დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში უზბეკეთის ტვირთი თითქმის გაორმაგდა"- გურამ გურამიშვილი 15.09.2022 19:19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი უზბეკეთის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც სატრანსპორტო - ლოგისტიკური სექტორის საჯარო და კერძო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები იყვნენ. უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში ადგილობრივი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის დასათვალიერებლად და სამომავლო თანამშრომლობის განსაზღვრის მიზნით იმყოფება. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები.


„უზბეკეთი დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის უფრო აქტიური გამოყენებით. ბოლო პერიოდში უზბეკეთის ტვირთი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში თითქმის გაორმაგდა. ჩვენ უზბეკ პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია დერეფანში არსებული სატრანზიტო ტარიფებისა და საპორტო მოსაკრებლების შესახებ, ასევე გავაცანით საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, აგრეთვე სამომავლო პროექტები. ჩვენ მოხარული ვართ, რომ უზბეკეთი საკუთარი ტვირთების მომსახურებისთვის ირჩევს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს," - განაცხადა მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა უზბეკეთის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.  


ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის დელეგაცია ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებს, ასევე ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ეწვევა და მათ საქმიანობას გაეცნობა.


აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას წინ უძღოდა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი უზბეკეთში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. ვიზიტის ფარგლებში ცალსახად აღინიშნა, რომ უზბეკეთისთვის საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფანია.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები