დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

პრეზიდენტი განმარტავს, რატომ არ წარუდგინა პარლამენტს ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე 06.08.2022 21:42

„ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისა და მოქმედი წევრების პარლამენტისთვის არწარდგენა განპირობებულია იმით, რომ მათმა კანდიდატურებმა ორჯერ უკვე ვერ მოიპოვეს პარლამენტის წევრთა 2/3-ის უმრავლესობა, რაც საჭიროა 5 წლის ვადით ასარჩევად“, - ამის შესახებ აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

„2022 წლის 5 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურების წარდგენასთან დაკავშირებით, როგორც უმრავლესობის, ასევე, ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული კომენტარები და ყოვლად უსაფუძვლო დასკვნები სხვა არაფერია თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პოლიტიკური პოლარიზაციის მეტად გაღრმავების მცდელობა.

ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის პარლამენტისთვის არწარდგენა კატეგორიულად გამორიცხავს ბატონი გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის, მისი გამოცდილებისა და საქმიანობის პრეზიდენტის მიერ არაჯეროვნად შეფასებას.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პრეზიდენტმა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ორჯერ უკვე წარუდგინა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად. თუმცა, მისმა კანდიდატურამ ორჯერვე ვერ მოიპოვა საჭირო ხმების რაოდენობა, შედეგად ორჯერვე მხოლოდ ექვსი თვის ვადით იქნა არჩეული.

ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისა და მოქმედი წევრების პარლამენტისთვის არწარდგენა განპირობებულია იმით, რომ მათმა კანდიდატურებმა ორჯერ უკვე ვერ მოიპოვეს პარლამენტის წევრთა 2/3-ის უმრავლესობა, რაც საჭიროა ხუთი წლის ვადით ასარჩევად.

ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთი და იგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ ექვსი თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას და დემოკრატიულ განვითარებას.

5 აგვისტოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად ასარჩევად ის კანდიდატურები წარუდგინა, რომლებიც ღია კონკურსის წესით შეარჩია შესაბამისმა საკონკურსო კომისიამ. კანდიდატთა შერჩევით კომისიამ დაადასტურა მათი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია. შესაბამისად, კანდიდატების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვაა განცხადებები, რომლების მათი არჩევის პროცესში მონაწილეობის არმიღებას ეხება.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესში ახალი პროფესიონალების ჩართულობის ხელშეწყობას, ცესკოს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ასარჩევად ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატურების გამოვლენას. ცესკოს ინსტიტუციური გაძლიერება და საარჩევნო კანონმდებლობის ამ მიმართულებით დახვეწა ასევე გათვალისწინებულია ევროკავშირის რეკომენდაციებში, რომელთა შესრულებაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად არის საჭირო“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ,  პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა და პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ