პირველი ნაწილი
(დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30-ე წლისთავისათვის)
ავტორი: სიმონ კილაძე,
დიპლომატიის მკვლევარი
ინდოსტანისა და კავკასიის ხალხების ერთმანეთთან კავშირები მრავალი საუკუნის წინათ დაიწყო და რა თქმა უნდა, მათთან ერთად ვითარდებოდა ქართველებისა და ინდოელების კონტაქტების ისტორიაც - ხშირად შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც.
როგორც ცნობილია, ინდოეთმა, ანუ როგორც მეცნიერ-აღმოსავლეთმცოდნეები ამბობენ, „ინდურმა ფენომენმა“, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით, მისმა სულიერმა ცხოვრებამ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სიღრმის გარკვეული კვალი დატოვა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობებში და აქედან გამომდინარე, ქართული სულიერი და კულტურული ცხოვრების ისტორიაშიც. ყველა შემთხვევაში, ე.წ. ზღაპრული ინდოეტის კვალი აშკარაა ქართულ სულიერ კულტურაში, ლიტერატურულ თუ საისტორიო (ისტორიოგრაფიულ) წყაროებში.
ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე საქართველოს ტერიტორიაზე (მცხეთისა და ფაზისის, ანუ ფოთის მიმართულებით, ამუდარიიდან და კასპიის ზღვიდან) დიდი საქარავნო-სავაჭრო გზა გადიოდა, რომელიც ინდოეთს ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებთან აკავშირებდა. მართალია, შუა საუკუნეებში ეს გზა უკვე აქტიურად აღარ ფუნქციონირებდა, მაგრამ საქართველოსა და ინდოეთის კავშირები არ შეწყვეტილა. ფეოდალიზმის აყვავების ეპოქაში უკვდავი შოთა რუსთაველის მიერ შექმნილი „ვეფხისტყაოსნის“ გმირები ხომ ინდოეთის ამირბარი და მეფის ასული არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პერიოდში ქართველებმა ბევრი რამ იცოდნენ აზიის შორეული ქვეყნის შესახებ.
მომდევნო საუკუნეებში, განსაკუთრებით მე-17 ასწლეულიდან უშუალოდ ქართველებიც საკმაოდ ხშირად ყოფილან ინდოეთში. გავიხსენოთ გიორგი სააკაძე, რომელიც ბედის უკუღმართობის გამო ირანის შაჰის აბას პირველის კარზე მსახურობდა და მისი ჯარების სარდალი იყო 1622 წელს ინდოელებთან გამართულ ბრძოლებში. 1738-39 წლებში ირანის შაჰ-ნადირს ინდოეთთან ომში თან ახლდა ქართველი მეფისწული ერეკლე, ქართლ-კახეთის მომავალი მეფე (ერეკლე მეორე, „პატარა კახად“ წოდებული).
სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, რომ ინდოეთის მმართველების - დიდ მოგოლთა დინასტიის მესამე იმპერატორის აკბარის შვილიშვილს შაჰ-ჯაჰანს (1627-1658 წ.წ.) ოთხი შვილი ჰყოლია, ხოლო მათგან ერთ-ერთს - დარუს ცოლად ქართველი ქალი შეურთავს, რომელიც მონათვაჭართან უნახავს და ძალიან მოსწონებია. ქრისტიანი ქართველი ქალი მუდამ ჯვარს ატარებდა და შემდეგ თურმე მეუღლე - იმპერატორი შაჰ-დარუც გაუქრისტიანებია...
ინდოეთთანაა გარკვეულწილად დაკავშირებული ქართლის სამეფოს დედოფლის ქეთევანის მოწამეობრივი ცხოვრება და აღსასრული. როგორც ცნობილია, ქრისტიანული რწმენის ერთგული ქეთევანი სპარსეთის შაჰის ბრძანებით სასტიკად აწამეს, შემდეგ კი დაწვეს. მოგვიანებით მისი ნეშტის ნაწილი საქართველოში ჩამოასვენეს და ალავერდის ტაძარში დაკრძალეს, ნაწილი კი შაჰის კარზე მყოფ ევროპელ წმინდა მამებს ინდოეთში, ქალაქ გოაში ჩაუტანიათ და გრასას მონასტერში დაუსვენებიათ...
საქართველოსა და ინდოეთს შორის სავაჭრო კავშირები მე-18 საუკუნის განმავლობაშიც გრძელდებოდა. ცნობილია ქართველი სოვდაგრების - გრიგოლ ხურციძისა და სტეფანე ზუბალაშვილის სახელებიც, რომლებიც სომხებთან ერთად ინდოეთში სავაჭროდ დადიოდნენ. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ქალაქ ბენარესში დაკრძალულია კოჯრელი ვაჭარი თამაზ ხუდუაშვილი. იდოეთიდან საქართველოში ჩამოჰქონდათ ქაღალდი, მედიკამენტები, იარაღი, თოფისწამალი, ფინიკის ნაყოფი, განთქმული ინდური სანელებლები, ალმასები, ქაშმირული ქსოვილები... საქართველოდან კი ინდოეთში მიჰქონდათ მატყლი, თაფლის ფიჭა, საპონი და სხვა საქონელი.
რაფიელ დანიბეგაშვილის მოგზაურობა ინდოეთში
მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში საქართველო-ინდოეთის ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესი ღვაწლი მიუძღვის ცნობილ ქართველ მოგზაურს რაფიელ დანიბეგაშვილს, რომლის ვინაობას და თავგადასავალს მკითხველს ცოტა უფრო ვრცლად გავაცნობ.
რაფიელ დანიბეგაშვილის შესახებ ბიოგრაფიული მონაცემები საკმაოდ მცირეა. მისი გვარის წარმომადგენელებს, თბილისში ჩამოსული იტალიელი მისიონერების მეშვეობით, მე-17 საუკუნიდან უკვე კათოლიკობა ჰქონდათ მიღებული. დანიბეგაშვილების რამდენიმე თაობა ინდოეთთან ვაჭრობით იყვნენ დაკავებულნი. მათი თავადური გვარი გიორგი მე-12-ის მიერ ბოძებულ სიგელებშიც მოიხსენიება, ჰქონდათ აგრეთვე მამული ახლანდელ ლურჯ მონასტერთან, ვერეზე.
რაფიელ დანიბეგაშვილმა, როგორც ვაჭარმა და დიპლომატმა, ინდოეთში მოგზაურობა 1795 წლიდან დაიწყო. პირველი მოგზაურობა განახორციელა 1795-96 წლებში, მეორე - 1797-98 წ.წ.; მესამე - 1799-1813 წ.წ.; მეოთხე - 1815-20 წ.წ. და მეხუთე - 1822-1827 წლებში. პირველი ორი მოგზაურობის დროს დანიბეგაშვილი მეფე ერეკლე მეორის ბრძანებას ასრულებდა, მათ შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. არსებობს აზრი, რომ მან ქალაქ მადრასში მცხოვრებ სომეხ მდიდარ ვაჭარს შაჰამირიანს ქართლ-კახეთის მეფის წერილი და სიგელი ჩაუტანა.
რ.დანიბეგაშვილის მესამე მოგზაურობა თითქმის 14 წელს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში მან გემით მოიარა ბომბეი, კოლომბო (ცეილონზე, ახლანდელი შრი-ლანკა), მადრასი, რანგუნი (ბირმა), კალკადა (კალკუტა), დელი, სრინაგარი (ინდოეთის ქაშმირის მხარე), ლაჰორი (ახლანდელი პაკისტანი) და ავღანეთ-შუა აზიის გავლით რუსეთში ჩავიდა, შემდეგ კი თბილისში დაბრუნდა. 1815 წელს მოსკოვში გამოიცა მისი წიგნი სათაურით „მოგზაურობა ინდოეთში ქართველი ვაჭრისა რაფიელ დანიბეგოვისა“, რომლის სატიტულო გვერდზე წარწერაა - „თარგმნილი ქართულიდან“. ამ წიგნში რაფიელ დანიბეგაშვილი თავის 14-წლიან თავგადასავალს აღწერს, რომელიც მკითხველისათვის ძალიან საინტერესოდაა მოთხრობილი შორეულ ინდოსტანში მისი ყოფნის ამბები.
აი, ასეთი საინტერესო წიგნი დაუტოვა დაუტოვა შთამომავლობას ქართველმა მოგზაურმა რაფიელ დანიბეგაშვილმა.
ინდოეთიდან საქართველოში:
სტუმრები და მასპინძლები
ა) რაბინდრანათ თაგორიდან მაჰათმა განდიმდე...
მოგვიანებით, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების განვითარების კვალობაზე, საქართველოს მოსახლეობამ თანდათანობით ბევრი რამ გაიგო ინდოეთის შესახებ, გაიცნო ამ ქვეყნის კულტურა, ხელოვნება, ლიტერატურა, მათ შორის ინდოელი მწერლისა და პოეტის რაბინდრანათ თაგორის ნაწარმოებებიც.. ქართველებისათვის, უკვე საბჭოთა პერიოდში, ცნობილი გახდა აგრეთვე ინდოეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგისა და ხელმძღვანელის მოჰანდას კარამჩანდ განდის (მაჰათმა განდის) შესახებაც, რომლის მშვიდობიანმა ანტიკოლონიურმა ბრძოლამ ინდოეთი 1947 წელს დამოუკიდებლობამდე მიიყვანა.
გასული საუკუნის 40-იანი წლების პირველ ნახევარში ინდოეთში ყველაზე მრავალრიცხოვან და აქტიურ პარტიას „ინდოეთის ეროვნული კონგრესი“ წარმოადგენდა, რომლის ხელმძღვანელი ჯავარჰარლალ ნერუ იყო. მას კემბრიჯის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და 1912 წლიდან ადვოკატად მუშაობდა, შემდეგ კი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში აქტიურად ჩაერთო.
1947 წლის 15 აგვისტოს ჯავარჰარლალ ნერუ დამოუკიდებელი ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა. მისი საგარეო პოლიტიკური კურსი საბჭოთა კავშირთან მეგობრულ ურთიერთობების საფუძველზე იყო დამყარებული, შესაბამისად, ინდოეთისადმი გაწეული პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის შედეგად ნერუ ი.ბ.სტალინის მიმართ დიდი პატივისცემით განიმსჭვალა. როგორც ჩანს, ამ ფაქტორმა საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინდოეთ-საქართველოს კავშირებშიც.
ბ) ინდირა განდი - პირველად საქართველოში, 1953 წელს
50-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირ-ინდოეთის კულტურული ურთიერთობის განვითარების შედეგად, მოსკოვში ჩასული ინდოეთის კულტურის დელეგაციის წევრები, ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო, საქართველოშიც აუცილებლად ჩამოდიოდნენ.
1953 წლის ზაფხულში საქართველოს პირველად ეწვია ინდირა განდი - ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარლალ ნერუს ქალიშვილი, რომელიც იმ ხანებში მოსკოვში იმყოფებოდა არაოფიციალური ვიზიტით და შემდეგ თბილისშიც ჩამოვიდა (აქვე შევნიშნავთ, რომ ინდირამ 1942 წელს, თავისი მეუღლის, ცნობილი ინდოელი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის ფეროზ განდის გვარი მიიღო).
სხვათა შორის, ბევრი თვლის, რომ თბილისში ინდირა განდის პირველი ჩამოსვლის თარიღი 1955 წლის ივნისია, რაც არასწორია. ამას ადასტურებს არამარტო საბჭოური (რუსული) წყაროები, არამედ 1953 წელს გადაღებული ქართული დოკუმენტური ფილმიც „სტუმრად საქართველოში“. მასში ასახულია თბილისის აეროპორტში შეხვედრა, დელეგაციის შემადგენლობა, ინდირა განდის საუბრები საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებთან, დედაქალაქის ღირსშესანიშნაობების გაცნობა, მოსწავლეებთან შეხვედრა „პიონერთა სასახლეში“ და ა.შ.
გ) რაჯ კაპური - პირველად საქართველოში, 1954 წელს
1954 წლის სექტემბერში თბილისში იმყოფებოდნენ ინდოელი მუსიკოსები და მოცეკვავეები, მათ მონაწილეობა მიიღეს ინდური კულტურის ფესტივალის საზეიმო გახსნაში, რომელიც კინოთეატრ „რუსთაველში“ გაიმართა. იქვე ჩატარდა ინდური მუსიკისა და ცეკვის კონცერტიც, რომელსაც, სხვებთან ერთად, რესპუბლიკის ხელმძღვანელები დაესწრნენ. საპატიო ინდოელმა სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის შემოგარენი, მოინახულეს გორში სტალინის სახლ-მუზეუმიც.
იმავე წლის ოქტომბერში თბილისს ეწვია ინდოეთის კინემატოგრაფიის მოღვაწეთა დიდი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ცნობილი რეჟისორი და მსახიობი რაჯ კაპური, ნარგისი, ნირუპა როი, ჩეტან ანანდი და სხვები (ალბათ, ინდური ფილმების მოყვარულები კარგად იცნობენ რაჯ-კაპურისა და ნარგისის მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს „ბატონი 420“ და „ავარა“, რომლებიც სწორედ იმ ხანებში გაიცნო ქართველმა მაყურებელმა თბილისში ჩატარებული ინდური კინოფესტივალის მეშვეობით).
კინომცოდნესა და ინდოლოგის დავით ბეჟიტაშვილის მოგონებებიდან:
„ინდოელ კოლეგებს აკაკი ხორავამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მერე ავიდნენ ფუნიკულიორზე, ესტუმრნენ კინოსტუდიას, რუსთაველის თეატრს, კახეთშიც იყვნენ რთველზე. იმ პერიოდში ფილმს "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" იღებდნენ - ინდოელი მსახიობები გადაღებას დაესწრნენ და ლეილა აბაშიძესაც შეხვდნენ. ქართველი მსახიობებისთვის რაჯ კაპურთან შეხვედრა დიდი მოვლენა იქნებოდა, რადგან ეს ის პერიოდია, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმები "ავარა" და "ბატონი 420". მთელი თბილისი მღეროდა ამ ფილმების სიმღერებს... არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ არსებობს ლეგენდა რაჯ კაპურის თბილისურ ვოიაჟზე - თითქოს მანქანიანად აიტაცეს ხელში.
1954 წლის ვიზიტი იმდენად მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ყველა ოფიციალური პირი იყო ჩართული რაჯ კაპურის მასპინძლობაში. მაშინ ძალიან მოინდომეს ჩვენებმა, რომ საქართველოში მოგზაურობა მას კარგად დამახსოვრებოდა“.
დ) ჯავაჰარლალ ნერუ და ინდირა განდი საქართველოში, 1955 წელი
1955 წლის ივნისში საბჭოთა კავშირს ინდოეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია ეწვია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ მეთაურობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყო მისი ქალიშვილი ინდირა განდიც.
ინდოეთის დელეგაცია, მოსკოვში გამართული ოფიციალური მოლაპარაკების შემდეგ ჯერ ყირიმში (უკრაინა), შემდეგ კი, 13 ივნისს, საქართველოში ჩამოვიდა. ეს იყო დაუვიწყარი და შთაბეჭდილებებით აღსავსე მომენტი. თბილისის აეროდრომზე ინდოელებს საქართველოს ხელმძღვანელები დახვდნენ, მათ შორის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჯავახიშვილი, კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე და სხვები.
თბილისის აეროდრომი მორთულია ინდოეთის რესპუბლიკის, სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო დროშებით. წითელ ქსოვილებზე ჰინდურ, რუსულ და ქართულ ენებზე წარწერილია სიტყვები: „სალამი პრემიერ-მინისტრ ნერუს! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! გაუმარჯოს მშვიდობისმოყვარე ინდოელ ხალხს! გაუმარჯოს ინდოელი და ქართველი ხალხების მეგობრობას!“. დამსწრენი ხანგრძლივი ტაშით მიესალმებიან ჯავაჰარლალ ნერუს. მთელ გზაში აეროდრომიდან ქალაქში ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ათასობით ქართველი გულთბილად ხვდება“, - წერდა ქართული პრესა.
საერთოდ, იმდროინდელ ქართულ გაზეთებში ვრცლადაა აღწერილი ჯავაჰარლალ ნერუსა და მისი ქალიშვილის - ინდირა განდის, აგრეთვე დელეგაციის სხვა წევრების ყოფნა საქართველოს რიგ ქალაქებში, მოსახლეობასთან შეხვედრა და სხვა ფაქტები. მაგალითად, რუსთავში ჩასვლა და მეტალურგიული ქარხნის გაცნობა, გორში ყოფნა, დიღმის მევენახეობის მეურნეობის დათვალირება, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეტრის სპექტაკლზე დასწრება და სხვა.
თბილისიდან ინდოეთის დელეგაცია სამშობლოში 14 ივნისს გაემგზავრა. აეროდრომზე, ინდოეთში გაფრენის წინ ჯავაჰარლალ ნერუმ და მისმა ქალიშვილმა ინდირა განდიმ განაცხადეს, რომ საქართველოში მათი ყოფნა დაუვიწყარი იქნება და აუცილებლად კიდევ ეწვევიან.
ე) კონსპიროლოგიური ისტორია:
ვის და რატომ სურდა თბილისში ჯავაჰარლალ ნერუს მოკვლა?
აღსანიშნავია, რომ ჯავაჰარლალ ნერუსა და მისი ქალიშვილის ვიზიტიდან საკმაოდ მოგვიანებით, უკვე ჩვენს ეპოქაში, ქართულ პრესაში (თბილისელები“, №39, 2019 წ.) გამოქვეყნდა კონსპიროლოგიური ხასიათის სტატია, რომლის მიხედვით, 1955 წელს საქართველოში ვიზიტის დროს პაკისტანელები ჯავაჰალლალ ნერუს მკვლელობას გეგმავდნენ.
პუბლიკაციის მიხედვით, ინდოელი მაღალი დონის სტუმრების საქართველოში ჩამოსვლამდე საბჭოთა უშიშროების სახელმწიფო კომიტეტმა შეიტყო, რომ თბილისში ჯავაჰარლალ ნერუზე თავდასხმა იგეგმებოდა, მაგრამ კონკრეტულად როდის და სად, გაურკვეველი იყო, ამ მიზნით მოსკოვიდან „კაგებეს“ ემისარი თბილისში ჩამოვიდა და ყველაფერი ალექსი ინაურს პირისპირ შეატყობინა. შემუშავდა ანტიტერორისტული ოპერაციის გეგმა სავარაუდო თავდამსხმელის დასაკავებლად.
1955 წლის 13 ივნისს, თბილისის აეროპორტში ჩამოფრენის შემდეგ, ინდოელი სტუმრები „კაბრიოლეტში“ (თავღია მანქანაში) ჩასხდნენ, მათთან ერთად ვასილ მჟავანაძეც. კორტეჟს აეროპორტიდან რუსთაველის გამზირამდე უნდა ემოძრავა. მთავრობის სასახლესთან პატარა ტრიბუნა იყო გამზადებული და ჯავაჰარლალ ნერუ სიტყვით უნდა გამოსულიყო. სწორედ იქ, ქაშუეთის ეკლესიასთან, დააკავეს ერთ-ერთი საეჭვო პიროვნება, ვინმე ვიტალი ბორისოვსკი, რომელსაც თავდასხმა უნდა განეხორციელებინა, უხმო ცეცხლმსროლელი იარაღის გამოყენებით.
„ორი დღის შემდეგ თავისსავე კაბინეტში დააპატიმრეს „კაგებეს“ პოდპოლკოვნიკი ჯამბულ ქელეხსაშვილი. როგორც აღმოჩნდა, ის უწევდა კოორდინაციას ამ ოპერაციას და ინფორმაციებს აწვდიდა პაკისტანში დისლოცირებულ სეპარატისტული ორგანიზაციის წევრებს. ჯამბულ ქლეხსაშვილი სეპარატისტებმა ეგვიპტეში მუშაობის დროს გადაიბირეს“, ნათქვამია სტატიაში.
თუ ამ „შეთქმულების თეორიის“ მიხედვით გამოქვეყნებულ პუბლიკაციას დავუჯერებთ, საბჭოთა კავშირი და საქართველო დიდ უბედურებას ასცდენია - გამოდის რომ თბილისში უცხო სახელმწიფოს მეთაურს ჯერ კიდევ 1955 წელს დაუპირეს მოკვლა...
ქართულ-ინდური კავშირები 1960-1990 წლებში
ა) ინდოელ მეტალურგებთან მეგობრობა და...
ინდური ფილმების სიყვარული
გასული საუკუნის 50-იან წლებში ქართულ-ინდური ურთიერთობები საკმაოდ წარმატებით ვითარდებოდა. მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ რუსთაველი მეტალურგების მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა ინდოეთის ქალაქ ბჰილაის მეტალურგიულ ქარხანასთან, ქართული კულტურის მუშაკების დელეგაციის ვიზიტი დელში, ინდური კულტურის დღეების ჩატარება თბილისში და სხვა მრავალი ღონისძიება.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში, 50-იანი წლებიდან დაწყებული, ინდური ფილმები ჩვენება დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ეს ტენდენცია გაგრძელდა 60-70-იან წლებშიც: უფროს თაობას კარგად ემახსოვრება ფილმები „სიყვარული სიმლეში“, „სიყვარული ქაშმირში“, „ერთგულება“, „სანგამი“, „რამი და შიამი“, „ზიტა და გიტა“... ამ სტრიქონების ავტორი მოწმე იყო იმ ფურორისა, რომელსაც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების კინოთეატრებში რაჯ კაპურის ფილმები ახდენდა (ამის მაგალითად მარტო „ბობიც“ საკმარისია). მოგვიანებით, 1980-იანი წლების დასაწყისში, საქართველოში უნიკალური წარმატება ხვდა კიდევ ერთ ინდურ ფილმს „დისკოს მოცეკვავეს“...
ბ) ინდირა განდი - მესამედ საქართველოში, 1976 წელს:
რას იხსენებდა ედუარდ შევარდნაძე
როგორც უკვე ვთქვით, ინდირა განდი საქართველოს მეორედ ორი ათეული წლის შემდეგ ესტუმრა. დიდ ინდოელ ქალბატონს, ალბათ, კარგად ახსოვდა საქართველოში გატარებული დღეები - 1955 წელს თბილისიდან წასვლისას, მამამისთან ერთად, ხომ თქვა, საქართველოს არ დავივიწყებო - ჰოდა, ოცნება აისრულა: 21 წლის შემდეგ 1976 წლის 14 ივნისს მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა. აეროპორტში მას დახვდნენ რესპუბლიკის იმდროინდელი ხელმძღვანელები - ედუარდ შევარდნაძე, პვლე გილაშვილი, ზურაბ პატარიძე და სხვები.
ვიზიტის პირველ დღეს ინდირა განდი ეწვია ფილარმონიის საკონცერტო დარბაზს, სადაც საბავშვო ანსამბლ „ცისარტყელას“ მონაწილეებს შეხვდა...
მეორე დღეს, ოფიციალური მოლაპარაკების შემდეგ, დიდებული ინდოელი სტუმარი მასპინძლებმა მთაწმინდის რესტორანში წაიყვანეს.
ედუარდ შევარდნაძე, იმ დროისთვის საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, იხსენებს:
„მთაწმინდის პარკში, საიდანაც მთელი თბილისი ხელისგულივით ჩანს, ძვირფას სტუმრებს ნამდვილი ქართული ნადიმი მოვუწყეთ, გულღიად ვსაუბრობდით, ვმხიარულობდით, ვმღეროდით... გვიანობამდე ერთად ვიყავით. საერთოდ, ინდოელები სპირტიან სასმელებს იშვიათად თუ სვამენ, მაგრამ ქართველებთან სუფრაზე გასინჯეს და ნასიამოვნები დარჩნენ - თავაზიანობისა და დიპლომატიურობის გამო კი არა, არამედ ნამდვილად. ინდოეთის დელეგაცია ჩვენთან სამი დღე დარჩა, ერთი დღე თვითონ დაამატეს - გვთხოვეს, კიდევ დავრჩებითო და ძალიან გაგვეხარდა. შემდეგ ინდირა განდი პირადად მე გავაცილე აეროპორტში.
1982 წელს ინდირა განდი კიდევ ერთხელ ვნახე, ნიუ-დელში ვიზიტის დროს, ინდოელი კომუნისტების ყრილობაზე. კაცმა რომ თქვას, ინდოეთში კომუნისტები მაინცდამაინც დიდი სიყვარულით არ სარგებლობდნენ, მაგრამ რას ვიზამთ... მაშინ ასეთი დრო იყო, სამაგიეროდ, ჩვენ, ქართველებს გვიყვარდა ყველა ინდოელი.... ის-ის იყო საქართველოში ვბრუნდებოდი, რომ საელჩოდან შემატყობინეს - თქვენი ნახვა ქალბატონ პრემიერ-მინისტრს სურსო. შეხვედრა გაფრენის დღეს, დილის 10 საათზე დავთქვით. როცა მე უკვე ინდირა განდის რეზიდენციისაკენ წასასვლელად ვემზადებოდი, საელჩოდან ისევ დამირეკეს - ინდირა განდიმ ბოდიშის მოხდით გთხოვათ, იქნებ ცოტა გვიან შევხვდეთო. რას ვიზამდი? სხვა გზა არ იყო, უნდა მომეცადა. გადის ერთი საათი... ორი... სამი... არაფერი ისმის. ცოტა გავნერვიულდი კიდეც, უნდა გავფრინდე, წინ გადაუდებელი საქმეები მელოდება. ბოლოს გაისმა სანატრელი ზარი.
როგორც გავარკვიე, იმ დილით პრემიერის ოჯახში შინაურული დავა მომხდარა - პრემიერ-მინისტრის რძალი, ინდირას უმცროსი ვაჟის (რომელიც ავიაკატასტროფაში დაიღუპა) ცოლი, სახლიდან სკანდალით წასულა და ამ ფაქტმა დედამთილი ძალიან გაანერვიულა...
მოკლედ, ინდირა თავისი პატარა, მაგრამ ლამაზი რეზიდენციის წინ შემეგება, მას ძალზე ლამაზი სარი ეცვა, მშვენივრად გამოიყურებოდა (არ შეიმჩნია, რომ რაღაცით ნაწყენი იყო). თავისუფლად ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, გავიხსენეთ თბილისური ამბები... რამდენჯერმე ვცადე აუდიენციის დასრულება, მაგრამ მასპინძელი არას გზით არ მიშვებდა - რა გეჩქარება, საქართველო მაინც ჩახვალ, მე კი მომენატრეთო. კითხვებს მისვამდა, მიყვებოდა, ხუმრობდა..
დაშორების წინ სიტყვა მომცა, რომ თბილისს ისევ ეწვეოდა... რაოდენ დიდი იყო ჩემი მწუხარება, როცა 1984 წელს შევიტყვე, რომ ინდირა განდი თავისმა პირადმა მცველებმა მოკლეს...“.
1970-იან წლების მეორე ნახევარში საქართველო-ინდოეთის კავშირების ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - თბილისს 1978 წლის ივნისში ეწვია ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ათალ ბიჰარი ვაჯპაი (რომელიც მოგვიანებით, 1990-იან წლებში ინდოეთის პრემიერ-მინისტრიც გახდა).
გ) ქართველი მსახიობები ინდურ ფილმებში
1970-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო საბჭოთა კავშირ - ინდოეთის ერთობლივი ფილმების გადაღება. 1979 წელს შეიქმნა ცნობილი ფილმი „ალი-ბაბა და 40 ყაჩაღი", რომელშიც ქართველი მსახიობი სოფიკო ჭიაურელი ერთ-ერთი მთავარი გმირის როლს ასრულებს, ხოლო 1989 წელს გადაიღეს ფილმი „შავი უფლისწული აჯუბა" - რიში კაპურის, ზურაბ ქაფიანიძის, დავით დარჩიაშვილისა და არიადნა შენგელაიას მონაწილეობით.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ინდოეთ-საქართველოს ურთიერთობებში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ვიზიტს ინდოეთში, რომელიც 1982 წლის აგვისტოში განხორციელდა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო ინდოეთის საპატრიარქოს (კოპტური ეკლესიის) ავტოკეფალიის სამოცდაათი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, ქართველი მღვდელმთავრები იყვნენ ქალაქებში კოჩინოსში, კოტაიამში, კერალაში, დაათვალიერეს იქ არსებული წმინდა ადგილები, შეხვდნენ რელიგიურ და საერო ხელისუფლების წარმომადგენლებს.
1985-87 წლებში საქართველოში რამდენჯერმე იყვნენ ჩამოსულნი მოსკოვში აკრედიტებული ინდოეთის ელჩები, რომლებიც რესპუბლიკის მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და კულტურის მიღწევებს ეცნობოდნენ.
(გაგრძელება იქნება)
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge