დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

მოსახლეობის კონტროლი თუ საცობის მოხსნა - რატომ გახდა საჭირო რუსეთის სახლემეთო საზღვრებზე ახალი ცვლილებების შემოტანა 25.01.2023 16:06

„რუსეთის ფედერაციაში საავტომობილო გზებისა და საგზაო საქმიანობის შესახებ“კანონში ცვლილებებს სახელმწიფო სათათბირო ამზადებს. აღნიშნულს Telegram-არხებზე რუსეთის მოსახლეობის პანიკა მოჰყვა. ისინი ფიქრობენ,  რომ ახალი კანონი, რომელიც ქვეყნის საზღვრის საავტომობილო გზით გადასაკვეთად თარიღისა და დროის წინასწარ დაჯავშნას ითვალისწინებს, რეალურად რუსეთში მოახლოებულ მობილიზაციის ახალ ტალღას უკავშირდება.

 

კანონის ინიციატორის, სახელმწიფო სათათბიროს ტრანსპორტის კომიტეტის ხელმძღვანელის, ევგენი მოსკვიჩოვის თქმით, კი ცვლილებების მიზანი მხოლოდ საზღვარზე საცობების მოხსნაა.

 

როგორც ის აღნიშნავს, საზღვრის ავტომობილით გადაკვეთისას თარიღისა და დროის დაჯავშნის ვალდებულება მხოლოდ კომერციულ სატვირთო გადაზიდვებს შეეხება.

 

„ჩვენ მოვხსნით საცობებს, რომლებიც 10-15 კმ სიგრძისაა,“ - აცხადებს მოსკვიჩოვი.

 

ინიციატივა როგორც რუსი, ასევე, უცხოელი გადამზიდავების კუთვნილ ტრანსპორტს შეეხება და რუსეთის მოქალაქეებზე, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე გავრცელდება. საზღვრის გავლის პროცედურას მთავრობა დაადგენს.

 

რატომ გახდა საჭირო აღნიშნული ცვლილების მიღება? ამ საკითხზე უფრო დეტალურად „ჯორჯიან თაიმსს“ ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა:

 

- ეს პროცესი არ მხოლოდ ლარსს, არამედ ყველა გამშვებ პუნქტს ეხება. პრაქტიკულად რუსეთის ტერიტორიიდან გამსვლელებმა წინასწარ უნდა შეატყობინონ, თუ საიდან გადიან. აქ იგულისხმება სახმელეთო  საზღვრები და ეს ცვლილება ყაზახეთის საზღვარსაც შეეხება. დიდი რიგების მიზეზში ნამდვილად არის ლოგიკა, მაგრამ, მაინც მგონია, რომ ეს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას უკავშირდება. სახმელეთო გადაადგილების მოთხოვნის შემთხვევაში გადაამოწმებენ, ეკუთვნის თუ არა ადამიანს სამხედრო გაწვევა და შესაბამისად, ქვეყნიდან ან გაუშვებენ, ან - არა. ვფიქრობ, რომ ეს ცვლილება მოსახლეობის გადაადგილების კონტროლს ექვემდებარება. ამით, ადამიანების უფრო მეტი კონტროლი მოხდება. ჩემი აზრით, ეს მიმართულია პირველ რიგში მორიგ, შესაძლო და ალბათ, გარდაუვალ მობილიზაციაზე და შემდეგ უკვე კომფორტზე. მშვენიერი რომაული გამონათქვამი გვაქვს - „დაყავი და იბატონე“. თანამედროვე ინტერპრეტაციით კი შეიძლება ასე გავიგოთ - „მიეცი კომფორტი და იბატონე“ ან, „მოაწესრიგე რიგი და იბატონე“.

 

- რამდენად დაემორჩილება რუსეთის მოსახლეობა ამ ცვლილებას? ხომ არ შეიძლება რომ მასობრივი გამოსვლები დაიწყოს?

 

- რუსი მოსახლეობა ყოველთვის ცნობილია მორჩილებით. კანონმორჩილებით კი არა, - ხელისუფლების მორჩილებით. მათი პროტესტი წასვლაა და არა დარჩენა და წინააღმდეგობის გაწევა. მათ აქვთ პროტესტის ფორმები, მაგრამ აქ წინააღმდეგობის გაწევა არ შედის. როგორც კი ძალას იყენებს რუსეთის რეჟიმი, ისინი ამ ძალას ემორჩილებიან, ან კიდევ უფრო უარესი - გარბიან.

 

როგორ შეიძლება მივიღოთ სერგეი ლავროვის „მადლობა“ და სერგეი გავრილოვის განცხადება ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით? რა თამაშს თამაშობს რუსეთი?

 

ლავროვის განცხადება სერიოზულია, ხოლო გავრილოვის -  სასაცილო.  ვფიქრობ, ლავროვის მადლობა სამარცხვინო, ცინიკური და დამამცირებელია. ამით რა უნდა ლავროვსა და რუსეთს? ლავროვი რუსეთის პოლიტიკის გამჟღერებელია და მას უნდა საქართველო მაქსიმალურად კუთხეში მოაქციოს და შანსი არ დაუტოვოს, რომ პრორუსული იყოს.  ლავრომა ეს განცხადება დავოსის შეხვედრის დროს გააკეთა და მსოფლიოს უთხრა, საქართველო მანდ რომ არის, თქვენი კი არა, - ჩემია. ლავროვს შეეძლო ეს განცხადება ნებისმიერ დროს გაეკეთებინა, ერთი კვირით ადრე, ან ერთი თვის შემდეგ, მაგრამ მაინცდამაინც მაშინ თქვა.  თითქოს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, მადლობა გადაუხადა საქართველოს, იმისთვის, რომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ამ განცხადებით, საქართველო კიდევ უფრო გააშიშვლა და აჩვენა, რომ არარაობაა.

 

მეორე მომენტი კი ის არის, რომ ლავროვმა წრე შეკრა და დაადასტურა, რომ საქართველო გვერდს უვლის სანქციებს.  ანუ საქართველო ახორციელებს რუსეთის მხარდაჭერას სანქციების გვერდის ავლით. ორი შეტყობინება შეგვიძლია წავიკითხოთ: დამცირება და დადასტურება.


გავრილოვმა კი უბრალოდ მომენტი დაიჭირა და თქვა, რომ მეც ვარსებობო. მას ფრენების აღდგენასთან დაკავშირებული განცხადება, თავის შესახსენებლად და გამოსაჩენად სჭირდებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში კი უფრო მნიშვნელოვანი ლავროვის განცხადებაა.

 

გუშინ  გავრცელდა ინფორმაცია - სოჭის პორტმა გააკეთა განცხადება, რომ ისინი მოლაპარაკებას აწარმოებენ ქართულ მხარესთან, რათა სოხუმი - ბათუმის მიმართულებით სატვირთო გემების მოძრაობა იყოს. ჩვენმა მხარემ უარყო, მაგრამ  სოჭის პორტის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს. რაღაც ხდება, ლავროვის განცხადება კი მთლად „სადღეგრძელოზე პასუხი“ და მადლობა არ არის.

 

ისიც შეიძლება ვთქვათ, რომ რასაც რუსეთი და ლავროვი ამბობს, ის თითქოს ბუნებრივია. რუსეთი აგრესორია და მას  ასეთი რიტორიკა სჭირდება. ლავრომა რაც თქვა, ეს ბუნებრივია დღევანდელი რუსეთის სახელმწიფოს მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენი სახელმწიფოს პასუხები კი არაბუნებრივია.


 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ