დღე: 11

ღამე: 4

USD 2.7374

EUR 2.9058

რა გარდატეხას მოახდენს Leopard-ის ტანკები უკრაინაში და რატომ გააღიზიანა რუსეთი ამ ტიპის ტანკების გამოჩენამ 27.01.2023 18:16

 

ომის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ, გერმანიის ხელისუფლებამ უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინა გერმანული წარმოების ტანკებს უახლოეს პერიოდში მიიღებს. ბერლინის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ინტენსიური კონსულტაციები მოკავშირეებთან, განსაკუთრებით კი-აშშ-თან.

 

გერმანული მედია Süddeutsche Zeitung-ი იუწყებოდა, რომ უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით, რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე, აშშ-ის თავდაცვის მდივანსა და გერმანიის კანცლერის მრჩეველს შორის ცხარე დებატები გაიმართა. გამოცემის ცნობით, ვაშინგტონში უკრაინისთვის ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით გერმანიის პირობებით აღშფოთება გამოხატეს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ გასულ კვირას გერმანიამ მიანიშნა, უკრაიანაში „ლეოპარდის“ ტანკებს  არ გაგზავნიდა, თუ აშშ ასევე უკრაინისთვის  „აბრამსის“ ტანკების გაგზავნას არ დათანხმდებოდა.  საბოლოო შეთანხმებით  კი, ევროპის 12 ქვეყანა უკრაინას 100 ერთეულ Leopard-2 ტიპის ტანკებს მიაწვდის, ხოლო აშშ-მ მზაობა გამოთქვა, უკრაინაში ამერიკული წარმოების „აბრამსის“ ტიპის 31 ტანკი გააგზავნოს.


იმის მიუხედავად, რომ მოკავშირეები უკრაინას ომის დაწყების დღიდან მნიშვენლოვანი რაოდენობის სამხედრო ტექნიკით ეხმარებიან, „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას რუსეთის სახელისუფლებო გუნდში განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია. ვენაში სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებზე, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე გავრილოვმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის "ლეოპარდის" გადაცემას განიხილავენ, როგორც ბინძური ბირთვული ბომბების გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ. გავრილოვის თქმით, „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკი აღჭურვილია ქვეკალიბრული ურანის ბირთვიანი ჯავშანსატანკო ჭურვებით, რომლის გამოყენება იწვევს ტერიტორიის დაბინძურებას, როგორც, მისივე თქმით, ეს მოხდა იუგოსლავიასა და ერაყში.  ამასთან, უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტანკების გადაცემას კონფლიქტში ნატო-სა და აშშ-ის პირდაპირ მონაწილეობად განიხილავს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.


რით გამოირჩევა „ლეოპარდის“ ტანკები სხვა საბრძოლო ტექნიკისგან, რა საბრძოლო ეფექტურობა აქვს მას და შეძლებს თუ არა გარდატეხის შეტანას ომის მსვლელობაში? ამ კითხვებით "ჯორჯიან თაიმსმა"  შეიარაღების სპეციალისტს, გიგა ინაშვილს მიმართა.


-მოსკოვში უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტანკების გადაცემას  ბინძური ბირთვული ბომბების გამოყენებად აღიქვამენ და კონფლიქტში აშშ-სა და ნატოს პირდაპირ მნაწილეობად განიხილავენ. რეალურად, რას წარმოადგენს ამ ტიპის ტანკები და რის საფუძველზე კეთდება განცხადებები მოსკოვში, თითქოს უკრაინაში ამ ტიპის ტანკების გამოყენება ომში ნატო-ს ქვეყნების უშუალო მონაწილეობას ნიშნავს?


რუსეთის მხრიდან განცხადებები, რომელთა თანახმადაც „ლეოპარდების“ და „აბრამსების“ ტიპის ტანკების გადაცემა ბინძური ბომბების შექმნასთანაა დაკავშირებული. ჩვეულებირივი სპეკულაციაა. სპეკულაცია ემყარება იმას, რომ ამ და არამარტო ამ ტანკებს შეუძლიათ 120 მმ კალიბრის M829 ტიპის ჯავშანგამტანი ქვეკალიბრული ჭურვების სროლა, რომლის გულარიც გაღარიბებული ურანისგანაა დამზადებული. რა თქმა უნდა, ეს საბრძოლო მასალა ბირთვულ იარაღს არ განეკუთვნება და მით უმეტეს, მათი უკრაინისთვის გადაცემა არც დაანონსებულა. ეს 120 მმ სატანკო ჭურვების მხოლოდ ერთ-ერთი სახეობაა. ჩვეულებრივ სტანდარტული ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი ჭურვები ფოლადის და ვოლფრამისგან მზადდება. ზოგადად გაღარიბებული ურანის ქვეკალიბრული ჭურვები შეიარაღებაში რუსეთსაც აქვს. მართალია ასეთი ჭურვების გამოყენებისას გარემო ბინძურდება, თუმცა სურვილის შემთხვევაში ბინძური ბომბის შესაქმნელად უკრაინას საჭირო ბირთვული მასალები ისედაც საკმარისზე მეტი გააჩნია, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას ატომური რეაქტორების მფლობელი ყოფილი ბირთვული სახელმწიფოა.


თავის მხრივ, რაც შეეხება ამ ტანკების გადაცემას, ეს სახმელეთო კომპონენტში ჯავშანტექნიკის მიმართულებით დაახლოებით ისეთი დახმარებაა, როგორიც არტილერიაში HIMARS-ების გადაცემა იყო. თვისობრივად ამ დონის ჯავშანტექნიკა აქამდე უკრაინას არ მიუღია, შესაბამისად პოლიტიკური მნიშვნელობაც დიდია.


- რა ადგილს დაიკავებს „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და რამდენად ძლიერი ძალაა რუსული ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ? ასევე, საინტერესოა, მოხდება თუ არა ამ ტანკების შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენება უკრაინაში?


- ზოგადად უნდა ვიცოდეთ, რომ ტანკი ბრძოლის ველზე ტაქტიკური დონის ელემენტია, შესაბამისად, ზედმეტი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. ტანკის მაღალი ტექნიკური შესაძლებლობები ბრძოლის ველზე გავლენას მხოლოდ ტაქტიკურ დონეზე ახდენს. ტაქტიკური დონის წარმატება კი, საერთო ჯამში, ოპერატიულ და სტრატეგიულ წარმატებაზე აისახება.


„ლეოპარდ-2“- ის თანამედროვე მოდიფიკაციები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ მიიჩნევა. განსაკუთრებით კი Leopard-2A6 და A7 მოდიფიკაციები. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში „ლეოპარდებით“ სავარაუდოდ მექანიზებული ბრიგადების სატანკო ბატალიონები დაკომპლექტდება, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებთან (БМП-2, M2 Bradley, Marder, CV-90) ერთად ძლიერი გამრღვევი პოტენციალის მქონე ძალა იქნება. ზოგადად, ნებისმიერი ტიპის ტანკები თავდაცვით და განსაკუთრებით შეტევით ოპერაციებში დღემდე შეუცვლელი საბრძოლო ერთეულია.  ის მოსაზრებები, რომ თითქოსდა ტანკებმა თავისი როლი დაკარგეს, ძირითადად, ამ სფეროში არაკომპეტენტური ხალისგან ისმის. 


დღეისათვის რუსეთი უკრაინაში იყენებს T-62, T-72, T-80 და T-90 ტიპის ტანკების სხვადასხვა მოდიფიკაციებს. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია Т-72Б3, Т-80БВМ და Т-90М Прорыв ტიპის მოდერნიზებული ტანკები, რომლებიც ბრძოლის ველზე ეფექტურობით დაახლოებით Leopard-2A4, A5 და A6 მოდიფიკაციებს უტოლდებიან.  ზოგადად, თანაბარ პირობებში იმარჯვებს ის ტანკი, რომელსაც უფრო გამოცდილი ეკიპაჟი ჰყავს, მოწინააღმდეგეს პირველი აღმოაჩენს და პირველი ესვრის დამიზნებით. ამ კუთხით კი უპირატესობა დასავლური ტანკების მხარესაა. მაგალითისთვის, Leopard-2A6-ს გააჩნია ბევრად მაღალტექნოლოგიური ცეცხლის მართვის სისტემა, ბალისტიკური გამომთვლელი, ქვემეხის სტაბილიზატორი, მეთაურის პანორამული სამიზნე, თერმული და ღამის ხედვის კამერები. ასევე,  ამ ტიპის ტანკებს შეუძლიათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯავშანსაწინააღმდეგო ქვეკალიბრული ჭურვების - DM-53-სა და DM-63-ის გამოყენებაც, რაც რუსული ტანკების ბორტის და ხშირ შემთხვევაში, შუბლა ჯავშნის გარღვევის საშუალებასაც აძლევს. ცალკე უნდა აღინიშნოს Leopard 2A4PL ტიპის ტანკები, რომელსაც პოლონეთი უკრაინას გადასცემს. ეს ტანკები A4 მოდიფიკაციის ღრმა მოდერნიზაციაა და ბრძოლის ველზე შესაძლებლობებით რუსულ ყველაზე თანამედროვე - Т-90М Прорыв ტიპის ტანკსაც აღემატება.


ხოლო, მოხდება თუ არა „ლეოპარდების“ ტექნიკური შესაძლებლობების ბოლომდე გამოწურვა, ამას მათი ეკიპაჟების მხრიდან  გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა, საწყისი მომზადების შემდეგ გამოცდილება ბრძოლის მსვლელობის დროს მოვა.


- ამასთან, რა საბრძოლო ეფექტურობა ექნება უკრაინაში სხვადასხვა მიმართულებაზე ამერიკული წარმოების „აბრამსის“ ტანკებს, რომლებსაც აშშ გააგზავნის?


- ჩემი შეფასებით, „აბრამსი“ ტექნოლოგიურად და საბრძოლო შესაძლებლობებით მსოფლიოში საუკეთესო ტანკია. თუმცა უფრო პრეტენზიულია იგივე „ლეოპარდებთან“ შედარებით. „აბრამსის“ მაღალი საბრძოლო ეფექტურობის მიღწევას გამართული ლოჯისტიკური უზრუნველყოფა ესაჭიროება.  არსებული ინფორმაციით, უკრაინას გადაეცემა ერთი ბატალიონი, 31 ერთეული M1A2SEP v.3 მოდიფიკაციის ტანკი. ეს „აბრამსის“ ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი, 2015 წლის მოდიფიკაციაა, რომელსაც მკვეთრად აქვს გაუმჯობესებული შეჯავშნა, ცეცხლის მართვის და სამიზნის აღმოჩენის სისტემები. ტანკს შეუძლია ახალი ХМ1147 AMP ტიპის პროგრამირებადი მრავალფუნქციური ჭურვების სროლაც. ბრძოლის ველზე ერთი ასეთი სატანკო ბატალიონი ეფექტურობით მთელს რუსულ სატანკო ბრიგადას უტოლდება.


- ვინაიდან, „ლეოპარდის“ და „აბრამსის“ ტიპის ტანკები თავისი საბრძოლო ეფექტურობით გამოირჩევიან, იქნება თუ არა ტანკების გასაგზავნი რაოდენობა საკმარისი ამ მასშტაბის ომში გარდატეხის შესატანად?


ხშირად ეშლებათ და ამ ომში გარდამტეხ ფუნქციას რომელიმე ტიპის შეიარაღების სისტემას აკისრებენ. ამ მასშტაბის ომში, ცალკე აღებული, ტანკი ან რომელიმე სხვა სახის ტაქტიკური ან ოპერატიული დონის საბრძოლო სისტემა გარდამტეხი ვერ იქნება. მასშტაბურ საერთო-საჯარისო ოპერაციებში ყველა ელემენტს თავისი როლი აკისრია და ყველა ელემენტი შეუცვლელი და აუცილებელია. ამ მასშტაბებზე გარდატეხის შემტანი ოპერატიულ დონეებზე კონკრეტული ბრიგადების და დაჯგუფებების საერთო საბრძოლო პოტენციალია, რომლის ამაღლებაში ან დაქვეითებაში ტანკებსაც აქვთ საკუთარი როლი, ისევე როგორც არტილერიას, საჰაერო თავდაცვას, მსუბუქი ჯავშანტექნიკის პარკს  და ასე შემდეგ. დასავლური ტანკების რაოდენობა საერთო ჯამში რამდენიმე ასეულამდე გაიზრდება, ამ დროისთვის დაანონსებული 180 ერთეულამდე „ლეოპარდი“, „აბრამსი“ და ბრიტანული „ჩელენჯერი“ კი მეტ-ნაკლებად საკმარისი მხოლოდ ერთი ოპერატიული მიმართულებითაა.


გავრცელდა ინფორმაცია, გერმანია „ლეოპარდ-2"-ის ტანკების მიწოდებას უკრაინისთვის 2024 წელს შეძლებს. ასევე ლაპარაკია, რომ 12 ქვეყანა გააგზავნის “ლეოპარდებს“, რომლებსაც სამხედრო არსენალში აქვთ ამ ტიპის ტანკები. საინტერესოა, როდის და რა რაოდენობის „ლეოპარდების“ გაგზავნას შეძლლებს თითოეული ქვყანა?


ტანკების მიწოდება მოხდება ეტაპობრივად, ძირითადად ეს მოხდება გერმანიიდან და მიწოდება 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება, რაც საერთო რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ამ ეტაპზე არსებული იფორმაცია შემდეგია:


გერმანია - 14 ერთეული Leopard 2A6
პოლონეთი - 14 ერთეული
Leopard 2A4PL
ესპანეთი - 53 ერთეული
Leopard 2A4
ნორვეგია -
8 ერთეული Leopard 2A4NO
პორტუგალია - 4 ერთეული Leopard 2A6PO
ფინეთი - 14
ერთეული Leopard 2A4/6
ნიდერლანდები - 18 ერთეული Leopard 2A6
დანია - 6 ერთეული Leopard 2A5/7
დიდი ბრიტანეთი - 14 ერთეული Challenger 2
აშშ - 31 ერთეული
M1A2SEPv3


საერთო ჯამში, ამ ტანკებით უკრაინას 4-5 სატანკო ბატალიონის ფორმირება შეეძლება, ეს კი ძალიან სერიოზული ძალაა როგორც თავდაცვით, ისე შეტევითი ოპერაციების წარმოებისთვის.

 

თათია შაიშმელაშვილი

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ