დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

განკითხვის დღე ახლოვდება? - უკრაინის ომის ფონზე საათის ისრებმა კატაკლიზმამდე 10 წამით გადაიწია - რას წერს რუსული პრესა 25.01.2023 14:38

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს (BBC news) რუსული სამსახური აქვეყნებს სტატიას სათაურით „უპრეცედენტო საფრთხის დრო“: განკითხვის დღე ახლოვდება? უკრაინის ომის ფონზე საათის ისრებმა კატაკლიზმამდე 10 წამით გადაიწია“.

 

მეცნიერთა თქმით, „განკითხვის დღის“ საათმა ათი წამით წინ გადაიწია და ახლა ისარი აჩვენებს, რომ შუაღამემდე მხოლოდ 90 წამია დარჩენილი, ანუ იმ მომენტამდე, როცა უპრეცედენტო სახიფათო მოვლენა შეიძლება მოხდეს. 

 

საათზე შუაღამის ჩვენება არის იმის სიმბოლო, თუ რა ბირთვული კატასტროფა შეიძლება დაემუქროს კაცობრიობას და, როგორც ფიზიკოსები ამბობენ, რაც უფრო ახლოა ისარი 12-თან, მით უფრო ახლოვდება კატაკლიზმიც. გუშინ ისრის გადაწევა სახიფათო დროისკენ - ღამის 12 საათისაკენ, ვაშინგტონში პირდაპირი ეთერით იქნა ტრანსლირებული.

 

ეს საათი გაჩნდა 1947 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც პირველი ატომური ბომბი შეიქმნა. მისი ისრების მდგომარეობა პერიოდულად ქვეყნდება ჩიკაგოს უნივერსიტეტის ჟურნალის „ბირთვული ფიზიკის მეცნიერების ბიულეტენის“ ყდაზე.

 

საით უნდა იქნეს გადაწეული ისრები, ამ საკითხს ჟურნალის დირექტორთა საბჭო და მიწვეული ექსპერტები წყვეტენ, რომელთა შორის ათზე მეტი ნობელის პრემიის ლაურეატები არიან.

 

საათის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ისრების მდებარეობა სულ რაღაც 25-ჯერ იქნა შეცვლილი. ამჟამინდელი გადაწევა 90 წამით შუაღამისაკენ - კატასტროფამდე ყველაზე მეტ სიახლოვეს ნიშნავს. მეცნიერთა თქმით, ეს ძირითადად დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავებასთან.

 

ჩვენ უპრეცედენტო საფრთხის პირობებში ვცხოვრობთ საათიც ამას აღნიშნავს. 90 წამი შუაღამემდე - კატაკლიზმამდე ყველაზე ახლო დროს წარმოადგენს, რომელსაც საათი დღემდე აჩვენებდა. ამ ფაქტს ჩვენი ექსპერტები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან“, - განმარტავს რეიჩელ ბრონსონი, ჟურნალის რედაქციის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი.

 

უკანასკნელად საათის ისრები გადაადგილდა 2020 წელს, 100 წამით შუაღამემდე.

 

ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში საერთაშორისო სიტუაცია სერიოზულად გაართულა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ რუსეთი, ცუდად შენიღბული მუქარები ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე მთელ მსოფლიოს აფრთხილებს, რომ კონფლიქტის ესკალაცია - შემთხვევით მოხდება ეს თუ წინასწარგანზრახულად - საშინელი რისკს წარმოადგენს, კატასტროფის მომტანს“.

 

ექსპერტები მიუთითებენ, რომ რუსეთის არმიის შეჭრით ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურები ფაქტობრივად საომარი მოქმედებების ზონაში აღმოჩნდნენ, რაც საერთაშორისო ოქმების დარღვევას ნიშნავს. დიდი რისკია იმისა, რომ მოხდება რადიოაქტიური მასალების მასშტაბური გამოფრქვევა-გავრცელება. „არსებობს კონფლიქტის კონტროლიდან გამოსვლის დიდი ალბათობა“, - აღნიშნავენ მეცნიერები.

 

ცივი ომის დროს 1953 წელს ისრები შუაღამემდე 2 წუთს აჩვენებდნენ. შემდეგ ყველაზე სახიფათო სიტუაცია იყო 1962 წელს ე.წ. კარიბის ზღვის კრიზისის დროს, თუმცა სიტუაცია საკმაოდ მალე განიმუხტა და საათმა დაფიქსირება ვერ მოასწრო.

 

მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ბირთვული იარაღის შესახებ რუსეთსა და აშშ-ს შორის დღეს მხოლოდ ერთი, უკანასკნელი დოკუმენტი მოქმედებს - „ხელშეკრულება ბირთვული შეიარაღების შემცირების შესახებ (СНВ-3), რომელსაც, სხვების მსგავსად, დენონსაცია ემუქრება.

 

„თუ მხარეები მოლაპარაკებას არ განაახლებენ და იარაღის შემცირების საფუძველზე ვერ შეთანხმდებიან - ამ დოკუმენტის მოქმედების ვადა 2026 წელს შეწყდება - მაშინ მათ შორის ურთიერთნდობის დონე დაქვეითდება, გაიზრდება ბირთვული დარტყმების განხორციელების რისკი“, - ნათქვამია ექსპერტების განცხადებაში.

 

უკრაინის ომის გარდა, მეცნიერები თვლიან, რომ კაცობრიობისათვის საფრთხეს წარმოადგენს ჩინეთის ბირთვული პოტენციალის ზრდა, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ქობინის მატარებელი შორი მოქმედების რაკეტების გამოცდა, ირანის ბირთვული გეგმების განხორციელება და ინდოეთის მიერ ბირთვული არსენალის გაფართოება.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ