დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

„ინდოეთის პრობლემური თამაშები საერთაშორისო არენაზე“ - რას წერს უცხოური პრესა 19.09.2022 14:51

 

ფრანგულ გაზეთ „ლე მონდში“ (Le Monde) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ინდოეთის პრობლემური თამაშები საერთაშორისო არენაზე: პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი - რუსეთის „ახლობელი“ და დასავლეთის პარტნიორი - მაქსიმალურად სარგებლობს მსოფლიო წინააღმდეგობებით თავისი ეროვნული ინტერესების გასატარებლად“ (ავტორი - სოფი ლანდრინი, ნიუ-დელიდან).


გაეცანით პუბლიკაციის ფართო შინაარსს:


ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, 16 სექტემბერს, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში გამართული მოლაპარაკების დროს, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიანიშნა, რომ იგი უკრაინასთან გაჩაღებულ ომს მხარს არ უჭერს: „გეტყვით იგივეს, რაც ადრე გითხარით, სატელეფონო საუბრის დროს: ახლა ჩვენს ეპოქაში ომის დრო არ არის“, - ასე განუცხადებია ინდოეთის ლიდერს რუსი ლიდერისათვის პირისპირ საუბრის დროს.


და მაინც, მართალია ნარენდრა მოდიმ ვლადიმერ პუტინს თავისი უკმაყოფილება გააგებინა უკრაინის ომთან დაკავშირებით, მისი ნათქვამი ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა.


მიუხედავად დასავლეთის მრავალრიცხოვანი მცდელობებისა - ინდოეთი თავის მხარეს „გადაებირებინა“, ნარენდრა მოდი ყოველთვის უარზე იყო დაეგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და მხოლოდ მოწოდებებით იფარგლებოდა ორივე მხარის მიმართ, რომ ისინი „მოლაპარაკების მაგიდას დაბრუნებოდნენ“. პრემიერ-მინისტრი არასოდეს არ უწოდებდა რუსეთს „აგრესორს“.


ინდურ დიპლომატიაში დაწყებული დიდი ცვლილებები გრძელდება და ძლიერდება კიდეც: სამარყანდში გამგზავრებამდე ნარენდრა მოდიმ ნიუ-დელში ვიზიტით ჩასული საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქეთრინ კოლონა მიიღო და დაადასტურა თავისი მზადყოფნა ინდოეთ-წყნარი ოკაენის რეგიონში თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შექმნის თაობაზე, ჩინეთის ძალების საწინააღმდეგოდ.


თვისთავად ეს ორი შეხვედრა - ნიუ-დელში და სამარყანდში - ინდოეთის პარადოქსულ თამაშებს ასახავს - ერთი ფეხით დასავლეთის ბანაკში, მეორეთი კი - „რუსოსფეროში“. როგორც ჩანს, ინდოეთი ხელფეხშეკრული არ არის და ორივე მიმართულებით მოქმედებს. დასავლეთმა ვერ შეძლო ინდოეთის დაბრუნება თავის რიგებში და ვერ გახადა იძულებული ანტირუსულ სანქციებს მიერთებოდა. ევროპელებს და ამერიკელებს იმედი ჰქონდათ, რომ უკრაინის ომი ნარენდრა მოდს იძულებულს გახდიდა დისტანცირება მოეხდინა რუსეთისაგან - იარაღის ძირითადი მიმწოდებლისა და ისტორიული მოკავშირისაგან, მაგრამ ამაოდ. ინდოეთი რეგულარულად თავს არიდებდა გაეროს გენასამბლეაში რუსეთის აგრესიული მოქმედების დამგმობი რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობას. დღეს კი ინდოეთი კვლავ აგრძელებს იარაღის და ნავთობის შესყიდვას რუსეთისაგან იაფი ფასებით. მართალია, ევროკავშირმა ემბარგო დააწესა რუსულ ნავთობზე, მაგრამ ინდოეთისთვის ბრიუსელი მოკარნახე არ არის - ნიუ-დელმა საუდის არაბეთის ნავთობი რუსულით ჩაანაცვლა, ხოლო რუსული მინერალური სასუქების იმპორტი რვაჯერ გაზარდა წინა წლებთან შედარებით.


რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა ინდოეთის ახალი სტრატეგია გამოაჩინა - მრავალკავშირიანობა. ამ სტრატეგიის თეორიული საფუძვლები ჩამოაყალიბა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრამანიამ ჯაიშანკარმა თავის წიგნში „ინდოეთის გზა“, რომელიც 2020 წელს გამოიცა. ამ სტრატეგიას არაფერი არ აქვს საერთო ჯავაჰარლალ ნერუს სტრატეგიასთან „მიუმხრობლობის მოძრაობის“ თაობაზე, რომელიც არაძალადობრივ ფასეულობებს ეფუძნებოდა.


თავის წიგნში ინდოელი მინისტრი წერს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მთლიანად უნდა იქნას დაქვემდებარებული ეროვნული ინტერესებისადმი და არ არის აუცილებელი ყურადღების გამახვილება დიპლომატიური მორალის დაცვაზე. მინისტრის აზრით, ინდოეთმა თავი უნდა აარიდოს ყოველგვარ კავშირებს და ალიანსებს, იმავდროულად კი ყველაფერი უნდა იღონოს, რომ მსოფლიოში არსებული წინააღმდეგობები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ასეთივე პრინციპით უნდა განვითარდეს ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ასევე რუსეთთან, ჩინეთთან, ევროკავშირთან, იაპონიასთან და ყველა სხვა მეზობელთან. ინდოეთმა ასეთი დიპლომატიით უნდა გააფართოვოს თავისი ტრადიციული მოკავშირეების ჯგუფი.


აშკარად ჩანს, რომ დასავლეთი განგებ ხუჭავს თვალს ინდოეთის მოქმედებაზე - იმიტომ, რომ ინდოეთს აზიაში ჩინეთის საპირწონედ თვლის.


ნიუ-დელის ახალი სტრატეგია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრი კულებას არ მოეწონა და გააკრიტიკა. მან ინდოეთს განუცხადა, რომ მისი ე.წ. ნეიტრალიტეტი და მრავალკავშირიანობა უკრაინის ომის მსხვერპლით სარგებლობას ნიშნავს.


ნარენდრა მოდი სამხედრო თვალსაზრისითაც იგივე პოლიტიკას ატარებს: სექტემბრის დასაწყისში, აშშ-ის უკმაყოფილების მიუხედავად, ინდოეთის არმიის ქვედანაყოფებმა მონაწილეობა მიიღეს რუსულ-ჩინურ სამხედრო  სწავლებებში კოდური სახელწოდებით „ვოსტოკ-2022“, თუმცა ოქტომბერში ნიუ-დელი უკვე ამერიკას „ასიამოვნებს“ - მონაწილეობას მიიღებს ჰიმალაებში დაგეგმილ ერთობლივ წრთვნებში. საინტერესოა, რომ ერთობლივი ინდურ-ამერიკული მანევრები იმ ადგილის ახლოს გაიმართება, სადაც ორი წლის წინ ინდოელი და ჩინელი მესაზღვრეების სისხლიანი შეტაკება მოხდა.


„ინდოელი ნაციონალისტები თავიანთი უკიდურესი დიპლომატიური ცინიზმით ბოროტად სარგებლობენ. დასავლეთი უკვე ხვდება იმას, რომ ბოლო დრომდე ილუზიებში იყვნენ, ინდური მითებით დაბრმავებულნი. ინდოეთის მონაწილეობა რუსეთ-ჩინეთის სამხედრო წრთვნებში პრაქტიკულად დასავლეთის დამცირებას ნიშნავს. ინდოეთი დასავლეთისათვის მოკავშირე არ არის, უკეთეს შემთხვევაში ის მხოლოდ პარტნიორია“, - ამბობს პოლიტოლოგი ქრისტოფ ჟაფრელო, რომლის აზრით, მთავარი დასკვნა, რომელიც ნიუ-დელის მოქმედებიდან უნდა გაკეთდეს, ისაა, რომ დასავლეთი ინდოეთისათვის წარსულის ჰეგემონს წარმოადგენს და რომ აზიამ დასავლეთის როლი სხვათი უნდა ჩაანაცვლოს.


მართალია, ნარენდრა მოდი ახლოს იყო აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან (და ემანუელ მაკრონთანაც), მაგრამ დღეს იგი უკვე აღარ აგრძელებს იმ სტრატეგიას ვაშინგტონთან, რომელიც მისმა წინამორბედებმა დაიწყეს.


თუმცა, ყველა წინააღმდეგობების მიუხედავად, უახლოეს თვეებში ინდოეთი მსოფლიო დიპლომატიის ცენტრში იქნება.  ინდონეზიაში ოქტომბერში დაგეგმილ სამიტზე ინდოეთი „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ხდება...


წყარო

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ