთსა და დასავლეთს შორის. თქვენ მკითხეთ - რაშია ერდოღანის საიდუმლო. ბევრი საკმაოდ ხშირად ლაპარაკობს რაღაც პერსონალურ ურთიერთობაზე, რაღაც „ქიმიურ“ დამოკიდებულებაზე ორ ლიდერს შორის: ორივე ავტორიტარული მმართველია, ორივეს თავისებური მართვის სტილი აქვს, ორივე ერთმანეთთან გულღიად საუბრობსო... მაგრამ გასაგებია რომ აქ საქმე იმდენად ნდობასა და გულწრფელობაში კი არაა, რამდენადაც ერთმანეთის ინტერესების გარკვეულ პატივისცემაში. ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს გავლენის სფეროების განაწილებას რეგიონში, მათ შორის შავ ზღვაზეც.

 

ბევრი პროგნოზირებს, რომ უკრაინის მიმართ ანკარის აშკარა მხარდაჭერა ადრე თუ გვიან რუსეთისათვის „წითელი ხაზი“ გახდება და აქედან გამომდინარე, მოსკოვსა და ანკარას შორის დაპირისპირებას გამოიწვევს, თუმცა დღემდე ღია კონფრონტაცია არ ჩანს. „ბაირაქტრების“ მიწოდება კიევისათვის, შეიძლება ითქვას, მოსკოვისათვის გაშიშვლებულ ნერვს წარმოადგენს, იმ კოჟრს, რომელსაც თურქეთი „ფეხს ადგამს“, მაგრამ ამას ძალიან ფრთხილად აკეთებს“.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ