დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„რუსებმა სამხედრო ტექნიკა სადგურთან ახლოს განალაგეს“ - რას ჰყვებიან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები 15.08.2022 17:14

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა (BBC russian) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რუსებმა თავიანთი სამხედრო ტექნიკა სადგურთან ახლოს განალაგეს“ - რას ჰყვებიან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები“ (ავტორი - ჯეიმს უოტერჰაუსი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებმა „ბი-ბი-სი“-ს უთხრეს, რომ რუსებს ისინი მძევლებად ჰყავთ აყვანილი, სადგურს კი სამხედრო ბაზად იყენებენ.

 

რუსეთის არმიამ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის (ექვსი ბირთვული რეაქტორით) ტერიტორიის ოკუპაცია მარტის დასაწყისში განახორციელა, თუმცა სადგურს ისევ უკრაინელი ინჟინრები ემსახურებიან.

 

ამას წინათ უკრაინამ მოსკოვი იმაში დაადანაშაულა, რომ რუსეთი აეს-ს „ფარის სახით“ იყენებს, სადგურის ტერიტორიაზე სარაკეტო დანადგარები აქვს დაყენებული და ახლომდებარე ობიექტებს ბომბავს. თავის მხრივ, აეს-ის ტერიტორიაც იბომბება. კიევი და მოსკოვი სროლებს ერთმანეთს აბრალებენ. 

 

მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ქალაქ ნიკოპოლიდან ზაპოროჟიეს აესი კარგად მოჩანს. ნიკოპოლი აქტიურად იბომბება - რაკეტებს რუსები ენერგოდარიდან ისვრიან, რომელიც ელექტროსადგურთან ახლოს მდებარეობს. უკრაინელები, თავის მხრივ, ენერგოდარს ბომბავენ.

 

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში უკვე გამოვიდა განცხადებით, თუ რა საფრთხეს ქმნის აეს-ის დაბომბვა და მხარეებს სიფრთხილისაკენ მოუწოდა. დამკვირვებლების თქმით, თუ საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდება და მაკონტროლებელი ინსპექტორები სადგურში არ შევლენ, დაზიანებებს არ აღმოფხვრიან, არ არის გამორიცხული, რომ აესი მართვას ვეღარ დაექვემდებაროს.

 

„ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტმა მოახერხა და აეს-ის თანამშრომლებს ესაუბრა: მათ განაცხადეს, რომ მუდმივად დაპატიმრებისა და გატაცების საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ასევე აღნიშნეს, რომ არსებობს ახლომდებარე ტერიტორიის რადიოაქტიური დასნებოვნების საშიშროება და უფრო მეტიც - ბირთვული კატასტროფის რისკიც.

 

„სიკვდილს სასწაულით გადაურჩნენ“

 

„ჩემი სამუშაო დღე მუდმივად დაძაბულია“, - ამბობს სვეტლანა, რომელიც „ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტს ენერგოდარიდან ტექსტური შეტყობინებებით ესაუბრება. ამჟამად სვეტლანას და მის კოლეგას ნიკოლაის მხოლოდ რუსული სიმ-ბარათებით სარგებლობა შეუძლიათ, რუსული ოპერატორის სიგნალი კი სუსტია და ყველგან არ არის (მათი სახელები, უსაფრთხოების გამო, შეცვლილია). „ისეთი მუშაობის პირობები, როგორიც ადრე იყო, აეს-ში უკვე აღარ არის. ხშირად მომსახურე პერსონალი სამუშაო ადგილზე ვერ მიდის. ამას წინათ რაკეტა აზოტ-ჟანგბადის სადგურს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა. იქ მომუშავე ადამიანები სიკვდილს სასწაულად გადაურჩნენ“.

 

ენერგოდარის მცხოვრები ჰყვება, რომ ოკუპირებული ქალაქის მაღაზიებში და აფთიაქებში ფასები ოთხჯერ უფრო ძვირია, ვიდრე იმ ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინის არმიის მიერ კონტროლდება. ქალაქს მწვავედ არ ჰყოფნის ექიმები. ბანკომატების უმრავლესობა გაუქმებულია.

 

სვეტლანა აეს-ში დიდი ხანია მუშაობს. მისი თქმით, სადგურის ახლოს რაკეტები და ჭურვები ყოველდღიურად ფეთქდება. „ფსიქოლოგიურად სიტუაცია მძიმეა, რადგან ყველგან სამხედროები დადიან იარაღით და ყოველთვის, როგორც იტყვიან, სამიზნის ქვეშ ხარ“, - ამბობს იგი.

 

რუსეთს აესის შენობაში 500-მდე სამხედრო მოსამსახურე ჰყავს განთავსებული. ამას წინათ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ენერგოკომპლექსის შიგნით სამხედრო ავტომანქანები შედიან. სვეტლანას ეჭვი არ ეპარება, რომ ატომურ ელექტროსადგურს რუსები სამხედრო ბაზად იყენებენ. „ტექნიკა ყოველდღიურად მოძრაობს - შედიან და გამოდიან, - ამბობს იგი, - რუსებმა თავიანთი სამხედრო ტექნიკა სადგურის შენობის ახლოს დააყენეს, რათა უკრაინის რაკეტებით დაბომბვა თავიდან აიცილონ“.

 

ნიკოლაის მიერ გამოგზავნილი ტექსტური შეტყობინების თანახმად, „აესის პერსონალი ამჟამად რუსების მძევლები არიან. ინტერნეტი გამორთულია, მუშაობენ მხოლოდ სტაციონარული ტელეფონები. სასადილოები, ერთი გარდა, ყველა დახურულია ან ბაზებად არის გადაქცეული“.

 

კიევში თვლიან, რომ რუსეთის არმია თავის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას თვითონვე ბომბავს, ცრუ ნარატივის გავრცელების მიზნით: „აი, ხედავთ, უკრაინა გესვრით, ამიტომ უკეთესია რეფერენდუმის დროს ხმა რუსეთთან მიერთებას მისცეთ, რათა ჩვენ თქვენი დაცვა შევძლოთ“.

 

რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის „ხელმძღვანელებმა“, რომლებიც თანამდებობებზე მოსკოვმა დანიშნა, ახლახან ხელი მოაწერეს რეფერენდუმის ჩატარებას, რუსეთთან მიერთების მიზნით. ადრე იგივე გაკეთდა ყირიმთან მიმართებითაც, 2014 წელს.

 

როგორც ნიკოლაი წერს, „ელექტროსადგურის სახურავზე ასვლა აკრძალულია. იქ რუსებს სადამკვირვებლო პუნქტები აქვთ მოწყობილი. სასწავლო კორპუსიც ყაზარმად არის გადაქცეული... ადამიანებს ხშირად შესასვლელში აკავებენ და სადღაც მიჰყავთ... მოსახლეობა და პერსონალი დაშინებულია“.

 

სვეტლანა და ნიკოლაი ასევე ხაზს უსვამენ, რომ ატომური ელექტროსადგურის პერსონალს ბირთვული რეაქტორისადმი მუდმივად თვალყურის დევნების შესაძლებლობა აღარ აქვს. მათივე თქმით, რუსი ჯარისკაცები ყველგან ნაგვის გროვებს ტოვებენ.

 

ზაპოროჟიეს აესი: როგორ ვითარდებოდა კრიზისი

 

მარტი, 2022 წელი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დიდი ხანი არ გასულა, რომ რუსეთის არმიამ აესი ხელში ჩაიგდო. სადგურის ხელმძღვანელებს უცხადებენ, რომ ამიერდან აესი რუსეტის სახელმწიფო ატომური ენერგეტიკული კომპანიის „როსატომის’ მფლობელობაში გადადის. უკრაინელი პერსონალი აგრძელებს აეს-ის ექსპლოატაციას რუსეთის კონტროლქვეშ.

 

ივლისი: ვრცელდება ინფორმაციები, რომ რუსეთის ჯარმა კომპლექსის ტერიტორიაზე სარაკეტო დანადგარები განათავსა და ფაქტობრივად, სამხედრო ბაზად გადააქცია.

 

03 აგვისტო: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, სადგური „მთლიანად გამოვიდა კონტროლიდან“, საჭიროებს შემოწმებას და რემონტს.

 

05 აგვისტო: უკრაინის ატომური ენერგიის სააგენტო „ენერგოატომის“ განცხადებით, რუსული რაკეტების გაშვების გამო ოპერატორები იძულებულნი გახდნენ ერთი ბირთვული რეაქტორი ელექტროქსელიდან გამოერთოთ.

 

08 აგვისტო: უკრაინის განცხადებით, რუსეთმა თვითონ დაბომბა რაკეტებით აესის ტერიტორია, დაზიანდა რადიაციის მაკონტროლებელი სამი სენსორი, დაიჭრა ერთი თანამშრომელი. რუსეთის მიერ დანიშნული „ხელისუფლების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სროლას უკრაინული მხარე აწარმოებს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მეშვეობით.  

 

10 აგვისტო: „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, რუსეთმა დაუყონებლივ უნდა დააბრუნოს აესი უკრაინის კონტროლქვეშ.

 

11 აგვისტო: ვრცელდება ინფორმაციები აესის ახალი დაბომბვის შესახებ, რაშიც უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

აესი რუსების კონტროლქვეშ: როდემდე?!

 

უკრაინის ბირთვული რეგულაციების სახელმწიფო ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგორი პლაჩკოვის თქმით, სანამ რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს აკონტროლებენ, საფრთხის რისკები ძალიან დიდია. მისი ვარაუდით, თუ რუსები აესის მიერ გამომუშავებულ ელექტრონერგიას რუსეთის ელექტროქსელისკენ მიმართავენ, ამისთვის მათ ორი-სამი თვე მაინც დასჭირდებათ.

 

ენერგოდარი ომის სამხრეთი ფრონტის ხაზის ის მონაკვეთია, სადაც ბოლო კვირაში გაფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა. თუმცა ომის მსვლელობაში რაიმე მნიშვნელოვანი ძვრები ჯერ-ჯერობით არ ხდება. ეს საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური კვლავ რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშ რჩება.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ