2008 წლის აგვისტოს 5 დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საზოგადოებსა თუ პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი აზრი არსებობს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მაშინდელმა უგუნურმა პოლიტიკამ და პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ ხელისუფლებამ ტრაგიკული ომი თავიდან ვერ აიცილა. მისი თქმით, ეს სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი იყო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, კი რუსეთმა იარაღისა და სამხედრო ძალის მეშვეობით ჩვენი ქვეყნის 20 %-ის ოკუპაცია შეძლო 90-იანი წლების დასაწყისში. თუმცა, რაც მტერმა ვერ შეძლო იარაღის ძალით, ის რბილი ძალით, ბოლო წლებში, ამ ხელისუფლების პირობებში გაკეთდა. მისი თქმით, „ჩვენ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მკაფიოდ არც ერთხელ არ უთქვამს, რომ რუსეთი ოკუპანტია“.
2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავს დიმიტრი მედვედევიც გამოეხმაურა, რომელიც, რომ რუსეთში თავდასხმა ცხინვალსა და რესპუბლიკის სხვა დასახლებებზე მოულოდნელად და ამაზრზენად დაიწყო.
„ვალდებული ვიყავით, გვეპასუხა. არ შეგვეძლო უბრალოდ ცრემლები მოგვეწმინდა და თავი დაგვეხარა სისხლიანი სულელის წინაშე და მიგვეშვა ის ხალხის ნაწილებად დასაგლეჯად,“ - აცხადებს მედვედევი.
რა შეცდომები იქნა დაშვებული 2008 წლის აგვისტოს ომში? აღნიშნული ფაქტი „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ისტორიკოსმა დიმიტრი შველიძემ შეაფასა.
ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველო არავის დასხმია თავს და ის მეზობელი ქვეყნის აგრესიის მსხვერპლი გახდა.
„14 წელის შემდეგ, დღეს სხვადასხვა წყაროებიც კი ადასტურებენ, რომ რუსეთის არმიის ნაწილებმა როკის გვირაბი გადმოლახეს და საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ. ამაზე რუსები მომავალში თავს გაიმართლებენ და იტყვიან, რომ ისინი არა საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოვიდნენ. აქ მეორე უბედურებასთან გვაქვს საქმე, -„ისინი ყოველთვის მართლები არიან“, როგორც თავად თვლიან.
ომის შესახებ, ჩემი მოსაზრება გამოვაქვეყნე კიდეც სათაურით - „როგორ შეაფასებს ისტორია 2008 წლის აგვისტოს ომს“, სადაც გამოვთქვი აზრი, რომელსაც დღესაც სრულიად ვეთანხმები.
პოლიტიკური კონტექსტის მიერ გამოტანილი განაჩენი ხშირად კონექტურულია, ანუ „ვის, როგორ სჭირდებას დონეზეა". სწორედ ასე კეთდება ხოლმე საერთაშორისო აზრის დადასტურება. მაგრამ, ისტორია, რომელიც მეცნიერულ კანონებს ეყრდნობა, არ აქვს უფლება, რომ პოლიტიკურ ფორმულებსა და მოსაზრებებს დაეყრდნოს. ისტორიამ საკუთარი შეფასება უნდა გააკეთოს. ეს შეფასება კი, ცალსახაა - საქართველო არავის დასხმია თავს და არ განუხორციელებია აგრესიული აქტი. ის მეზობელი ქვეყნის აგრესიის მსხვერპლი გახდა და მან რამდენიმე დღის განმავლობაში სცადა, ამ აგრესიისთვის ეპასუხა. თუმცა, მას შემდეგ, რაც იმდროინდელი ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ამ უზარმაზარი "ვეშაპის" წინააღმდეგ მარტო იყო, რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო, - ცეცხლი და წინააღმდეგობა შეეწყვიტა. რა თქმა უნდა, გონივრულად მოიქცა, რადგან რომ გაეგრძელებინა, უზარმაზარი მსხვერპლი გვექნებოდა,“- განმარტავს ჩვენთან საუბარში ისტორიკოსი.
როგორც დიმიტრი შველიძე აცხადებს, 2008 წელს საერთაშორისო თანამეგობრობა საკუთარი განცხადებებით არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც უნდა ყოფილიყო, ან არ ჩათვალა საჭიროდ, ან შეცდომა დაუშვა, რომ არ გამოგვექომაგა.
„არ უნდა დავივიწყოთ და მუდამ უნდა გვესმოდეს ყურში, რა დავკარგეთ. ეს დაკარგვა კი, დროებითად უნდა მივიჩნიოთ. ყოველ დღე უნდა ვადევნოთ თვალი უკრაინის მოვლენებსა და რუსეთის ირგვლივ არსებულ სიტუაციას. იქნებ ოდესმე ეს აგრესია დასუსტდეს, რუსეთმა ვეღარ შეძლოს პატარა, თუ დიდ მეზობლებზე თავდასხმა და ის ნორმალური ცივილიზებული სახელმწიფოების რიგში ჩადგეს.
ვხედავთ რაც ხდება უკრაინაში. ძალიან ცუდია, რომ სისხლი იღვრება და ოჯახები ნადგურდება, სახლდებიან, ტოვებენ ქვეყანას. მაგრამ უკრაინა დიდი ქვეყანაა და მას აქვს შესაძლებლობა იბრძოლოს საკუთარი მიწისთვის და უფრო მეტი შეუძლია ვიდრე ჩვენ. ჩვენც ბევრი გავაკეთეთ მაშინ, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა საკუთარი განცხადებებით არ იყო ისეთი ძლიერი როგორიც უნდა ყოფილიყო, ან არ ჩათვალა საჭიროდ. ეს ყველაფერი მათი შეცდომის ბრალია, რომ გამოგვქომაგებოდნენ, მაშინ არ იქნებოდა უკრაინაში შეჭრა და ტერიტორიების მითვისება.
მაშინ საერთაშორისო გამოხმაურება სუსტი კი არ იყო, საერთოდ არ ყოფილა. არ ვამბობ, რომ მათ ხელი არ გაატოკეს, რაც შეეძლოთ, გააკეთეს, მაგრამ უფრო მეტი უნდა გეკეთებინათ. მადლობლები ვართ იმისთვის, რომ ჩვენი მეგობარი ბალტიისპირელები და უკრაინელები მხარში დაგვიდგნენ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა, ასევე, ამ კონფლიქტის მოგვარებაში სარკოზის დიდი წვლილი მიუძღვის. მათ შეაკავეს რუსეთი, თუმცა მაინც ძვირად დაგვიჯდა, რადგან საკუთარი ქვეყნის 20% დავკარგეთ. სულ არაფერს სჯობდა, მაგრამ ვთვლი, რომ ეს სუსტი დახმარება იყო. ამ სიმართლით გვეშინია, ჩვენს პარტნიორებს ჩრდილი არ მივაყენოთ, მაგრამ ვალდებულები ვართ ვთქვათ. უნდა იცოდნენ, რომ ეს მათი სისუსტის, ან შეცდომის ბრალი იყო, რომელიც ჩვენთვის დანაშაულებრივად აღიქმება,“- განაცხადა დიმიტრი შველიძემ.
ისტორიკოსი აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებულ განსხვავებულ მოსაზრებასაც გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ჩვენთან როგორც ყველაფერში, აგვისტოს ომის დასაწყისის თარიღშიც წინააღმდეგობა და აზრთა სხვაობაა.
„გუშინ განცხადებები გააკეთეს ოპოზიციურმა ძალებმა და ეს მოვლენა აღნიშნეს, როგორც 7 აგვისტოს მომხდარი. ეს ასე დაბეჯითებით არ უთქვამს პრეზიდენტს, მაგრამ ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ განცხადება გუშინ გააკეთა. თუმცა, მას არ უხსენებია სიტყვიერად 7 აგვისტო. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის შეხედულებაში რაღაც ტრანსფორმაცია მოხდა. დღეს მივიდნენ პრემიერი და ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები და მათ ჟურნალისტის დაჟინებულ კითხვებს უპასუხეს, რომ „მათი კითხვები პროვოკაციულია“. მათი თქმით, ეს მოვლენა თითქმის ყოველ წელს 8 აგვისტოს აღინიშნებოდა, ზოგიერთმა განაცხადა, რომ „ნაციონალებიც“ 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ.
არ შეიძლება გაუთავებელი კონფრონტაცია ყველასა და ყველაფერში, ამან დაღალა საზოგადოება და არც ერთი მხარის მოსმენა არ უნდა. ხელისუფლებამ უნდა გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ, რომ ოპოზიცია არ არის მტერი. ის არ შეიძლება მტერი იყოს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეა. თუ ჩვენ ვაღიარებთ რომ არანორმალური ქვეყანა ვართ, მაშინ იყვნენ მტრები.
ორივე მხარეს აქვს გამართლების სივრცე. ოპოზიციას აქვს გამამრთლებელი ის, რომ წინა ხელისუფლების მონაცემებს ეყრდნობა. დღევანდელი ხელისუფლება კი, დიდ აგრესორ მეზობელთან ურთიერთობას უფრთხილდება. ეს შიში გამართლებულია და მას იზიარებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. თუმცა, შიში მეხუთე კოლონობას არ ნიშნავს.
ისტორიაში გვაქვს მსგავსი მაგალითები. საფრანგეთის მეფემ გიორგი ბრწყინვალეს მისწერა წერილი, რომ ევროპელები აპირებდნენ იერუსალიმზე ლაშრქრობას და მოუწოდებდა საქართველოს მეფეს, რომ საკუთარი ჯარით სასწრაფოდ გასულიყო ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე. თუმცა, გიორგი ბრწყინვალეს არც სიმამაცე აკლდა და არც გონიერება. მან ჯარი კი არ შეკრიბა და კი არ გაექანა, არამედ საფრანგეთის მეფეს წერილი მისწერა, რომ ჯერ ევროპელები გადმომსხდარიყვნენ საომრად და შემდეგ 30 000 კაცით შეუერთდებოდა. ის მშიშარა ნამდვილად არ ყოფილა. ასე იმოქმედა მან. ამიტომ, რუსეთთან სიფრთხილე ყოველთვის არ არის მისი მომხრეობა. სიფრთხილე უნდა დავიცვათ, სანამ საიმედო მოკავშირე გვეყოლება. დიდი მადლობა დასავლეთს ჩვენი პარტნიორობისათვის, მაგრამ ის უამრავი საერთაშორისო გართულებით არის დაკავებული. დიდ დახმარებას უწევს უკრაინას. ტაივანის გამო საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და გუშინ კი ისრაელზე დარტყმები განახორციელა ტერორისტულმა ორგანიზაციამ. მას მთელ მსოფლიოში აქვს საკუთარი ინტერესები. ამიტომ შეიძლება ის და ევროპა ვერ დაგვეხმაროს, თუ რუსეთის აგრესიის ქვეშ აღმოვჩნდებით.
ამიტომ, სანამ უკრაინაში ომი არ დამთავრდება, ყველანაირი სიფრთხილე გამართლებულია.
ოპოზიციამ კი თავისით უნდა იმოქმედოს და იბრძოლოს, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს ქვეყნის მძიმე მდგომარეობა. ადვილია, მათი აზრით 7 აგვისტოს გამოსვლა. კი ბატონო, მართლები ვიქნებით, მაგრამ თუ მხოლოდ ეს ავიღეთ სტრატეგიად, მუდამ დამარცხებულები ვიქნებით. ამ წუთში ჩვენი მოსახლეობა ხელისუფლების სიფრთხილეს იზიარებს, ოპოზიცია ამაზე კი არ უნდა გაბრაზდეს, არამედ ჭკვიანური და გრძელვადიანი გეგმა უნდა შეიმუშაოს,“- განაცხადა დიმიტრი შველიძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.
/ ნინო ოთარაშვილი /
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge