დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომს კრემლისთვის კატასტროფული შედეგები მოაქვს" - The Times 20.09.2022 16:13

ბრიტანულმა გაზეთმა „თაიმსმა“ (The Times) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რუსეთის იმპერია უკვე იშლება: უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომს კრემლისთვის კატასტროფული შედეგები მოაქვს - მისი გავლენა სუსტდება იქ, სადაც ადრე დომინირებდა“ (ავტორი - რიჩარდ კემპი).

 

„ზოგიერთი ანალიტიკოსი პროგნოზირებდა, რომ რუსეთი უკრაინაში განცდილი დამცირების კვალობაზე, ალბათ, დაშლას დაიწყებდა. სხვათა შორის, ჩვენ უკვე ვხედავთ მოსკოვის გავლენის დასუსტების ნიშნებს თავის „ახლო საზღვარგარეთში, ანუ როგორც კრემლში მისი გავლენის ქვეშ მყოფ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს უწოდებენ. რა თქმა უნდა, რუსეთის ყოფილი იმპერიის ბატონობა ვლადიმერ პუტინს ჭირდება იმისთვის, რომ მსოფლიოს წინაშე თავისი პერსონა დიდი და ძლევამოსილი სახელმწიფოს მმართველად წარმოაჩინოს, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომის კატასტროფულმა შედეგებმა მისი ძლიერება, მისი სტატუს-ქვო, როგორც ჩანს, ფატალურად შეარყია“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

 

„რუსეთ-უკრაინის ომმა ზიანი მიაყენა პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც მოსკოვზე მეტ-ნაკლები დონით იყვნენ დამოკიდებულნი. ომმა გავლენა მოახდინა აგრეთვე მათ მიერ გატარებულ პოლიტიკაზეც: ზოგიერთებმა კრემლის მოქმედებაში საკუთარი დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების მუქარა დაინახა, ზოგიერთებს გული მოეცათ რუსეთის არმიის წარუმატებლობასთან დაკავშირებით, ზოგიერთები კი მიხვდნენ, რომ მათ, მეზობლებთან სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, რუსული არმიის დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ“.

 

აზერბაიჯანმა, მაგალითად, გასულ კვირას სომხეთის იმ ქალაქებს შეუტია, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის მიღმა მდებარეობენ და ამით რუსეთის განწყობა შეამოწმა - ჩაერეოდა თუ არა ისევ მოსკოვი კონფლიქტში, 2020 წლის ნოემბრის მსგავსად. დღეისათვის მთიან ყარაბაღში მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალები საკმაოდ არიან შემცირებულნი, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.

 

სომხეთიც და აზერბაიჯანიც სულ უფრო ხშირად მიმართავენ დასავლეთს შუამავლობისათვის, რაც მოსკოვს მწარე აბის გადაყლაპვის შთაბეჭდილებას უტოვებს - ეს ხომ კრემლის რეგიონული გავლენის დასუსტების მანიშნებელია. გასულ თვეში სომხეთის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა უპრეცედენტოდ გააკრიტიკა თავისი სტრატეგიული მოკავშირე და აღნიშნა, რომ რუსი მშვიდობის მყოფელები არაეფექტურად მოქმედებენო, გასულ კვირას კი იგი ღრმად ნაწყენი დარჩა იმის გამო, რომ აზერბაიჯანის არმიასთან შეტაკების დროს მოსკოვმა ერევანს დახმარება არ გაუწია.

 

სომხეთი ორმაგად არის შეშფოთებული: ჯერ ერთი იმით, რომ აზერბაიჯანი შესანიშნავად სარგებლობს რუსეთის დასუსტებით, მეორე კიდევ იმით, რომ ვაითუ მოსკოვმა ერევანზე ზეწოლა მოახდინოს იმ მიზნით, რომ სომხეთი რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდეს, უკრაინის ომის დასრულების შემდეგ.

 

საქართველო, სომხეთის მეზობელი, რომლის ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული 2008 წლის შეჭრის შემდეგ, იზიარებს სომხეთის შეშფოთებას რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო. თბილისი ნაწილობრივ სწორედ ამით ცდილობს ახსნას თავისი „მეზობლური ნეიტრალიტეტი“ და მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული სანქციებისადმი მიუერთებლობა. ძნელი წარმოსადგენი არაა, რომ საქართველო, რომელიც ყველაზე მეტადაა ორიენტირებული დასავლეთზე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, თავის დღევანდელ ფრთხილ პოლიტიკას შეცვლის, თუ უკრაინა რუსეთს კიდევ უფრო დაასუსტებს.

 

ყაზახეთიც კი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში რუსეთის ახლო და გრძელვადიანი მოკავშირე იყო, უარს უცხადებს მოსკოვს სანქციების გვერდის ავლის საკითხში და იგნორირებას კრემლის თხოვნას დონბასის რესპუბლიკების დამოუკიდებლად აღიარების თაობაზე. უფრო მეტიც - ყაზახეთმა ევროკავშირს, რომელსაც კრემლმა ენერგობლოკადა გამოუცხადა, თავისი გაზი შესთავაზა, თანაც რუსეთის ტერიტორიაზე ტრანზიტით კი არა, არამედ ახალი მარშრუტით - კასპიის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით.

 

იმ დროს, როცა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები - „კავკასიელები“ - დასავლეთისაკენ იყურებიან, ცენტრალური აზიის ქვეყნები - „შუააზიელები“ - ჩინეთისაკენ იხედებიან, ეკონომიკური მხარდაჭერისათვის და სულ უფრო ხშირად, უსაფრთხოებისათვის. საკმარისია ვთქვათ, რომ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინათ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის სისხლიანი შეტაკება მოხდა, არიან დაღუპულები, მოსკოვმა კი მათ დახმარებაზე უარი უთხრა.

 

ასეთი არასტაბილურობა რუსეთისათვის ძალიან სარისკოა: ვლადიმერ პუტინი ვერ აისრულებს მიზანს მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის გაკონტროლებაზე და მას მოუწევს ზოგიერთ ქვეყანაზე, რომლებსაც ადრე აკონტროლებდა, თავისი გავლენა შეასუსტოს. გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინს შეიძლება მისმა გარემოცვამ არასასურველი კითხვები დასვას - „ხომ არ დადგა ცხენების შეცვლის დრო?“. ალბათ, პრეზიდენტი არ ელოდა, რომ რუსეთის დამცირება მოხდებოდა.

 

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებას პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსი დიქტატორის გავლენა უნდა გაეძლიერებინა, მაგრამ სინამდვილეში ომით კრემლის ძლიერება დაირღვა“.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ