დღე: 8

ღამე: -1

USD 2.6441

EUR 2.8913

"პატივცემულო, რა გინდა, რას ერჩი ამ სპორტს?" - დავით ხვადაგიანი თეა წულუკიანს 23.09.2022 12:30

კულტურისა და სპორტის მინისტრის სტუმრობას პარლამენტში და გამართულ დებატებს, სოციალურ ქსელში სპორტული ჟურნალისტი დავით ხვადაგიანი ეხმაურება. ჟურნალისტი ამბობს, რომ პარლამენტარებისაგან, განსაკუთრებით კი ოპოზიციონერი დეპუტატებისაგან გაცილებით მწვავე კითხვებსა და კონკრეტული პრობლემების წამოჭრას ელოდა.

 

„ოცნებისგან“ არც მოველოდი მწვავე კითხვებს წულუკიანის მისამართით, ოპოზიციას კი ჰქონდა შესაძლებლობა საფუძვლიანად ჩასძიებოდა, თუ რაშია საქმე, რატომ აქვს დაფინანსების პრობლემები ათეულობით სპორტულ ფედერაციას, თუმცა მაგათ ხომ სხვა დღის წესრიგი აქვთ?! თანაც გარეთ თუ დარბაზში მსხდომებს, ეტყობა ყურიც არ აქვთ მოკრული ზემოხსენებული პრობლემისთვის, ანაც „ტყემალზე სხედან და ბლის კურკებს ისვრიან“!

 

ალბათ ამის დამსახურება იყო, რომ ქალბატონმა მინისტრმა „გაილაღა“ და კიდევ უფრო „გააჭენა ცხენები“. ჯერ იტრაბახა ქართველი სპორტსმენების მიღწევებით (გეგონება მისი რაიმე დამსახურება იყოს), მერე კი აუდიტის შესვლა დააანონსა არაერთ ფედერაციაში. ანუ, ბევრს ხომ აქვს ამავე მიზეზით (და სხვა არაერთითაც) საქმიანობის დაფინანსება შეჩერებული, გამოდის რომ კიდევ ბევრს შეუწყვეტს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სახსრების მიწოდებას!“ - წერს ხვადაგიანი და თეა წულუკიანს კონკრეტული პრეტენზიით მიმართავს.

 

„პატივცემულო, რა გინდა, რას ერჩი ამ სპორტს? არ გესმის, არ იცი ეს საქმე, არც შენ და არც შენმა იურისტმა მოადგილეებმა (და ვინც მოლალე სამინისტროში) და იმის ძახილი, რომ თურმე კარგი მენეჯერი და ა.შ. ხარ და გყავს ასეთები ირგვლივ შემოკრებილი, იქამდე მიიყვანს სიტუაციას, რომ სატრაბახო მალე არაფერი გექნებათ და სამწუხაროდ არც ჩვენ გვექნება.


სპეციფიკის სხვაობა, იუსტიციის სამინისტროს, ციხის „ნაჩალნიკობასა“ და სპორტის სფეროს შორის იმხელაა, რომ თვალუწვდენელი. კარგი იურისტობა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კარგად ერკვევი სპორტში და მის საჭიროებებში. შეიძლება რაღაც დონეზე წლების მანძილზე გაერკვე, მაგრამ მანამდე სპორტის ბევრი სახეობა და სპორტსმენი დაღუპო და დააქციო!“- მიმართავს მინისტრს დავით ხვადაგიანი.

 

ცნობისათვის, გუშინ პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში კულტურისა და სპორტის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმინა. მოსმენის დასასრულს დებატები გაიმართა, სადაც მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებსა და პრეტენზიებს უპასუხა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები