თურქეთის ინგლისურენოვან გაზეთ „ჰურიეთ დეილი ნიუსში“ (Hurriyet Daily News) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე რუსები თურქეთში სულ უფრო მეტ ბინას ყიდულობენ“ (ავტორი - გულისტან ალგიოზი).
„რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც რეზერვისტთა მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ თურქეთში ჩადიან, სულ უფრო მეტ საცხოვრებელ ბინებს ყიდულობენ“, - ნათქვამია სტატიაში.
საერთოდ, რუსები მნიშვნელოვან თანხებს აბანდებდნენ თურქულ უძრავ ქონებაში ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, უკრაინის ომის დაწყებიდან, მაგრამ ბოლო კვირაში საცხოვრებელ ფართობზე მოთხოვნილება მკვეთრად გაიზარდა, 40%-ით. როგორც ექსპერტები ამბობენ, რუსები ჯერ თურქეთში ჩამოდიან, სასტუმროებში ცხოვრობენ ან კერძო ბინას ქირაობენ, შემდეგ კი, მოგვიანებით, ბინების ყიდვას გეგმავენ. პროგნოზები ისეთია, რომ სავარაუდოდ, ბინების ყიდვის ტენდენცია გაგრძელდება და მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება.
„და მაინც, ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით, უფრო დროებით მიგრაციას ჰგავს, ვიდრე მუდმივი ცხოვრების ადგილის არჩევას. რუსები ძირითადად უპირატესობას საკურორტო მიმართულებას აძლევენ ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვებისაკენ, ანტალიის პროვინციაში“, - ამბობს ხაკან ბუჯაკი, კომპანია Mars Investment-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე.
მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებმა თურქეთში 45 ათასი სახლი შეისყიდეს, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 45%-ით მეტია. რუსებს ამ მხრივ პირველი ადგილი უკავიათ - მათ 8 თვის განმავლობაში 8100 სახლი შეისყიდეს.
გასულ წლებში საცხოვრებელი სახლების ძირითადი შემსყიდველები ირანელები და ერაყელები იყვნენ, რუსებს კი მესამე ადგილი ეკავათ. სიტუაციამ ცვლილება დაიწყო აპრილში, როცა რუსების მიერ ბინების შესყიდვამ 190%-ით მოიმატა. მას შემდეგ ისინი ამ მხრივ პირველობას არავის უთმობენ.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge