რუსული გაზეთი „იზვესტია“ (Известия) ბეჭდავს სტატიას სათაურით „ერთგულების ძიებაში: როგორ უნდა უზრუნველყოს რუსეთმა თავისი საზღვრების გარანტირებული უსაფრთხოება“ (ავტორი - ტიმოფეი ბორდაჩევი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი). მასალაში განხილულია რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების საკითხი, რუსეთ-უკრაინის ომისა და დასავლეთის სანქციების ფონზე.
როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, „დღეს, გლობალიზაციის სისტემის დარღვევის ჟამს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მდგომარეობა განსაკუთრებით არასტაბილური ხდება. რუსეთის მეზობლებმა დღემდე ვერ მოახერხეს გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული პრობლემებისაგან თავის დაღწევა. ისინი, განსაკუთრებით სამხრეთკავკასიური და შუააზიური ქვეყნები, ხაზს უსვამენ რა თავიანთ დამოუკიდებლობას, იმავდროულად მოსკოვს მაინც თავიანთი პრობლემების ძირითად არბიტრად თვლიან. მაგრამ რადგანაც ამჟამად რუსული დიპლომატის შესაძლებლობები შეზღუდულია - მთელი ყურადღება დასავლეთისკენ არის მიპყრობილი, ამიტომაც, ცალკეული ქვეყნები სარგებლობენ მომენტით და საკუთარ შიდა პრობლემებს მეზობლების ხარჯზე წყვეტენ“.
ავტორი ამ მხრივ ყურადღებას ამახვილებს სომხეთ-აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთ-ყირგიზეთს შორის მომხდარ ამასწინანდელ სამხედრო შეტაკებაზე, ყაზახეთის მცდელობაზე რუსეთის მიმართ მეგობრული პოლიტიკის შეცვლის მიზნით და სხვა მომენტებზე. პუბლიკაციაში განმარტებულია საქართველოს მიერ გატარებული პოლიტიკის სპეციფიკური ხასიათიც.
გთავაზობთ ამონარიდებს:
„სომხეთის ამჟამინდელი პრობლემების მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობა დაიღალა იმ პოლიტიკისგან, რომელიც ხელისუფლების მიერ 25 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. 2020 წლის შემოდგომის მოვლენებმა აჩვენა, რომ სომხეთი მზად არ აღმოჩნდა იარაღით ხელში დაეცვა თავისი ინტერესები - საზოგადოების, სახელმწიფო აპარატისა და შეიარაღებული ძალების დონეზე. შესაბამისად, ამ ყველაფრის შედეგი ის იყო, რომ სომხეთი აზერბაიჯანთან ომში დამარცხდა, მაგრამ ერევანს დასკვნები ჯერ კიდევ არ გაუკეთებია. განვლილი ორი წლის განმავლობაში სომხეთის ხელმძღვანელობამ თავისი არმია კი არ გააძლიერა, არამედ ცდილობდა, რომ სიტუაცია გარეშე ფაქტორების მეშვეობით გამოესწორებინა - რუსეთის, ევროპის ან აშშ-ის დახმარებით. თანაც დასამალი არავისთვის არ არის, რომ ევროკავშირი და ამერიკელები სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს განიხილავენ არა როგორც მისი ნამდვილი მოგვარების თვალსაზრისით, არამედ რუსეთისთვის სიტუაციის გაუარესების მიზნით. ეს გასაგებიცაა, რადგან სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი მთიანი ყარაბაღის მშვიდობაზე, თავისი მოკავშირეების დაცვაზე გარე აგრესიისაგან - „ოდკბ“-ის ხელშეკრულების ძალით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითონ მოკავშირეებმა არაფერი არ გააკეთონ საკუთარი თავის დასაცავად. აი, ამას წინათაც სომხეთმა დასახმარებლად ისევ „ოდკბ“-ს (ჩათვალე: რუსეთს) მიმართა, თვითონ ერევანს კი საყოველთაო მობილიზაციის მსგავსი რამ არც კი გამოუცხადებია.
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე გარეშე ფაქტორებიც მოქმედებენ - გამწვავების თვალსაზრისით. სწორედ ამას ემსახურებოდა ერევანში ნენსი პელოსის ვიზიტიც. ვაშინგტონისა და ბრიუსელის მკვეთრი განცხადებების ფონზე, სომხეთ-აზერბაიჯანის უშუალო მეზობლები - ირანი და თურქეთი, უბრალოდ, მშვიდობის მტრედებად გამოდიან. (...)
ირანს სომხეთი გარე სამყაროსთან კავშირებისთვის ჭირდება. ამიტომაც თეირანს არ უნდა, რომ სომხეთი არასტაბილური ქვეყანა გახდეს, მაგრამ ამერიკელი მაღალჩინოსნის სტუმრობა ერევანში არამარტო რუსეთის, არამედ ირანის წინააღმდეგაც იყო მიმართული, ვაშინგტონ-თეირანის ტრადიციული ნეგატიური ურთიერთობის გათვალისწინებით.
თურქეთსაც არ სურს კონფლიქტის გაფართოება და ცდილობს იმ ჩარჩოებში იმოქმედოს, რაც აზერბაიჯანისადმი მფარველობას ნიშნავს, [ამჟამად რაიმე მკვეთრი პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმის გარეშე]. ბაქოც, მართალია ხაზს უსვამს „მოძმე“ თურქეთის დახმარებას, მაგრამ ანკარის მადის გაღვიძებას უფრთხის. გასულ წლებში აზერბაიჯანი გარეგნულად სტაბილურად ვითარდებოდა, მაგრამ რესპუბლიკაში ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა სიღარიბისა და შემოსავლების უთანაბრობის საკითხში - ბრწყინვალე ფასადის მიღმა იმალება ჩამორჩენილი სოფლები, არქაული ეკონომიკა და [ასევე არქაული] სახელმწიფო ინსტიტუტები. ამიტომაც აზერბაიჯანის ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ მოსახლეობა მუდმივად მობილიზაციურ მზადყოფნაში ჰყავდეს, საბრძოლო სულისკვეთებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამხრეთ კავკასიის ორივე რესპუბლიკა შიდა განვითარების სერიოზულ გზაგასაყარზე დგანან და ეს ფაქტორი მათ კონფლიქტისაკენ უბიძგებს.
ამ ფონზე სომხეთ-აზერბაიჯანის მეზობელი საქართველო მართლაც სტაბილურობის კუნძულად მოჩანს. პირველ რიგში იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება უმკლავდება იმ ზეწოლას, რასაც მასზე დასავლეთი ახორციელებს რუსეთთან დამოკიდებულების საკითხში. საქართველოს გარკვეულწილად ბედმა გაუღიმა - მან ჯერ კიდევ 2008 წელს გადაიტანა საგარეო პოლიტიკური ავანტიურიზმის შედეგები. ეს გამოცდილება ძალიან მწარე აღმოჩნდა, მაგრამ იმავდროულად სასარგებლოც - თბილისი მშვენივრად აცნობიერებს იმ ფასს, რომელიც მან რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ აგრესიული დამოკიდებულებით შეიძლება გადაიხადოს. ილუზიას იმასთან დაკავშირებით, რომ კიევის დღევანდელი რეჟიმი შენარჩუნდება, თბილისში არ იზიარებენ. იმავდროულად, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ერთობ ანტირუსულად არიან განწყობილნი. მთლიანობაში ქვეყნის მთავრობას და პოლიტპარტიებს პატივი უნდა მივაგოთ: საზოგადოებაში სახიფათო განწყობები კონტროლდება.
პატარა მოლდოვა სახელმწიფოს ისეთი ტიპური მაგალითია, რომელმაც ვერ შეძლო ჩამოყალიბება, უფრო ზუსტად - ვერ შედგა სახელმწიფოდ, თავისივე პროვინციული და მმართველობის უუნარო ელიტის გამო. დღეს მოლდოვა ეკონომიკური და სახელმწიფო ინსტიტუტების კოლაფსის ზღურბლზე იმყოფება. რამდენ ხანს გასტანს მისი სახელმწიფოებრიობა, ამ ეტაპზე უცნობია: მოსახლეობის ღრმა აპათია და მმართველი ძალების სწრაფვა დასავლეთისაკენ - მათი საკუთარი მომავლის უზრუნველსაყოფად, ქვეყანას კარგ პერსპექტივას არ უქადის“.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge